ნატალია ჯვარიძე
14.04.2026

პრემიერ ირაკლი კობახიძის ფასების შემსწვლელი კომისია ბიზნესმენებთან შეხვედრას აგრძელებს, თუმცა ოპოზიცია მისი მუშაობით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ ამის მიუხედავად ფასები დღითიდღე იზრდება. კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერიკაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ აქტიურად სწავლობენ ბიზნეს-სექტორებს და ყველას მოუწოდებს, დასკვნებს წინასწარ ნუ აკეთებენ.

„გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყურადღება სურსათის ფასების ზრდაზე გაამახვილა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც პრემიერმა ფასების შემცირების პირობა დადო, მარტის მონაცემებით, პურპროდუქტების ფასი 9.6%-ით, ბოსტნეულის 4.9%-ით, ხორცეულის 9.6%-ით, რძის ნაწარმისა და კვერცხის 4.5%-ით, თევზეულის კი 21%-ით გაიზარდა.

  • ტატა ხვედელიანი: „უკაცრავად და ვისთვის ზრდით ამ ეკონომიკას, თქვენივე სააღდგომო სუფრებისთვის? ხალხს აინტერესებს, სად არის გაზრდილი ეკონომიკის შედეგები? სად ხედავს სარგებელს საქართველოს მოქალაქე გაზრდილი ეკონომიკით?"

„ფასების შემსწავლელ ტრაგიკომედიურ კომისიაზე თქვენმა ერთ-ერთმა წევრმა, კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც ოფიციალურად მილიონერია, განაცხადა, რომ ფასები შეიძლება ვერ შეამციროთ, მაგრამ თურმე კარგად იცით, როგორ გაზარდოთ ეკონომიკა თვიდან თვემდე რამდენიმე პროცენტით. უკაცრავად და ვისთვის ზრდით ამ ეკონომიკას, თქვენივე სააღდგომო სუფრებისთვის? ხალხს აინტერესებს, სად არის გაზრდილი ეკონომიკის შედეგები? თუ პროდუქტების ფასმა მოიმატა, ელექტროენერგია გაძვირდა, საწვავის და მედიკამენტების ფასმა მოიმატა, მანქანების განბაჟების ფასები გაძვირდა, სად ხედავს სარგებელს საქართველოს მოქალაქე გაზრდილი ეკონომიკით? ან სად მიდის ეს გაზრდილი ეკონომიკა?" - განაცხადა ხვედელიანმა.

კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა ტატა ხვედელიანს უპასუხა, რომ კონკრეტული გეგმა აქვს.

„ჩვენ კომისიის ფარგლებში 80-ზე მეტი კომპანია შევისწავლეთ საქართველოში, ასევე შევისწავლეთ წარმოებები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები, საცალო ქსელები. შევისწავლეთ მათი ბიზნეს პროცესები, საოპერაციო ხარჯები, ფინანსური მდგომარეობა, კაპიტალის სტრუქტურა და დეტალურად ჩავეძიეთ პროცესებს. რაც შეეხება ფასების კლებას - ასევე შევისწავლეთ ევროპული გამოცდილება საკვებ პროდუქტებზე ინფლაციის ბრძოლის სხვადასხვა მეთოდებით. მათ შორის, რუმინული, უნგრული, ბერძნული, ხორვატიული, ფრანგული მეთოდი. ჯამში, 7 სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება შევისწავლეთ და დიახაც, გვაქვს გეგმა, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ.

„გვექნება დასკვნა, კონკრეტული რეკომენდაციებით, კონკრეტული ნაბიჯებით და სტრუქტურული ცვლილებებით, რომელიც საბოლოო ჯამში, აღნიშნულ სექტორს ძალიან კონკურენტუნარიანს, ძალიან ეფექტურს გახდის და ჩვენ მივიღებთ სისტემურ შედეგს დანერგვისთანავე. ასევე გვაქვს გეგმა საშუალო პერიოდზე, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული სექტორის გარდაქმნა ისე, რომ მან იმუშაოს ეფექტურად, არ მოხდეს დამატებითი ხარჯის შექმნა, რომელიც თავისთავად პროდუქციის ღირებულებას აწვება.

