
რაც შეეხება კითხვას ძალის არ გამოყენების ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხზე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ საკითხზე საქართველოს პოზიცია არის მკაფიო, თანმიმდევრული და ურყევი. ეს პოზიცია ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, მათ შორის, გაერო-ს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციაზე. მისივე თქმით, ხელისუფლებას გაცხადებული აქვს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკა.
„რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება წარმოადგენს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელსაც ქართული მხარე დღის წესრიგში ყოველი რაუნდის ფარგლებში აქტიურად და თანმიმდევრულად მსჯელობს ამ საკითხზე. ზოგადად, საქართველოს ხელისუფლებას აქვს გაცხადებული კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკა, რასაც მიჰყვება და ახორციელებს და ამასთან, ყველაფერი კეთდება აღნიშნული საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნებისთვის. დამერწმუნეთ, ეს არ არის მარტივი გლობალურად მიმდინარე პროცესების ფონზე და მოითხოვს ღოველდღიურ მუშაობას.
ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისა და რეაგირებისთვის ყოველთვის ხდება არსებული საერთაშორისო მექანიზმების და ინსტრუმენტების გამოყენება. კონკრეტულად სოხუმის აეროპორტის საკითხზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას ICAO-ს, 2025 წლის 20 თებერვალს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა (№01/4813) სადაც აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე განხორციელებული ფრენები უკანონოა და ხორციელდება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით. საქართველოს დიპლომატიური სამსახური, ICAO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ჩართულობით, აგრძელებს ICAO-სთან თანამშრომლობას.
ზოგადად, თავად ოკუპაცია არის უკანონო ქმედება, საერთაშორისო ნორმების დარღვევა და შესაბამისად ყველაფერი, რაც მის ფარგლებში ხორციელდება ფასდება უკანონო ქმედებებად და ასეც ხდება ხოლმე. საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება კარგად ჩანს საერთაშორისო სასამართლოების 2021-2025 წლების გადაწყვეტილებებში, ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი ბრძოლის შედეგებში, რომლითაც სამართლებრივად ვამტკიცებთ ჩვენს პოზიციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის საკითხთან მიმართებაში. ამ მოცემულობაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, სარკინიგზო მიმოსვლისა თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხებზე საუბარი ვერ იქნება. ასევე არარელევანტურია საუბარი ნეიტრალიტეტის საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მინისტრმა.