მარიამ ვეკუა
15.04.2026

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 72 და 75 ხმით სამი საკანონმდებლო ცვლილება დაამტკიცა, რომლებიც ერთდროულად ეხება გრანტების რეგულაციას, შრომითი მიგრაციის წესებსა და უცხოელთა სამართლებრივ სტატუსს. ცვლილებები მნიშვნელოვნად ცვლის როგორც უცხოური დაფინანსების ჩარჩოს, ისე ქვეყანაში შრომისა და ვიზების გაცემის რეჟიმს.

გრანტების კანონში ცვლილებები ძალაში შევიდა - საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „გრანტების შესახებ" კანონში ცვლილება და 72 ხმით მხარი დაუჭირა. საკითხი პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ წარადგინა.

უფრო კონკრეტულად, ცვლილების თანახმად, გრანტად არ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.

გარდა ამისა, უცხოური გრანტის გამცემის მიერ გრანტის გაცემის წესი არ გავრცელდება როგორც „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციისათვის, ასევე ამავე ორგანიზაციის მიერ გაცემულ გრანტებზე.

აღნიშნული წესი ასევე არ გავრცელდება საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის მიერ გაცემულ გრანტებზე.

„შრომითი მიგრაცია"

დღევანდელ მოსმენაზე, დაჩქარებული წესით განიხილეს და 75 ხმით მხარი დაუჭირეს„შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილებასაც.

კანონპროექტის თანახმად, „შრომითი მიგრაციის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება არ გავრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც უკავშირდება უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობას და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას,

თუ იგი: არის საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე გაცემული მოქმედი სპეციალური ბინადრობის ნებართვის მქონე პირი; საქართველოში ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობას და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს სასარგებლოდ ახორციელებს საქმიანობას; შრომით საქმიანობას სრულად ადგილობრივი დამსაქმებლისთვის დისტანციურად ახორციელებს და ეს საქმიანობა მის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას არ საჭიროებს;

შრომით საქმიანობას/მომსახურების გაწევას არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ ახორციელებს და შრომითი საქმიანობა/მომსახურების გაწევა უკავშირდება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას.

საინტერესო დეტალია, რომ ცვლილებებით „შრომითი მიგრაციის შესახებ" საქართველოს კანონს ემატება ახალი ნორმა, რომლის თანახმადაც, უცხოელს უფლება ექნება საქართველოში განახორციელოს მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა შრომითი საქმიანობის უფლებისა და შესაბამისი ბინადრობის ნებართვის გარეშე, თუ აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება დროებითი ვიზიტის ფარგლებში, არ წარმოადგენს ხანგრძლივ დასაქმებას ადგილობრივ შრომის ბაზარზე და დაკავშირებულია კონკრეტულ მოკლევადიან პროექტთან, ღონისძიებასთან ან მომსახურებასთან.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის"

დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირეს„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონსაც,ცვლილებები მესამე მოსმენით, 72 ხმით მიიღეს.

საკითხი კანონმდებლებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გააცნო.

კანონპროექტის თანახმად, ინერგება ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა. აღნიშნული კატეგორიის მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა 5 წლის მოქმედების ვადით და საქართველოში ყოფნის 1 წლის ვადით. C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა გაიცემა მოკლევადიანი მიზნებით საქართველოში მომავალ პირზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მიზნით შემოდის და რომელსაც ასევე უფლება აქვს, განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ - თუ ის უკავშირდება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობას. ამ კატეგორიის ვიზა ასევე გაიცემა პირის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილზე/შვილებზე.

ცვლილებების თანახმად, კანონში ტერმინი E-VISA PORTA ჩანაცვლდება ჩანაწერით - „სპეციალური ვებგვერდი". ამასთან, შესაძლებელი იქნება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით მიღება.

C5 კატეგორიის ვიზის გაცემაზე უარის თქმის დასაბუთების საჭიროების არარსებობის საფუძვლად განისაზღვრება კიდევ ერთი, ახალი საფუძველი - სახელმწიფო საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც გასაჩივრებას არ დაექვემდებარება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×