  • დიმიტრი ხუნდაძე: „ზოგჯერ [ფასების ზრდას] ჩვენი გადაწყვეტილებით ვუწყობთ ხელს - ავტომობილები უკვე გაძვირდა, ელექტროენერგიის საფასურიც გაიზარდა და რეგიონში მიმდინარე ომის ფონზე, საწვავის ფასიც მუდმივად იმატებს"

„ასევე ვფიქრობთ, ძალიან კარგი იქნება აღნიშნული სექტორის მონიტორინგი შევძლოთ, რადგანაც სექტორს ჰქონდეს ფინანსური დისციპლინა. ის საქართველოს ეკონომიკის 20%-ზე მეტს წარმოადგენს და უმნიშვნელოვანესია, რომ აღნიშნულ სექტორში პროცესები იყოს ჯანსაღი. ძალიან გთხოვთ, ჩვენს მუშაობს პატივი ეცით, რადგან ჩვენ ვზრუნავთ, რომ საკვებ პროდუქტებზე ფასები საქართველოში იყოს ძალიან კონკურენტული, სექტორი მუშაობდეს ეფექტურად, რადგან ის განსაზღვრავს ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობას. კოლეგებო, თუ შეგიძლიათ პროცესში ჩაერთეთ უფრო აქტიურად, თუ არადა ძალიან გთხოვთ, წინასწარ დასკვნებს ნუ აკეთებთ."

„ხალხის ძალის" დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ სხდომაზე „ოცნება" კიდევ ერთხელ ღიად გააკრიტიკა და ამომრჩევლებისთვის მიცემული შეუსრულებელი დაპირებები გაახსენა. მისი თქმით, საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილება კონკრეტულ პრობლემებს უკავშირდება და ხელისუფლება დაპირებების ნაცვლად რეალურ ნაბიჯებზე უნდა გადავიდეს. აღნიშნა, რომ ამომრჩევლის მხარდაჭერა მხოლოდ არჩევნების პერიოდში არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი და ხელისუფლებამ მოქალაქეების საჭიროებებს ყოველდღიურად უნდა უპასუხოს.

„საბოლოო სიტყვა ყოველთვის ხალხს ეკუთვნის. როდესაც საზოგადოებაში არსებობს კითხვები, უკმაყოფილება და მოლოდინები, საჭიროა არა მხოლოდ დაპირებები და დროის გაწელვა, არამედ რეალური ნაბიჯები და, რაც მთავარია,ხალხთან მუდმივი და მჭიდრო კომუნიკაცია.

„გულწრფელი თანამებრძოლები და ერთგული ამომრჩეველი თუ მხოლოდ საარჩევნო შედეგებისთვის გჭირდებათ, ისინი უსასრულოდ თავს არ გამოგვაყენებინებენ.

„არჩევნებამდე 2 წელზე მეტია დარჩენილი და პრობლემები იმაზე მეტია, ვიდრე მის მოსაგვარებლად ეს დრო საკმარისი იქნება. დემოგრაფიულ პრობლემებსა და ოჯახური ფასეულობების გაძლიერებაზე ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ კონკრეტული ინიციატივები არ ჩანს [...]

„ფასების შემცირებაზე არათუ ვსაუბრობთ, არამედ საპარლამენტო კომისია შევქმენით, 2 თვეა, პარლამენტში სხდომებს ვმართავთ, მაგრამ ფასები იზრდება და ზოგჯერ ამ ტენდენციებს ჩვენი გადაწყვეტილებით ვუწყობთ ხელს. ასე გაკეთდა 6 წელზე მეტი ასაკის მქონე მანქანების შეზღუდვით, რამაც ავტომობილები უკვე გააძვირა. ელექტროენერგიის საფასურიც გაიზარდა და რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, საწვავის ფასიც მუდმივად იმატებს.

„ამომრჩეველი მხოლოდ არჩევნებისთვის არ უნდა გვინდოდეს. ამომრჩეველზე ზრუნვა უნდა იყოს ყოველდღიური, ჩენ უნდა გვესმოდეს მათი და ხელისუფლებაც, რა თქმა უნდა, მათ წუხილს უნდა ითვალისწინებდეს და არ უნდნა გავერთოთ ჩვენ არასაარჩევნო პერიოდით, რომ დღეს ყველაფერი შესაძლოა გავაკეთოთ ისე, რომ არ გავითვალისწინოთ მოქალაქეების ინტერესი, - თქვა ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×