თამთა ჩაჩანიძე
15.04.2026

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ინტერპელაციის წესით პარლამენტში დეპუტატების კითხვებს უპასუხა, რომელიც ძირითადად შეეხებოდა საგარეო პრიორიტეტებს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, პარტნიორებთან ურთიერთობის ფაზებსა და საქართველოს პოზიციას რეგიონსა და მსოფლიოში.

ბოჭორიშვილმა "ტყუილი" უწოდა ოპონენტების განცხადებებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ცალმხრივი გადაწყვეტილებით შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე.

მინისტრის შეფასებით, პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან "2024 წელს ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა "ქართული ოცნების".

ვინ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირმა პუნქტების შესრულება მოითხოვა და ეს რომ არ სურდა "ოცნებას", უბრალოდ გადაწყვიტა შეეჩერებინა პროცესი.

  • ვახტანგ ძაბირაძე: "სტატუსი ჩვენთვის ასე ხელაღებით არ მოუციათ, გვითხრეს, რომ ესა და ეს პუნქტები უნდა შეასრულოთო. კობახიძის განცხადება იმის მცდელობა იყო, რომ "ოცნებას" ეს პუნქტები არ შეესრულებინა"

"ირაკლი კობახიძის განცხადება გვახსოვს, რომ "ქართული ოცნება" გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებსო და ბოჭორიშვილმა რაც არ უნდა თქვას, ეს ფაქტი ყველას ახსოვს. ეს განცხადება პრემიერმა გააკეთა, ვინმე სხვამ ხომ არა? ევროკავშირმა უბრალოდ იმ პუნქტების შესრულება მოითხოვა, რა პირობითაც კანდიდატის სტატუსი მოგვცეს. სტატუსი ჩვენთვის ასე ხელაღებით არ მოუციათ, გვითხრეს, რომ ესა და ეს პუნქტები უნდა შეასრულოთო.

"კობახიძის განცხადება იმის მცდელობა იყო, რომ "ოცნებას" ეს პუნქტები არ შეესრულებინა. ძალიან მარტივი ლოგიკაა, რომ პროცესი "ქართულმა ოცნებამ" შეაჩერა და არა ევროკავშირმა",- განაცხადა მან.

ძაბირაძე ფიქრობს, რომ თუ სიტუაცია მართლა ისე იყო, როგორც "ოცნებაში" ახლა ამბობენ, მაშინ კობახიძის განცხადების ფორმულირებაც სხვანაირი იქნებოდა.

"მაშინ სხვანაირი განცხადება გაკეთდებოდა. "ქართული ოცნება" ცდილობს პრობლემა რაღაც პროცესში კი არ განიხილოს, არამედ დისკრეტულად, რომ რაღაც მომენტში ეს ითქვაო, მაგრამ ამას წინ რა უძღვოდა, რატომ ითქვა და როგორ და რა რეაქციები მოჰყვა, ამაზე აქცენტს არ აკეთებს.

"ანუ რა პოლიტიკური პირობა შეიქმნა ისეთი, რომ ევროკავშირმა ეს განცხადება გააკეთა და განცხადება გაკეთდა იმ კუთხით, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავისივე დანაპირები უნდა შეასრულოს, რომ იმ პირობებს შეასრულებს, რითაც მას სტატუსი მისცეს. "ოცნების" ამოცანა კი ის იყო, რომ როგორმე ამ პირობებზე კამათისთვის გვერდი აევლოთ და თქვეს, რომ ჩვენ 2028 წლამდე შევაჩერებთო.

"ამ განცხადებას მოჰყვა პროტესტი და არა ევროკავშირის წინა განცხადებას. როგორც ჩანს, ამ პროტესტს არ ელოდნენ, რადგან არჩევნები ახალი ჩავლილი იყო, რასაც ისეთი მძაფრი პროტესტი არ მოჰყოლია.

"ქართულმა ოცნებამ" ჩათვალა, რომ ქართული საზოგადოება ამ თემასაც გაატარებდა და ასე არ მოხდა. ბოჭორიშვილი აბა სხვას რას ილაპარაკებს, "ოცნებას" დღესაც არ აწყობს ამ პროცესის ერთიანობაში დანახვა და ამიტომ მხოლოდ ერთ მომენტზე ლაპარაკობს, ტოვებს რაღაცეებს, წინ რა უძღვოდა იმას არ ამბობს და ა.შ."- აცხადებს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბოჭორიშვილი დოკუმენტებზე დაყრდნობით საუბრობს და პროცესი ევროკავშირმა შეაჩერა.

"როგორც იტყვიან, დოკუმენტები არ იწვის. ქალბატონი ბოჭორიშვილი ზუსტად დოკუმენტებზე დაყრდნობით ლაპარაკობს. თუ არ ვცდები, პირველად განცხადება 2024 წლის ზაფხულში იყო, სადაც ფაქტობრივადაც და იურიდიულადაც პროცესი ევროკავშირმა შეაჩერა. შემდეგ, როცა ეს ბატონმა პრემიერმა გამოაცხადა, ამის გამო დიდი ამბები ატყდა.

