
უკრაინა ისრაელს მოუწოდებს, მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი დააკავოს, რომელიც ხაიფას პორტში შევიდა, - ინფორმაციას გამოცემა თაიმს ოფ ისრაელ ავრცელებს. უკრაინული ცენტრის „მიროტვორეცის" ჟურნალისტის, კატერინა იარესკოს ცნობით, ისრაელმა ხაიფას პორტში შესვლის უფლება მისცა რუსულ გემს, რომელსაც ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიიდან მოპარული მარცვლეული გადააქვს.
აღნიშნულ საკითხზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა თავის ისრაელელ კოლეგას, გიდეონ საარს ესაუბრა.
„ყურადღება გავამახვილე რუსულ გემზე, რომელსაც უკრაინიდან მოპარული მარცვლეული გადააქვს და ისრაელის ერთ-ერთ პორტში შესვლის უფლება მიეცა. ხაზი გავუსვი, რომ მოპარული საქონლით მსგავსი ვაჭრობა დაუშვებელია", - დაწერა სიბიგამ სოციალურ ქსელში.
გამოცემა აქსიოსის ინფორმაციით, ისრაელში უკრაინის ელჩი, ევგენი კორნიიჩუკი საგარეო საქმეთა სამინისტროში მაღალჩინოსნებს 27 მარტს შეხვდა და მათ მოუწოდა, რომ გემის ისრაელის პორტში შესვლა არ დაეშვათ. ასევე, გამოცემის ცნობით, გუშინ უკრაინის გენერალური პროკურორი კიევში ისრაელის ელჩს, მიხაილ ბროდსკის შეხვდა და მასაც მოუწოდა, რომ ისრაელს გემი შეეჩერებინა.
ისრაელში უკრაინის ელჩმა, ევგენი კორნიიჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინა გაბრაზებულია, რადგან ისრაელმა მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ რუსულ გემს ხაიფას პორტში შესვლის ნება დართო.
„ისრაელი არ იქნებოდა ბედნიერი, ჩვენ შესყიდვა ირანიდან რომ დავიწყოთ. ამას არ ვაკეთებთ. ვფიქრობ, შეგვიძლია, რომ მსგავსი რამ რუსეთთან დაკავშირებით თქვენგანაც მოვითხოვოთ", - აღნიშნა ისრაელში უკრაინის ელჩმა.
მისი თქმით, „ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ და საბაჟო სამსახურმა ამის შესახებ იცოდა". „სულ მცირე გემის დაყოვნება შეეძლოთ, ვიდრე დამატებით ინფორმაციას მიიღებდნენ, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს", - განაცხადა ელჩმა.
ანალიტიკოსს გია აბაშიძის შეფასებით, შესაძლოა ეს ნაბიჯი ურთიერთობის დაზიანების თავიდან ასაცილებლად გადაიდგა.
„საერთოდ, ასეთი ინფორმაცია თავდაპირველად რაც ვრცელდება, საჭიროებს გადამოწმებას, თუ რეალურად რა მოხდა და რითი იყო ნაკარნახევი ისრაელის ამგვარი გადაწყვეტილება.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა აქვთ ისრაელსა და რუსეთს, იმის მიუხედავად თუ რა პოზიციონირება აქვს რუსეთს ირანთან დაკავშირებით, შესაბამისად არ გამოვრიცხოთ, რომ ამ ურთიერთობის დაზიანების თავიდან ასაცილებლად გადაიდგა ეს ნაბიჯი.
თუმცა, ვიმეორებ, საინტერესო იქნება რეალურად რა იყო ამ ყველაფრის უკან, ამის დადგენა. ზუსტად ამას დაადგენს საერთაშორისო მედია",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".