„60-70%-ით გაზრდილია მოთხოვნა, რასაც ჯერჯერობით თითქმის სრულად ვპასუხობთ"
ქეთო გოგოხია
14.04.2026

შუა დერეფნის როლი იზრდება. ბოლო პერიოდში ამ მხრივ სერიოზული გავლენა იქონია ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, გაზრდილ ტვითნაკადს მოემსახუროს. ტვირთების გარკვეული ნაწილი უკვე დაიძრა საქართველოსკენ, რაზეც სპეციალისტების ნაწილი დიდ იმედს ამყარებს, ნაწილიც ცოტა სკეპტიკურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ სახელმწიფოს ამ გამოწვევის საპასუხოდ არც ინფრასტრუქტურა აქვს და არც ადამიანური რესურსი. 

ფაქტია, რომ საქართველოსთვის, როგორც სატრანზიტო ამბიციის მქონე ქვეყნისათვის ახალი შესაძლებლობების გამოყენებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება, განსაკუთრებით საპორტო. აღნიშნულთან დაკავშირებით COSCO SHIPPING LINES-ის კომერციული მენეჯერი გივი ჩაჩანიძემ ისაუბრა. მისი შეფასებით, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი საქართველოს სატრანსპორტო სექტორისთვის შესაძლოა, მორიგი შესაძლებლობის ფანჯარა აღმოჩნდეს.

,,ახლა კიდევ ერთხელ გვექნება საშუალება, მივიღოთ ეს ტვირთები და სამომავლოდ იქნებ შევინარჩუნოთ, რადგან ძალიან დიდი განსხვავებაა ფასში. საბოლოო ჯამში, კომპანიები ფასით მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას. არა მარტო ტარიფებია აქ მნიშვნელოვანი. როგორც კოვიდის დროს მოხდა - გადაზიდვის ჯაჭვი აირია, საზღვაო და კონტეინერები მიმოიფანტა და ამან დეფიციტი გამოიწვია და ფასიც ზემოთ ავარდა. მსგავსი ნიშნები ჩანს ახლა და ყველაზე ძალიან ამის გვეშინია, რომ ეს არ მოხდეს”, - აღნიშნა ჩაჩანიძემ.

მისი აზრით, საქართველოსთვის, როგორც სატრანზიტო ამბიციის მქონე ქვეყნისათვის ახალი შესაძლებლობების გამოყენებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება, განსაკუთრებით - საპორტო ინფრასტრუქტურის.

"მზად ვართ გაზრდილ ტვირთნაკადს მოვემსახუროთ, რადგან გვინდა ერთხელ და სამუდამოდ მსოფლიო რუკაზე დავფიქსირდეთ, რომ ჩვენ მართლა ვართ სატრანზიტო დერეფანი, მაგრამ ამისთვის, პირველ რიგში, გვჭირდება საძირკველი, რაც არის პორტი. ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე აზრი არა აქვს არაფერზე ლაპარაკს. ერთი პერიოდი იყო პრობლემა რკინიგზა და როგორც ნახეთ გამოსწორდა. ახლა რჩება პორტი",- განუცხადა  ჩაჩანიძემ "ბიზნეს მედიას".

ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტები საქართველოს შესაძლებლობას, გაზრდილ ტვირთნაკადებს მომემსახუროს, ეჭვქვეშ აყენებენ. სექტორში ფიქრობენ, რომ ამის რესურსი ქვეყანას არ აქვს და რომც დაიძრაც ტვირთი, ხანგრძლივი სამუშაოა გასაწევი, ხარისხიანი სერვისის გაწევის უზრუნველსაყოფად. განსაკუთრებით სარკინინიგზო ხაზზე, როგორც ტრანსპორტის დარგის ექსპერტმა დავით გოჩავამ ,,რეზონანსს" განუცხადა, ინფრასტრუქტურული პრობლემა არსებობს და მისი  მოგვარება აუცილებელია, რათა შანსი საქართველომ მაქსიმალურად გამოიყენოს.

,,ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა და გარკვეული ტვირთნაკადი წამოვა საქართველოს მიმართულებით, თუმცა ასე სწრაფად სარკინიგზო მარშრუტები არ იცვლება. დიდ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს. ლოგისტიკა და ამ ყველაფრის საპასუხოდ ქვეყანა მზად არ არის. ხანგრძლივი სამუშაოა და ასე სწრაფად გადამზიდავები მიმართულებას არ იცვლიან. 

