თამთა ჩაჩანიძე
14.04.2026

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური „ტისას" გამარჯვება თბილისში კვლავ აქტიური განხილვის საგანია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პიტერ მადიარმა განაცხადა, რომ „მოუთმენლად ელის" საქართველოსთან თანამშრომლობას და მისი ხელისუფლება არ ჩაერევა არცერთი სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში.

„განცხადება, რაც მან გააკეთა, მე მგონი, უფრო ზრდილობის ჟესტი იყო, ვიდრე რაღაც სერიოზული გაზრახვის გამოვლენა. ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს პერიოდში მისი დამოკიდებულება გამოჩნდება, რადგან ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და როგორი იქნება მადიარისა და მისი მთავრობის დამოკიდებულება, ეს ინდიკატორი იქნება იმისა, თუ რა პოლიტიკის გატარებას აპირებს ის საქართველოს მიმართ", - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან".

მისი თქმით, პიტერ მადიარის გამარჯვებას რამდენიმე ფაქტორი გამო ელოდა - ერთ-ერთი გადამწყვეტი ის იყო, რომ მან ხალხს ხელისუფლების ალტერნატივა შესთავაზა, რაც ბევრისთვის მისაღები აღმოჩნდა.

„მის გამარჯვებას ველოდი, რადგან აქ როლი რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა - ერთია,16-წლიანი ხელისუფლების მობეზრების ფაქტორი (სხვათა შორის, ეს მოყირჭების ფენომენი საკმაოდ გავრცელებულია სხვადასხვა ქვეყნებშიც). როგორი კარგიც არ უნდა იყოს ხელისუფლება, ამომრჩევლებში ყოველთვის ჩნდება ალტერნატივის მოთხოვნა და, როგორც ჩანს, პიტერ მადიარმა მოახერხა ის, რომ საკუთარი თავი და პროგრამა ალტერნატივად შესთავაზა, რომელიც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მისაღები აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, იმდენი ამომრჩევლისთვის, რაც საკმარისი იყო, რომ ასეთი სერიოზული წარმატება მოეპოვებინა - საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღეს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ ორბანის მმართველობა როგორ გარეგნულადაც მყარად არ გამოიყურებოდა, ბოლო წლებში ფაქტიურად თიხის ფეხებზე შემდგარი კოლოსი იყო.

  • „მადიარმა მოახერხა, რომ საკუთარი თავი და პროგრამა ალტერნატივად შესთავაზა, რომელიც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მისაღები აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, იმდენი ამომრჩევლისთვის, რაც საკმარისი იყო, რომ მას ასეთი სერიოზული წარმატება მოეპოვებინა"

„მადიარის გამარჯვებაში წვლილი შეიტანა არა მხოლოდ მისმა საარჩევნი სტრატეგიამ და ტაქტიკამ, არამედ გარკვეულწილად გარე დახმარებამაც. მაგალითად, ის, რომ არჩევნების წინა დღეებში, ძალიან მნიშვნელოვანმა და სენსიტიურმა ინფორმაციამ გაჟონა ორბანისა და მისი გარემოცვის რუსეთთან ახლო კავშირებზე - ამან ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა მთავრობის პოზიციებს. ვისაც უახლესი ისტორია ახსოვს, მათ უნგრელების უარყოფითი დამოკიდებულება ძალიან კარგად იციან, ჯერ კიდევ საბჭითა კავშირისა და შემდეგ რუსების მიმართ. ვგულისხმობ, 1956 წელს ბუდაპეშტში მოწყობილ სასაკლაოს, როდესაც იქ საბჭოთა ჯარები შევიდნენ.

„ამ ყოველივემ ერთობლიობაში თავისი როლი ითამაშა. გარდა ამისა, ორბანის მმართველობის ბოლო პერიოდში უნგრეთის ეკონომიკაში სერიოზული პრობლემები იყო, იმ გაყინულ 17 მილიარდ ევროს ვგულისხმობ, რომლის დაბრუნებისთვისაც მადიარი ახლა იბრძვის. ეს თანხა ქვეყნის მშპ-ს დაახლოებით 10%-ს შეადგენს, რაც სოლიდური და მნიშვნელოვანია.

