მარიამ ვეკუა
15.04.2026

ჩინეთი აშშ-ის გეოპოლიტიკური წნეხის ცენტრში ექცევა - აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინი-ს წერილობით მიმართა და ირანისთვის იარაღის მიწოდებისგან თავშეკავება მოსთხოვა, პარალელურად, ტრამპის განცხადებები ჰორმუზის სრუტის „გახსნაზე" და ნავთობის ბაზრებზე გავლენის შესახებ აჩენს კითხვებს - ცდილობს თუ არა ვაშინგტონი ენერგეტიკული ბერკეტებით ჩინეთზე ზეწოლას.

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს წერილობით მიმართა და ირანისთვის იარაღის მიწოდებისგან თავი შეკავებისკენ მოიწოდა.

ტრამპის თქმით, სი ძინპინმა უპასუხა, რომ ჩინეთი თეირანს იარაღს არ აწვდის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა Fox Business Network-თან ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც ეთერში ოთხშაბათს გავიდა. ინტერვიუ სამშაბათს ჩაიწერა, თუმცა ტრამპს არ დაუკონკრეტებია, როდის მისწერა წერილი ჩინეთის ლიდერს.

გასულ კვირას მან გააფრთხილა ქვეყნები, რომლებიც ირანს იარაღს მიაწვდიან, რომ მათ წინააღმდეგ შესაძლოა დაუყოვნებლივ დაწესდეს 50%-იანი ტარიფები

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანთან ომის ფონზე გლობალური ნავთობის ბაზარზე შესაძლო ცვლილებები, ასევე ვენესუელასთან დაკავშირებული პროცესები, მის მომავალ შეხვედრაზე სი ძინპინთან, რომელიც მომავალ თვეშია დაგეგმილი, არ იმოქმედებს.

„ის არის ადამიანი, რომელსაც ნავთობი სჭირდება. ჩვენ - არა," -განაცხადა ტრამპმა.

მოგვიანებით, სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დონალდ ტრამპი წერდა, რომ ჰორმუზის სრუტეს „მუდმივად ხსნის" და ამით ჩინეთი ძალიან კმაყოფილია.

„ამას მათთვისაც ვაკეთებ - და მსოფლიოსთვის," - აღნიშნა ტრამპმა და დაამატა: „პრეზიდენტი სი ძინპინი რამდენიმე კვირაში, როცა ჩავაღწევ, დიდ მასპინძლობას მომიწყობს."

  • ტრამპი: „ის არის ადამიანი, რომელსაც ნავთობი სჭირდება. ჩვენ - არა,"

თუმცა, გაურკვეველია, რას გულისხმობდა ტრამპი , ჰორმუზის სრუტეზე საუბრისას, ვინაიდან, სრუტეში ნავიგაცია კვლავ შეზღუდულია. თეთრი სახლს ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ტრამპი ჰორმუზის სრუტის ბლოკადით ჩინეთზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს, რადგან ნავთობის დიდი ნაწილი ჩინეთში სწორედ სრუტიდან გადის.

როიტერსი წერს, რომ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ესკალაციის დაწყებიდან 45 დღის შემდეგაც მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია, სრუტის ბლოკირებამ ფაქტობრივად გლობალური ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი გაზის გადაზიდვების დაახლოებით 20% შეაჩერა.

წყაროების ინფორმაციით, სამშაბათისთვის სრუტეში გადაადგილება კვლავ მნიშვნელოვნად შემცირებულია. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეირანთან მოლაპარაკებები ომის დასრულებაზე შესაძლოა მიმდინარე კვირაში განახლდეს, მას შემდეგ რაც შაბათ-კვირას შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ამასთან, შეერთებულმა შტატებმა ირანის პორტებიდან გამავალი გემების ბლოკადა აამოქმედა. აშშ-ის სამხედროების განცხადებით, ეს ზომა ფაქტობრივად სრულად აჩერებს ქვეყნის საზღვაო ვაჭრობას -როგორც იმპორტს, ისე ექსპორტს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×