მთავრობა  განცხადებას აკეთებს, რომ შეამცირებენ თბილისიდან ბათუმამდე მოძრაობის ხანგრძლივობას, მაგრამ ასე სწრაფად და მარტივად არ ხდება არაფერი. ინფრასტრუქტურული პრობლემა არსებობს და მისი მოგვარება აუცილებელია. ინფრასტრუქტურას რომ თავი დავანებოთ, ადამიანური რესურსიც არასაკმარისია, პროფესიონალების დიდი დეფიციტია, შუა დერეფანი დღეს სერიოზული გამოწვევის წინაშეა და საბოლოოდ ეს ყველაფერი მომსახურების ხარისხზე აისახება,  ტვირთბრუნვა რომც გაორმაგდეს, რკინიგზა ამისთვის მოუმზადებელია", - განაცხადა გოჩავამ.

თუმცა გადამზიდავები პერსპექტივას უფრო ოპტიმისტურად უყურებენ და აცხადებენ, რომ გარკვეული სიძნელეების მიუხედავად, გაზრდილ მოთხოვნას გარკვეულწილად უკვე პასუხობენ. "აიბექს ლოგისტიკის" დირექტორის ლევან თათარაშვილის შეფასებით, ამ დროისთვის გადაზიდვებზე მოთხოვნა მკვეთრად არის გაზრდილი, რაც სწორედ ჰორმუზის სრუტის დაკეტვას უკავშირდება.

"ირანში არსებული დაძაბულობის გამო გარკვეული ტვირთი ნამდვილად წამოვიდა საქართველოსკენ. სავარაუდოდ ეს უნდა იყოს უზბეკური, თურქმენული და სხვა ტვირთები, რაც ადრე ირანის გავლით გადიოდა. ახლა ალტერნატიულ გზას ეძებენ და ეს აუცილებლად გადმოვა შუა დერეფანზე. ირგვლივ რთული მოცემულობაა და ყველა ქვეყანა ცდილობს მოძებნოს ახალი შესაძლებლობა ტვირთების გასატარებლად, მათ შორის შუა დერეფანი ნამდვილად ანგარიშგასაწევია. 

როცა მეკითხებიან, ვართ თუ არა ამისთვის მზად, ცხადია, მოთხოვნის 100%-ით უზრუნველყოფა  წარმოუდგენელია, მაგრამ არც ისეთი სიტუაციაა, როგორც ვთქვათ, პანდემიურ პერიოდში აღმოვჩნდით", - აღნიშნა "რეზონანსთან" თათარაშვილმა და არსებულ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება, რაც ქართველი გადამზიდავებისთვის პრობლემაა.

,,მიმდინარე პერიოდში ტვირთბრუნვა გაზრდილია, მაგრამ არის გარკვეული დაბრკოლებაც, საქართველოს დერეფანში განსაკუთრებით აქტიურობენ უცხოური კომპანიები, უმეტესად რუსული და აზერბაიჯანული, რომლებსაც დიდი ავტოპარკი აქვთ და მათთან კონკურენციაში ვერ შევდივართ. ერთ-ერთი მიზეზი არის საწვავის ფასიც, რომელიც საქართველოში საკმაოდ  ძვირია. გარდა ამისა, ძირითად შემთხვევაში დაბრკოლებაა საგზაო ინფრასტრუქტურა. 

მიუხედავად ამისა, აქტიურად ვართ პროცესში ჩართული, ამ ეტაპზე განსაკუთრებით  მუშაობს ევროპისა და აშშ-ს მიმართულებები, 60-70%-ით გაზრდილია მოთხოვნა, რასაც თითქმის სრულად ვპასუხობთ, თუმცა მოთხოვნის კიდევ უფრო გაზრდის შემთხვევაში 100%-ით უზრუნველყოფა წარმოუდგენელი იქნება, ამისთვის, პირველ რიგში, სარკინიგზო ხაზების მოდერნიზება უნდა მოხდეს, რომელზეც ტვირთების დიდი ნაწილი მოდის", - დასძინა ლევან თათარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა სპარსეთისა და ომანის ყურეების დამაკავშირებელი, ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის ბლოკადა გამოაცხადა. დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები „დაიწყებენ ყველა გემის ბლოკირებას“, რომლებიც ცდილობენ ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან გასვლას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×