
ირანის წინააღმდეგ ომი დასრულებასთან ახლოსაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox Business-თან ინტერვიუში განაცხადა. "მიმაჩნია, რომ თითქმის დასრულებულია", - განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, ირანს შეთანხმების დადება სურს.
„მათ ქვეყნის აღსადგენად 20 წელი დასჭირდებათ. ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია. ვნახოთ რა მოხდება. მათ შეთანხმების დადება ძალიან სურთ", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებმა ტრამპს იმედი გაუჩინა.
„არ ვიცი ზუსტად რას ეფუძვნება ტრამპის ეს ოპტიმიზმი. როგორც ჩანს, ამერიკას მოუწია ჰორმუზის სრუტის გახნა. თუმცა, ვფიქრობ, ეს უფრო პიარი და საინფორმაციო ომის შემადგენელი ნაწილია.
ალბათ, იგულისხმება ის, რომ ირანის სამხედრო შესაძლებლობები შემცირდა და განსაკუთრებით ბირთვულ პროგრამაზეა საუბარი. ირანს საკმაოდ სერიოზული ტიპის სამხედრო ბაზები საკომუნიკაციო ცენტრები, ასევე, მათი ხელმძღვანელები გაუნადგურეს. ამიტომ ტრამპმა ჩათვალა, რომ ეს უკვე ომის დასრულების წინაპირობაა.
მეორე ვარიანტია, რომ, მართალია ისლამბადაში მოლაპარაკება ჩაიშალა, მაგრამ შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს, რაზეც ორივე მხარეს აქვს მზაობა. ეს პოზიტიური პროცესია და გამორიცხული არ არის, ტრამპი ამას გულისხმობდეს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
ამასთან, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანის ბლოკადა სრულად განხორციელდა.
„ბლოკადა 36 საათზე ნაკლებ დროში განხორციელდა. აშშ ახლო აღმოსავლეთში საზღვაო უპირატესობას ინარჩუნებს", - აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური, ბრედ კუპერი.
კუპერის ცნობით, აშშ-მა ბლოკადის მეშვეობით ირანში საზღვაო ეკონომიკური ვაჭრობა შეაჩერა.
ცნობისთვის, აშშ-ის მიერ გამოცხადებული ირანის საზღვაო ბლოკადა 13 აპრილს ამოქმედდა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ბლოკადა ომანის ყურესა და ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით არაბეთის ზღვაში მოქმედებს და დროშის მიუხედავად ყველა გემზე ვრცელდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტრამპმა ირანულ მხარესთან მოლაპარაკებები დაანონსა. დონალდ ტრამპი New York Post-ის ჟურნალისტს ესაუბრა, რომელიც პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში იმყოფება. „უნდა დარჩე, რადგან მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეიძლება რაღაც მოხდეს და სავარაუდოდ, იქ ჩავალთ", - განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პაკისტანის არმიის მეთაური, ასიმ მუნირი „შესანიშნავ სამუშაოს" ასრულებს. „ის შესანიშნავია. ამიტომ, სავარაუდოა, იქ დავბრუნდეთ", - აღნიშნა ტრამპმა.