რეზონანსი
15.04.2026

"მე მაქვს შემდეგი კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს თავმოყვარე ერის თავმოყვარე ხელისუფლება, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში აწყდება უამრავ დეზინფორმაციას, ტყუილს, ორმაგ სტანდარტს", - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირმა თავად შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი რაც ევროკავშირის ელჩის მიერ ხელმოწერილი წერილითაც დასტურდება. მაჭავარიანის თქმით, ყველა ნაბიჯი ევრობიუროკრატიის მხრიდან ერთი მიზნით იყო გადადგმული, რაც ქართულ საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევას და "ენჯეოების" ჩართულობით რევოლუციური სცენარის განხორციელებას გულისხმობდა.

"ამასთანავე, გვადანაშაულებენ, თითქოს, ევროინტეგრაციის პროცესი ჩვენ შევაჩერეთ, როდესაც პაველ ჰერჩინსკის ხელმოწერით წერილი არსებობს, სადაც ხაზგასმულია, რომ 2024 წელს მათ შეაჩერეს ევროინტეგრაციის პროცესი და საბაბად მოიყვანეს ორი კანონი: ერთი - გამჭვირვალობის ქართული კანონი, რომლითაც შავი გზებით ფულის შემოტანის პრევენცია მოვახდინეთ მდიდარი ენჯეოებისთვის, ვინც არიან პირდაპირ ევრობიუროკრატების მმართველობის ქვეშ და მეორე - ანტი-ლგბტ პროპაგანდის კანონი, რომელსაც ბატონი გახარიას პარტიამ მხარი არ დაუჭირა და ლგბტ პროპაგანდის გვერდში დადგა.

ეს ორი კანონი აქვთ საბაბად მოყვანილი და ამის შემდეგ, ვხედავთ უამრავ დეზინფორმაციას, უამრავ ბრალდებას - პროქსი ქვეყნად უნდოდათ ჩვენი გამოყენება უკრაინასავით, სანქციების დაწესება მოგვთხოვეს რუსეთისთვის, თავიანთი მდიდარი ენჯეოების ხელით მებრძოლების გაგზავნა მთავრობის ოფიციალური თანხმობით, ჩვენი შეიარაღების გადაცემა უკრაინისთვის; კანდიდატის სტატუსის საკითხი, რომელიც შემოიტანეს და დაგვჩარგეს, მოლდოვას და უკრაინას მიანიჭეს, იმიტომ რომ, ძალიან მარტივია და ფილოსოფია არ სჭრიდება - მღელვარება გამოეწვიათ ჩვენს საზოგადოებაში და თავისი მდიდარი ენჯეოების ხელით მორიგი რევოლუციური სცენარი დაედგათ. ვინც მაგას ვერ ხვდება, იმას უბრალოდ, საღი აზრი არ გააჩნია - არ აქვს მნიშვნელობა, რა პოლიტიკური გემოვნების უნდა იყოს. რეზოლუციები, რომელიც თქვენც [გახარიას პარტიას] უნდა გაწუხებდეთ - რეზოლუციებში რომ გვიწერდნენ, რომ სააკაშვილს ვკლავდით, ვაწამებდით, უნდა გამოვუშვათ, პოლიტიკური დევნილია, თურმე, სალომე ზურაბიშვილი დღესაც რომ საქართველოს პრეზიდენტია, ეგ ხომ "ქართული ოცნების" შეურაცხყოფა არ არის, ეგ ხომ საქართველოს შეურაცხყოფაა, იგივენაირად, რაღაც "მოსკოვის მექანიზმზე" რომ გამოუშვეს ვითომ ვიღაც ექსპერტი დაწერილი ტექსტით, რომელმაც ორ დღეში შეისწავლა საქართველოს ისტორია, ეგ თქვენც ხომ უნდა გაწუხებდეთ? რუსეთს და ბელორუსს რომ აუმუშავებ დედამიწის ზურგზე მარტო მაგ მექანიზმს და მერე საქართველოს, ეგ ხომ ყველაზე ნათელი მაგალითია, რომ სვა ინტერესია ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, ეგ არ გაწუხებთ, ანუ, ეროვნული თავმოყვარეობა არ გაგაჩნიათ? ან არჩევნებში ჩარევა როგორი იყო, მათ შორის, თქვენი პარტიის სასარგებლოდ? - თავიდან ბოლომდე ბრიუსელიდან ჩაგიტარეს აქ წინასაარჩევნო კამპანია.

ან არჩევნების გაყალბება რომ დაგვაბრალეს, ხომ კარგად გახსოვთ? ეუთო-ოდირს დაეყრდნობა ჩვენი შეფასება არჩევნებთან დაკავშირებითო და კორუმპირებულ ორგანიზაციას უწოდებდნენ ეუთო-ოდირს, იმიტომ, რომ დაწერა ეუთო-ოდირმა, რომ იყო კონკურენტული, საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, ცესკო-მ მოახდინა ადმინისტრირება მაღალ დონეზე და ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა საშუალება, რომ ეწარმოებინა მშვიდ გარემოში თავისი საარჩევნო კამპანია. ელჩების დემარში - 27-ვე ქვეყნის ელჩმა დემარში მოგვიწყო, სააკაშვილს კლავთ და აწამებთო, სანქციებს თავს არიდებთო, ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე. ჩინეთთან ნუ პარტნიორობთო და ჩამწკრივდნენ ერთმანეთის მიყოლებითც პეკინთან ალაგებენ ურთიერთობას, შუა კორიდორზე საუბრობენ და საქართველოს არ ახსენებენ. ქალბატონო მინისტრო, მე შეკითხვა მაქვს, თავმოყვარე ერის, თავმოყვარე ხელისუფლების პასუხი ამ ყველაფერზე როგორი უნდა იყოს", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×