თამთა ჩაჩანიძე
15.04.2026

რუსეთში საკანონმდებლო დონეზე განიხილება ინიციატივა, რომელიც სახელმწიფოს აძლევს უფლებას საკუთარი მოქალაქეების დასაცავად სამხედრო ძალაც კი გამოიყენოს ქვეყნის საზღვრებს გარეთ. აღნიშნული საკითხი საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკური სტაბილურობის კუთხით სერიოზულ კითხვებს აჩენს.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ინიციატივა რისკის შემცველია, რადგან რუსეთმა მსგავსი ნორმა შეიძლება გამოიყენოს, როგორც სამართლებრივი საფუძველი სამხედრო მოქმედებების გასამართლებლად სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და სახელმწიფო სუვერენიტეტს.

ამასთან, ანალიტიკოსთა თქმით, იზრდება გეოპოლიტიკური დაძაბულობის რისკი.

რას იხილავენ რუსეთის სათათბიროში

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც საზღვარგარეთ დაკავებული რუსების დასაცავად შეიარაღებული ძალების გამოყენების საშუალებას იძლევა.

რუსეთის სამთავრობო მედიის ცნობით, კერძოდ, რუსეთის პარლამენტმა (სახელმწიფო დუმამ) პირველი მოსმენით მიიღო სამთავრობო კანონპროექტი, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების საშუალებას იძლევა სხვა სახელმწიფოების ან საერთაშორისო სასამართლოების მიერ რუსეთის მოქალაქეების დაკავების, სისხლის სამართლის ან სხვა დევნის შემთხვევაში.

რუსეთის შეიარაღებული ძალების აღნიშნული შემთხვევებისთვის გამოყენების უფლება რუსეთის პრეზიდენტს მიენიჭება.

თუ რუსეთის პარლამენტი საბოლოოდ მიიღებს კანონპროექტს და რუსეთის პრეზიდენტი მას ხელს მოაწერს, ის გამოქვეყნებიდან 10 დღის შემდეგ შევა ძალაში.

რას გამოიწვევს კანონის მიღება

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს რუსეთის მხრიდან დაშინებას ნიშნავს, თუმცა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაც არ გამოირიცხება.

  • ნიკა ჩიტაძე: "სადაც გაუვათ, იქ შეიძლება დააშინონ, შეიძლება პირდაპირ სამხედრო ჯარით არ შეიჭრან, მაგრამ არაა გამორიცხული სტრატეგიული ობიექტები დაბომბონ"

"პირველ რიგში ეს დაშინებას და ძალის დემონსტრირებას ნიშნავს როგორც ასეთს, რომ ვთქვათ რუსეთი ძალას გამოიყენებს, თუმცა, თუ ნატოს წევრ ქვეყანაში დააკავებენ, რუსეთი ვერანაირად ვერ გაბედავს ამ ოპერაციას. თითქოს აქ უფრო იმ სახელმწიფოების მიმართაა დაშინება, რომელიც ალიანსის ქოლგის ქვეშარ არიან, მაგალითად პოსტ საბჭოთა სივრცის სახელმწიფოებზე, იგივე საქართველოზე, რომ არავინ არ გაბედოს რუსეთის მოქალაქის დაკავება.

"სადაც გაუვათ, იქ შეიძლება დააშინონ, შეიძლება პირდაპირ სამხედრო ჯარით არ შეიჭრან, მაგრამ არაა გამორიცხული სტრატეგიული ობიექტები დაბომბონ. თუმცა, უფრო შანტაჟს და ძალის დემონსტრირებას ჰგავს და საკუთარი მოქალაქეების წინაშე რაღაცნაირად იმის გამართლებას, რომ რუსეთი მათ ისე არ დატოვებს.

"განსაკუთრებით ომის შემდეგ, რუსეთის რამდენიმე მაღალჩინოსანზეა საქმე აღძრული, თვითონ ვლადიმერ პუტინზე და თუ სხვებზეც აღიძრება საქმე, რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს.

