ნატალია ჯვარიძე
14.04.2026

აშშ-მ ჰორმუზის სრუტის განბლოკვა დაიწყო, თუმცა უცნობია, ეს ყველაფერი როგორ დასრულდება, რადგან ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ირანის საზღვაო პოტენციალი მაღალია. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის პორტების ბლოკადას განახორციელებს. ამერიკის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ბლოკადა გავრცელდება ყველა ქვეყნის გემებზე, რომლებიც ირანის პორტებში შედიან ან გამოდიან - როგორც ირანში, ასევე სპარსეთისა და ომანის ყურეებში. ირანი ამერიკას აფრთხილებს და ამბობს, რომ ისინი მზად არიან და საჭიროების შემთხვევაში მკაცრი რეაგირება ექნებათ.

ცენტრალურმა სარდლობამ გემები გააფრთხილა, რომ ბლოკადა დროშის მიუხედავად ყველა ხომალდზე გავრცელდება. „ნებისმიერი გემი, რომელიც ნებართვის გარეშე ბლოკადის ზონაში შევა ან გამოვა, ბლოკირებასას, გადამისამართებას ან დაკავებას ექვემდებარება", - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

მანამდე, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ ბლოკადა ყველა ქვეყნის გემზე გავრცელდება, „რომლებიც შედიან ირანის პორტებსა და სანაპირო ზონებში, კერძოდ, სპარსეთისა და ომანის ყურეში მდებარე ირანის პორტებში ან იქიდან გამოდიან".

  • გაფრთხილება: "თუ ამ გემებიდან რომელიმე ჩვენს ბლოკადას მიუახლოვდება, ისინი დაუყოვნებლივ განადგურდებიან იმავე სისტემის გამოყენებით, რომელსაც ზღვაში ნავებზე ნარკოდილერების წინააღმდეგ ვიყენებთ"

ასევე, ცენტრალური სარდლობის ცნობით, „CENTCOM-ის ძალები არ შეაფერხებენ იმ გემების თავისუფალ ნავიგაციას, რომლებიც ჰორმუზის სრუტეს გადიან არაირანული პორტების მიმართულებით ან მათი დატოვების მიზნით".

დონალდ ტრამპი ირანულ გემებს ემუქრება:

„ირანის საზღვაო ძალები ზღვის ფსკერზეა, სრულიად განადგურებულია 158 გემი. ის, რასაც არ დავარტყით მათი მცირერიცხოვანი, ე.წ. „სწრაფი შეტევის გემებია", რადგან ისინი დიდ საფრთხედ არ მივიჩნიეთ. გაფრთხილება: თუ ამ გემებიდან რომელიმე ჩვენს ბლოკადას მიუახლოვდება, ისინი დაუყოვნებლივ განადგურდებიან იმავე სისტემის გამოყენებით, რომელსაც ზღვაში ნავებზე ნარკოდილერების წინააღმდეგ ვიყენებთ. ეს სწრაფი და სასტიკი პროცესია. P.S. აშშ-ში ოკეანის ან ზღვით შემოსული ნარკოტიკების 98.2% შეჩერებულია!" - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის გადაწყვეტილებას ირანის პორტების საზღვაო ბლოკადასთან დაკავშირებით.

"პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა მათთვის საზღვაო ბლოკადის დაწესება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მტკიცე პოზიციას", - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

მისივე თქმით, კვირას, ირანთან მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ესაუბრა, რომელმაც განუცხადა, რომ „ცენტრალური საკითხია ყველა გამდიდრებული [ბირთვული] მასალის ამოღება და იმის უზრუნველყოფა, რომ აღარ მოხდეს გამდიდრება".

ნეთანიაჰუს მტკიცებით, ვენსმა მას პაკისტანიდან უკან დაბრუნებისას თვითმფრინავიდან დაურეკა და ირანთან მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ტრამპის ინიციატივას კი დიდი ბრიტანეთი მხარს არ უჭერს. პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, საზღვაო ბლოკადაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ჩვენ ბლოკადას მხარს არ ვუჭერთ. ჩემი გადაწყვეტილება თავიდანვე ნათელი იყო, რომ მიუხედავად გარკვეული ზეწოლისა, ჩვენ ამ ომში არ ჩავერთვებით", - განაცხადა სტარმერმა.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცნობით, მიმდინარე კვირაში საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის მიზნით თავდაცვითი საზღვაო მისიის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ.

„ეს თავდაცვითი მისია, რომელიც ომში ჩართული მხარეებისგან ცალკე იქნება, დაიწყება მაშინ, როგორც კი ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს", - აღნიშნა მაკრონმა.

ირანული მხარის თქმით, მზადაა „ნებისმიერი სცენარისთვის" და ამერიკას აფრთხილებს, რომ ნებისმიერ ნაბიჯზე „გადამწყვეტი და მკაცრი" რეაგირება ექნებათ. ირანის ოფიციალურმა პირები ასევე დაემუქრნენ, რომ მათი სამხედრო ძალები მზადყოფნაში არიან და ამერიკულ სამხედრო გემებს დაუმიზნებენ.

სტრატეგიულმა ექსპერტმა, ბრიგადის გენერალმა ჰასან ჯუნიმ განაცხადა, რომ ირანს გააჩნია ფრთოსანი და ნურის ტიპის საზღვაო სარაკეტო სისტემა 200 კილომეტრამდე მოქმედების რადიუსით, რომელსაც შეუძლია არაბეთის ზღვაში ამერიკული საზღვაო გემების ირანის ტერიტორიის სიღრმეებიდან დამიზნება. როგორც მან აღნიშნა, ეს გემები აღჭურვილია მოწინავე თავდაცვითი სისტემებით და სანაპიროდან მათი დაშორება ჩაჭრისთვის მეტ დროს იძლევა.

მან დასძინა, რომ ირანის სამხედრო გავლენა სრუტეში პიკს აღწევს და არა არაბეთის ზღვაში, რადგან სტრატეგიულ კუნძულებზე ყოფნა საშუალებას იძლევა ეფექტურად აკონტროლონ საზღვაო მოძრაობა ყველაზე ვიწრო სასაზღვრო პუნქტებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×