
ოპოზიციური ალიანსი 26 მაისს ორთვიან კამპანიას პარლამენტის წინ აქცია-კულმინაციით ასრულებს, მანამდე ისინი „ეროვნული მობილიზაციის" ფარგლებში რეგიონებში შეხვედრებს ატარებენ. დამოუკიდებლობის დღის ტრადიცილუად აღნიშვნას გეგმას მთავრობაც,მათი თქმით, ოპოზიციამ თარიღი სპეციალურად დაამთხვია, რაც პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.
ოპოზიციურმა ალიანსმა ეროვნული მობილიზაციის კამპანია 31 მარტს დაიწყო და ორ თვეს გასტანს. ამ პერიოდში დაანონსებულია შეხვედრები სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში. კულმინაციური შეკრების ადგილი კი თბილისი იქნება, პარლამენტის წინ.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თარიღის დამთხვევა არახალია და ამას ნინო ბურჯანაძის ხალხი იყენებდა ჯერ კიდეც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. მისი თქმით, აქცია შესალოა მასშტაბური იყოს, თუმცა ერთჯერადი ხასიათის იქნება.
„ესენი ანტიეროვნული ძალები არიან, რომლებიც კარგა ხანია დარწმუნდნენ იმაში, რომ ერთადერთი გზა რომ ტელევიზიით ის სურათი დადგან, რაც სჭირდებათ, ესაა ფიზიკური შეხლა-შემოხლა, თავისი ლანძღვით გინებით და გაწევ-გამოწევით. 9 აპრილს დავინახეთ რაც მოხდა, უნდათ დაიკაონ ის ადგილი, სადაც უსათუოდ იქნებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. რაღაც ისეთი ღონისძიება უნდა იყოს, რომ თვითონ დადგნენ და იყვირონ ლოზუნგები რომ „თქვენი ადგილი აქ არ არის", „ კრემლის მონებო" და ა. შ. ეს სცენა უნდათ 26 მაისსაც.
- პეტრე მამრაძე: „26 მაისს მაქსიმალურად ეცდებიან ყველაფერი ის დაიკაონ რუსთაველი იქნება თუ სხვა, სადაც შეიძლება ხელისუფლებამ ღონისძიება ჩაატაროს, ვინაიდან ეს ეროვნული დღესასწაულია, რომ ამით რაიმე გამოიწვიონ"
„ეს ახალი არაა, სხვათა შორის, ამას ჯერ კიდევ სააკაშვილის წინააღმდეგ იყენებდა ბურჯანაძის ხალხი, მაინცდამაინც 26 მაისისთვის უნდოდათ რომ დაგვარბევენო, მერე მიშას გადადგომა მოუწევსო და მაშინ ადამიანები გაწირეს. ახლა ამ ხერხს ესენი იყენებენ, 26 მაისს მაქსიმალურად ეცდებიან ყველაფერი ის დაიკაონ რუსთაველი იქნება თუ სხვა, სადაც შეიძლება ხელისუფლებამ ღონისძიება ჩაატაროს, ვინაიდან ეს ეროვნული დღესასწაულია, რომ ამით რაიმე გამოიწვიონ.
„საერთო ჯამში დიდი ფულის პატრონები არიან და თუ თავიანთი ფინანსები არ დაზოგეს, ისინი რამდენიმე ათასი ადამიანის ჩამოყვანას და თავმოყრას შეძლებენ რაღაცა დროით და ეს იქნება ერთჯერადი აქცია. თუმცა, სურათის დადგმისთვის მათ სჭირდებათ რამდენიმე ასეული აქტიური დამრტყმელი პირი, ადრე მათი რიცხვი დაახლოებით ორასამდეც არ იყო, როცა 2024 წლის არჩევნების შემდეგ ფეიერვერკებს ისროდნენ, დანარჩენები იდგნენ და უყურებდნენ, ასეთი სქემა შეიძლება განახორციელონ.
„თუმცა აღსანიშნავია, რომ აქცია შიგნით ქვეყანაში არაფერს არ შეცვლის, მათ მხარდამჭერები არ მოემატებათ, ისედაც ძლაიან ცოტა ჰყავთ. თუმცაღა, ეს იქნება სურათის ჩვენება იმ დაინტერესებული საელჩოებისთვის, უცხოეთში მათი ლობისტებისა და დამფინანსებლებისთვის, რომ აი ჩვენ ვცოცხლობთ, ვარსებობთ, ვიბრძვით ევროპული მომავლისთვის და რუსული ტირანიის წინააღმდეგ. მთელი ეს ლოზუნგები იქნება, რომელიც რელაობას სრულიად მოწყვეტილია.
„მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ შესაბამისი კანონები შეცვალა და ფეიერვერკების შემოტანას აკონტროლებს, აგრესიული სურათის დადგმა რა თქმა უნდა შემცირდა და 2024 წლის შემდეგ აღარ გამოსდით. იმედია ახლაც ხელისუფლება შეძლებს და ასეთ მასშტაბურ პროვოკაციებს არ დაუშვებს",- განაცხადა მამრაძემ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ინიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დიდი ალბათობით აქცია ჩატარდება და იქნება მასშტაბური. მისი თქმით, ოპოზიციის მიზანი არეულობა არაა, არამედ იმის ჩვენებაა, რომ ბევრი ხალხი უჭერს მხარს.
- ნიკა ჩიტაძე: „დიდი ალბათობით აქცია ჩატარდება და ხალხმრავალიც იქნება, საჭიროა რეგიონებიდან ხალხის მოკრეფა და როგორც 4 ოქტომბერს გამოვიდა ბევრი ადამიანი, ალბათ ისეთივე მასშტაბის იქნება"
„ამაზე ოპოზიცია თავად გააკეთებს განცხადებას რა ტიპის მზადება მიდის 26 მაისის აქციისთვის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, დიდი ალბათობით აქცია ჩატარდება და ხალხმრავალიც იქნება, საჭიროა რეგიონებიდან ხალხის მოკრეფა და როგორც 4 ოქტომბერს გამოვიდა ბევრი ადამიანი, ალბათ ისეთივე მასშტაბის იქნება.
„ჯერჯერობით უცნობია რას აპირებს ოპოზიცია, ყოველდღიური აქციების დროსაც არ კეთდება ოპოზიციონერების მხრიდან განცხადებები გეგმების თაობაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციას არანაირად არ უნდა არეულობა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რასაც ამას „ოცნებაში" ამბობენ, მიზანია იმის ჩვენება, რომ ბევრი მხარდანჭერი ჰყავს",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.