"რუსეთს მთელს მსიფლიოში სადაზვერვო აგენტურა ჰყავს, არის ე.წ. არალეგალური დაზვერვა. დაზვერვის რომელიმე თანამშრომელი შეიძლება საქმიანობას აწარმოებდეს, მაგრამ მას დიპლომატიური იმუნიტეტი იცავს.

"თუ დადგინდა რომ მიმღები ქვეყნის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა, მას დიპლომატიური იმუნიტეტი იცავს და გაძევებას ექვემდებარება, მაგრამ არალეგალურ დაზვერვაზეა საუბარი, ანუ ასეთი პირები დიპლომატიური იმუნიტეტით არ სარგებლობენ და თუ დააკავეს, მაშინ თითქოს რუსეთი ამ მოქალაქეს რეაგირების გარეშე არ დატივებს და იმ კონკრეტულ ქვეყანას პასუხს აუცილებლად გასცემს.

"ესაა დაშინება, სამ დღეში კიევის აღებას იმუქრებოდნენ, მაგრამ დღეს ორ-სამ ქალაქს ვერ იღებენ. არის მესამე ვარიანტიც, შესაძლოა რუსეთის რომელიმე მოქალაქე რაღაც კრიმინალური საქმიანობისთვის დააკაონ და რუსეთი განაცხადებს, რომ იმიტომ კი არ დააკავეს, რომ ეს ადამიანი კრიმინალია, არამედ გამოუგონეს რაღაცა. ყველასგან მტრის ხატის შექმნა უნდათ, რომ მხოლოდ რუსეთია მართალი და სხვა ყველა მტერი",- განაცხადა ჩიტაძემ.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთმა დაახლობით ანალოგიური და შედარებით უფრო მსუბუქი კანონი 2008 წლის ომამდე მიიღო და მერე საქართველოში შემოიჭრა, ახლა კი უფრო შორს წავიდა.

"საუბარია იმაზე, რომ თუ რუსეთის სანავთობო გემები და მათი გუნდის წევრები დაპატიმრეს, რუსეთი შეიარაღებულ ძალას გამოიყენებს. დაახლოებით ანალოგიური კანონი რუსეთმა 2006-2007 წლებში მიიღო, რომ თუ რუსეთის მოქალაქეს რაიმე საფრთხე შეექმნებოდა, რეაგირებას მოახდენდნენ და მერე რუსები საქართველოში შემოიჭრნენ.

"ახლა რუსეთი უკვე შორს წავიდა და დაპატიმრებაზეც მოახდენს რეაგირებას. ესაა სამხედრო მუქარა იმ ქვეყნების მისამართით, რომლებიც გაბედავენ და რუსეთის მოქალაქეს დააკავებენ.

"შეიძლება უპილოტო საფრენი აპარატებიც კი გამოიყენონ და საჰაერო თავდასხმაზეც წავიდეს, ან გამოიყენოს სამხედრო საზღვაო ძალები. რუსეთის სამხედრო დოქტრინაში წერია, რომ ფლოტს შეუძლია ნებისმიერ საოკეანო სივრცეში ნებისმიერი ოპერაცია განახორციელოს.

  • ვახტანგ მაისაია: "ბალტიის ზღვაში რამდენიმე რუსული სანავთობო გემი დააკავეს და ამზადებს საფუძველს, რომ უკვე ბალტიისპირეთშიც შეიჭრას და სამხედრო აგრესია დაიწყოს, როგორც 2008 წელს საქართველოში შემოიჭრა"

"ამით ქვეყნების დაშინებას ცდილობენ. რაც შეეხება რეალურ ნაბიჯებს, ამ ეტაპზე უცნობია ამაზე წავა თუ არა, მაგრამ შეიძლება ეს მუქარა უფრო ბალტიის სახელმწიფოების მისამართითაა. ბალტიის ზღვაში რამდენიმე რუსული სანავთობო გემი დააკავეს და ამზადებს საფუძველს, რომ უკვე ბალტიისპირეთშიც შეიჭრას და სამხედრო აგრესია დაიწყოს, როგორც 2008 წელს საქართველოში შემოიჭრა",- განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×