„მადიარის უხვად გაცემული პირობები, რომ უკრაინისთვის 90 მილიარდ სესხზე ვეტოს მოხსნის, ასევე ანტირუსული სანქციების მეოცე პაკეტს მხარს დაუჭერს და ა.შ. ეს ყველაფერი იმისთვის იყო განკუთვნილი, ამომრჩევლებში იმის განცდა შეექმნა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, უნგრეთში სერიოზული ევროპული დახმარება წამოვიდოდა, გარკვეულწილად ამანაც იმუშავა."

კითხვაზე, მადიარი რეალურად მოხსნის თუ არა ვეტოს უკრაინის დახმარებაზე, ანჯაფარიძემ გვითხრა:

„ყოველ შეთხვევაში, მან ასეთი პირობა დადო. ის ამ ვეტოს მოხსნის, მაგრამ გამარჯვების მერე მის პირველივე გამოსვლაში ცალსახად განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების წინააღმდეგია. საერთოდ სკპტიკურადაა განწყობილი უკრაინის შესვლაზე ამ გაერთიანებაში და ასევე ისიც, რომ უკრაინის ომში ჩართვას არ აპირებს, ვგულისხმობ იარაღის გაგზავნას და ა.შ. თუმცა, არის მეორე მოსაზრებაც, რომ მას შეუძლია ეს შემოვლითი გზებით გააკეთოს, ანუ უნგრეთის კერძო კომპანიებს უფლება მისცეს იარაღი გაუგზავნონ, რომ პირდაპირ სახელმწიფო არ აღმოჩნდეს ჩართული.

„ახლა მადიარი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ როგორმე ევროკავშირის კეთილგანწყობა მოიპოვოს, რადგან ის დახმარება, რაც მან ბლოკისგან მიიღო, თუნდაც იმ ფაილების გასაჯაროებით და ა.შ. მან ვალი უნდა გადაიხადოს."

ანჯაფარიძის შეფასებით, უნგრეთის ახალი მთავრობისა და საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობა შეიძლევა ისეთი არ იყოს, როგორიც ორბანის მმართველობისას, თუმცა დროა საჭირო უფრო ნათლად გამოიკვეთოს მადიარის ხელისუფლების პოზიციები.

„რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობა ალბათ ისეთი არ იქნება, როგორიც ვიქტორ ორბანის დროს იყო, თუმცა გააჩნია, როგორ აეწყობა მას ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან - იქ გეოპოლიტიკური საათები უნდა შეადარონ, ვინ სადაა და რა პოზიციაზეა, შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ მანაც საქართველოს მიმართ დაახლოებით შუალედური პოზიცია დაიკავოს და ძალიან ანტიქართულ გადაწყვეტილებებს მხარი არ დაუჭიროს, რასაც ევროკავშირი იღებს.

  • „ეს ურთიერთობა ალბათ ისეთი არ იქნება, როგორიც ვიქტორ ორბანის დროს იყო, თუმცა გააჩნია, როგორ აეწყობა მას ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან"

„თუმცა, მოდით, მოვიცადოთ, ჯერჯერობით ის განცხადება, რაც მან გააკეთა, მე მგონი, უფრო ზრდილობის ჟესტი იყო, ვიდრე რაღაც სერიოზული გაზრახვის გამოვლენა. ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს პერიოდში მისი დამოკიდებულება გამოჩნდება, რადგან ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და როგორი იქნება მადიარისა და მისი მთავრობის დამოკიდებულება, ეს ინდიკატორი იქნება იმისა, თუ რა პოლიტიკის გატარებას აპირებს ის საქართველოს მიმართ.

„რაც შეეხება იმას, რა ჟივილ-ხივილი ატეხა ოპოზიციამ მადიარის გამარჯვებასთან დაკავშირებით, ეს ზუსტად იმ სიტუაციას მაგონებს, რა აჟიოტაჟიც ატეხეს მათ ჯერ ვენესუელის და მერე ირანის ამბების შემდეგ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მათი ძირითადი იმედები, მაინც გარე მხარდაჭერას უკავშირდება და რატომღაც ვერ ხვდებიან, რომ ასეთი პოზიციების არტიკულირებით, ისინი საქართველოში უფრო მეტ ამომრჩეველს დაკარგავენ",- განაცხადა ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×