
„ღმერთის იმედად ვართ დარჩენილი - ველოდებით, რომ მოსავლის 70% გაფუჭდება“, - ამის შესახებ კახეთში მომუშავე ფერმერმა, რუსლან ბერიძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 12-13 აპრილს მოსულმა უხვმა ნალექმა კახეთის რეგიონში პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით პრობლემები იყო: ყვარლის, ლაგოდეხის და გურჯანიის მუნიციპალიტეტებში, სადაც ინტენსიური წვიმის შემდეგ მდინარეები ადიდდა, რის გამოც დაზიანდა ინფრასტრუქტურა, დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები.
როგორც რუსლან ბერიძემ აღნიშნა, ზიანი განსაკუთრებით, სასათბურე მეურნეობების მოსავალსა და საზამთროს ბაღებს მიადგება.
„ჩვენ გვაქვს სათბურები, სადაც კიტრი, ბულგარული წიწაკა, ბადრიჯანი და სხვა კულტურები მოგვყავს. ინტენსიურად წვიმდა, მდინარეც გადმოვიდა კალაპოტიდან და მეურნეობაში წყალი შემოგვივარდა. საერთოდ არავინ რომ არ ელოდებოდა, უცებ მოვარდა წყალი.
კარგი ამინდები რომ გამოვა, მოსავალს მერე უფრო დაეტყობა, რაც მოხდა. ვეღარ გაუძლებს მცენარე, რადგან მიწა წყლითაა გაჟღენთილი. მზე როცა გამოვა, ჩამოჭკნება. პრაქტიკულად, ღმერთის იმედად ვართ დარჩენილები. უშუალოდ ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა, მაგრამ თვითონ მიწას შეექმნა დიდი პრობლემა. მზე რომ გამოვა, წყლის აორთქლების პროცესი დაიწყება, ტენი და უჰაერობა დადგება, რაც მცენარისთვის აუტანელია.
ახლა გამოვიდა ამინდი და ხვალიდან უფრო შეეტყობა, რა ვითარება გვექნება.ზოგადად, ველოდებით, რომ მოსავლის 70% გაფუჭდება. ძალიან დიდი ინტენსივობით იყო ნალექი. თუ მალევე გაიწოვა [წყალი], მრავალწლიან კულტურებს პრობლემა არ შეექმნებათ, მაგრამ სასათბურე ტერიტორიებს და საზამთროს ბაღებს, ძალიან დიდ ზარალს მიაყენებს. მრავალწლიან კულტურებს სეტყვა უფრო აფუჭებს, ვიდრე ნალექი, მაგრამ ერთწლიან კულტურებზე, ამას ნამდვილად ცუდი გავლენა აქვს“, - განაცხადა რუსლან ბერიძემ.
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“