"გვახსოვს, რომ მათივე დაფინანსებული და ხელდასმული არასამთავროები და პარტიები ქუჩაში გამოვიდნენ და სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდნენ. მაშინვე განაცხადა პრემიერმა, რომ ა ბატონო, ჩვენ ხომ გვაბრალებთ ეს გავაკეთეთო, ამიტომ ახლავე, ამ წუთში შემოგვთავაზონ და მოლაპარაკებებს ვიწყებთო, რატომ არ გააკეთა ევროკავშირმა ამაზე ერთი განცხადებაც კი?

  • ედიშერ გვენეტაძე: "დოკუმენტები არ იწვის. ქალბატონი ბოჭორიშვილი ზუსტად დოკუმენტებზე დაყრდნობით ლაპარაკობს. თუ არ ვცდები, პირველად განცხადება 2024 წლის ზაფხულში იყო, სადაც ფაქტობრივადაც და იურიდიულადაც პროცესი ევროკავშირმა შეაჩერა"

"პირველად მათ თქვეს ამის თაობაზე და თუ არ გინდათ, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო",- განაცხადა გვენეტაძემ.

რა თქვა ბოჭორიშვილმა

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, „ქართული ოცნების" ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები.

"ტყუილია, თითქოს "ქართულმა ოცნებამ" ცალმხრივი გადაწყვეტილებით ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა - "ქართულ ოცნებას" ევროინტეგრაციის პროცესი არასდროს შეუჩერებია! პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წელს ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა "ქართული ოცნების".

"2014 წლიდან, საქართველომ, როგორც ევროკავშირის ასოცირებულმა პარტნიორმა ქვეყანამ სწორედ „ქართული ოცნების" ხელისუფლების ძალისხმევით, ყველა მიმართულებით თვალსაჩინო პროგრესს მიაღწია, რომლის უარყოფაც თავად ძალიან კრიტიკულად განწყობილ ევროპულ ბიუროკრატიას გაუჭირდა და მოუწია ამ პროგრესის აღიარება 2023 წელს, მაშინ როდესაც წელიწადნახევრის უსამართლო დაგვიანებით მიანიჭა ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი თავისივე ანგარიშების და დასკვნების საფუძველზე.

"საქართველოს პროგრესის, რომლის უკან სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლება დგას, დასტურია ევროკომისიის ყველა ანგარიში, რაც კი 2025 წლამდე მომზადებულა ბრიუსელში და გამოქვეყნებულა. პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წელს ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა „ქართული ოცნების".

"შეგახსენებთ 2024 წლის 9 ივლისს, თუ როგორ განგვიმარტა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ბატონმა პაველ ჰერჩინსკიმ 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება. მან განაცხადა, რომ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ: - „სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია - ეს ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე გადაწყვიტეს".

  • მაკა ბოჭორიშვილი: "პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წელს ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა "ქართული ოცნების"

"ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობისთვის არის ჩვენს ისტორიაზე, კულტურაზე, იდენტობაზე დაფუძნებული მისწრაფება, რომელიც მიზნად ისახავს, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის საუკეთესო გარანტიების შექმნას.

"ჩვენთვის და ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ცხადია, თუ რას ემსახურებოდა და ემსახურება განცხადებები, მუქარა და შანტაჟი საქართველოს ევროპული პერსპექტივის, კანდიდატის სტატუსის თუ ევროკავშირის წევრობის შესახებ. ამ საკითხებით მუდმივი მანიპულირება, მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხს პროცესს.

"სწორედ ამიტომ 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „არავის მივცემთ საშუალებას, დაგვტოვონ მუდმივი შანტაჟისა და მანიპულაციის რეჟიმში, რაც ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სრულიად შეურაცხმყოფელია".

"შეგახსენებთ, რომ ამავე განცხადებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცალსახად განაცხადა, რომ ,,ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა, საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებთ. 2030 წლისთვის საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად".

"აქვე გაკეთდა განმარტება: ,,მოლაპარაკებების გახსნა დღეს ზუსტად ისევე გამოიყენება ჩვენი ქვეყნის დაშანტაჟებისა და საზოგადოების გახლეჩვის ინსტრუმენტად, როგორც მანამდე კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა. მთავარი არაა ის, თუ როდის გავხსნით მოლაპარაკებებს, არამედ ის, თუ როდის დავხურავთ მას. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად".

"აქვე შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილებას კანდიდატ ქვეყანასთან მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე იღებს ევროკავშირის საბჭო და არა კანდიდატი ქვეყანა", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×