
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დღეს მორიგი სხდომა გაიმართა.
პროცესის დასრულების შემდეგ, გიგა ავალიანის დედის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც ეკა კუპატაძე წერს, რომ გიგა ავალიანის საქმეში ბრალდებული დემეტრე ჩიქოვანის დედამ მას შეტყობინება გაუგზავნა, თავად ჩიქოვანის დედა, სოფო ძნელაძე ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.
„ქალბატონ ეკას აქვს ჩემი მიწერილი SMS და სთხოვეთ, რომ მან გაასაჯაროოს. მე ჩემი პირადი ემოციები მივწერე მას და ამაზე საუბარი საჯაროდ არ მინდა. მიმაჩნია და ვთვლი, რომ ის დიალოგი გვეკუთვნის ჩვენ“, – განუცხადა გიგა ავალიანის საქმეში ბრალდებული დემეტრე ჩიქოვანის დედამ, სოფო ძნელაძემ ჟურნალისტებს.
„მასხარად მიგდებს ეს აღვირახსნილი მდედრი, „მოვალ, როგორც დედა დედასთანო“… ამოგიდუღებთ ციხეში, თქვენს მკვლელ ლაწირაკებს!“ – დაწერა დღეს ეკა კუპატაძემ ჩიქოვანის დედის მესიჯის კომენტირებისას.
ცნობისათვის, დემეტრე ჩიქოვანს გიგა ავალიანზე თავდასხმის მომზადებას ედავებიან.