
რითაც მადიარმა უნგრეთში არჩევნები მოიგო, ჩვენ უკვე გავწერეთ ცხრა ოპოზიციური პარტიის სტრატეგიულ შეთანხმებაში. ამ ქვეყანაში არჩევნებით აუცილებლად აირჩევა ახალი ხელისუფლება, ოღონდ მას შემდეგ, რაც ამ ხელისუფლებას არჩევნებამდე დავამარცხებთ და არჩევნებამდე მოვიპოვებთ დიდ უპირატესობას, რომელსაც რეჟიმი ვერ გააყალბებს არჩევნებზე , - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
ჩერგოლეიშვილის თქმით, არჩევნებზე დიდი უპირატესობის მოპოვებას ამომრჩევლის კრიტიკული უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება, რომელიც ოპოზიციას ნდობას გამოუცხადებს. როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განმარტა, ნდობა ამომრჩეველში მას შემდეგ გაჩნდება, როცა ოპოზიცია თემებზე გაამახვილებს ყურადღებას, რაც საზოგადოებას აწუხებს.
„უნგრეთში მომხდარი ცვლილება, პირველ რიგში, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის არის კარგი და ჩვენთვის, „ფედერალისტებისთვის“ განსაკუთრებით სასიხარულოა ეს გამარჯვება, რადგან, რასაც მრავალი წელია ვამტკიცებთ და რისთვისაც პირადად მომიძულა პოლიტიკურმა “ბაბლმა”, ზუსტად ეს იყო - ჩვენ ვიძახდით, რომ უბრალო უმრავლესობით ავტოკრატიაში არჩევნებს ვერ იგებ, იმისთვის, რომ ავტოკრატიაში არჩევნები მოიგო და შემდეგ ეს მოგებული ხმები დაიცვა, გჭირდება არა უბრალოდ რამდენიმე პროცენტიანი უმრავლესობა, არამედ ორჯერ დიდი უმრავლესობა იმიტომ, რომ უნგრეთი მაინც დემოკრატიული ქვეყანაა ასე თუ ისე და ჩვენთან ჩამოყალიბებული ავტოკრატიული სისტემაა.
გარდა ამისა, რაზეც დღემდე კონფლიქტი მაქვს, მათ შორის, ტელე-მედიასთან და ჩვენს პოლიტიკურ გარემოცვასთან, არის ის, რომ ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ იმ თემებზე, რაც ადამიანების სასიცოცხლო ინტერესებშია. ოპოზიციური ალიანსის სტრატეგიულ შეთანხმებაში ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ კრიტიკულმა უმრავლესობამ უნდა დაინახოს სასიცოცხლო ინტერესი რეჟიმის ცვლილებაში, არა უბრალო უმრავლესობამ, არამედ უდიდესმა უმრავლესობამ. ანუ იმისთვის, რომ შენ ადამიანებმა მხარი დაგიჭირონ და შენს გამო რისკზე წავიდნენ მაშინ, როდესაც სტატუს-კვოს ცვლილება, განსაკუთრებით რეგიონებში, იქ, სადაც ნატურალურ მეურნეობაში ცხოვრობს ხალხი და სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული, ამაზე წამოგყვნენ, უნდა გენდობოდნენ. ნდობა ვერ მოვა, თუ შენთან იდენტიფიცირებას ვერ ახდენს ის. იდენტიფიცირებას ვერ მოახდენს შენთან, თუ შენ არ ლაპარაკობ იმ თემებზე, რაც მას აწუხებს.
ეს იყო ჩემი დაპირისპირების მიზეზი პოლიტიკურ სპექტრთან, რომ ჩვენ უნდა გვესაუბრა იმ თემებზე, რაც უშუალოდ მოქალაქეებს აწუხებთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ჩვენს დღის წესრიგში საკუთარი ინტერესები დაენახათ. ამის ნაცვლად ქართული ოპოზიცია საუბრობდა იმაზე, აქ მიშას რა აწუხებდა, იქ კეზერას რა უნდოდა, იქ მელია გავწიოთ, აქ ხაბეიშვილი შემოვწიოთ, პოლიტიკური მანევრები და ა.შ.
მოხარული ვარ, რომ იქამდე შევძელით კონსენსუსის გაფართოება ამ თემაზე და დღეს ქართული ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი შეთანხმებული ვართ, რომ უბრალო უმრავლესობით არჩევნებში შესვლას აზრი არ აქვს იმიტომ, რომ წაგვართმევენ და ვერც ხმებს ვერ დავიცავთ. რითაც მადიარმა არჩევნები მოიგო, ის ჩვენ უკვე გავწერეთ იმ სტრატეგიულ შეთანხმებაში, რომელზეც ცხრა ოპოზიციური პარტია შევთანხმდით. ამ ქვეყანაში არჩევნებით აუცილებლად აირჩევა ახალი ხელისუფლება, ოღონდ მას შემდეგ, რაც ამ ხელისუფლებას არჩევნებამდე დავამარცხებთ და არჩევნებამდე მოვიპოვებთ დიდ უპირატესობას, რომელსაც რეჟიმი ვერ გააყალბებს არჩევნებზე“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.