ნატალია ჯვარიძე
17.04.2026

მოსკოვმა უკვე ღიად განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. აქამდე თუ საუბარი იყო მხოლოდ ნატოზე, ახლა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ თქვა, რომ ეს „მძიმე დარტყმას" მიაყენებს საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან და მოსკოვს მოუწევს ის „არამეგობრული ქვეყნების" სიაში შეიყვანოს.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ეს საქართველოზე გავლენას ვერ მოახდენს. ოპოზიცია კი, მთლიან პასუხიმსგებლობას „ქართულ ოცნებას" აკისრებს.

„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ბრიუსელის მხრიდან დესტრუქციული მოთხოვნების გათვალისწინებით, მძიმე დარტყმას მიაყენებს საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიას და საფრთხეს შეუქმნის ახლობლებს შორის კომუნიკაციის შენარჩუნებას, რომლებიც საქართველოში და რუსეთში ცხოვრობენ - მათ შეიძლება დაკარგონ ერთმანეთის ნორმალურად მონახულების შესაძლებლობა. გარდა ამისა, საქართველოს მოუწევს შეურთდეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულ ენერგეტიკულ ემბარგოს," - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი გაზის ერთ-ერთი მთავარი და სანდო მიმწოდებელია.

„ევროკავშირში გაწევრიანება ასევე ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაკარგავს შეღავათიან სავაჭრო რეჟიმს რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან, რომლებიც მისთვის მთავარი საექსპორტო ბაზრებია," - დასძინა ზახაროვამ.

ასევე, მისი თქმით, საქართველოს მიერ ანტირუსულ სანქციებთან შეერთება ავიამიმოსვლის შეწყვეტას გამოიწვევს და სავიზო რეჟიმის დაბრუნებას.

„ეს უბრალოდ ანტირუსული სანქციები არ არის - ეს არის არალეგიტიმური, უკანონო სანქციები, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით დაწესდა. რას ნიშნავს ეს კონკრეტულად საქართველოსთვის? მაგალითად, რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტას და მკაცრი სავიზო რეჟიმის შემოღებას," - განაცხადა მან.

ამასთან მისი თქმით, რუსეთს მოუწევს საქართველო არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანოს.

„არ ვამბობ, რომ ამის გაკეთება გვსურს, მაგრამ ევროკავშირის ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით, ჩვენ მოგვიწევს საქართველო არამეგობრული რეჟიმების მქონე ქვეყნების სიაში შეიყვანოთ და ჩვენი საპასუხო ეკონომიკური ზომები მასზე გავავრცელოთ."

პასუხი თბილისდან

ამაზე „ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ ჩრდილოელი ოკუპანტის წარმომადგენლის განცხადება საქართველოზე ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს.

„ვერანაირი, ჩრდილოელი ოკუპანტის წარმომადგენლის განცხადება ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს ვერც ჩვენს წინაპრებზე, ვერც ჩვენზე და ვერც ჩვენს მომავალზე. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ვმოქმედებთ პრაგმატულად. ხშირ შემთხვევაში როდესაც ვსაუბრობთ, რომ გარედან დაკვეთით უსამშობლო სუბიექტები მოქმედებენ, ვერანაირ სხვაობას ვერ ვხედავ ზახაროვასა და იმ პირებს შორის, ვისთვისაც ქვეყანა სულერთია", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

პარტია „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ აღნიშნა, რომ მუქარები გაგრძელდება.

„ეს არის სწორედ ის მაგალითი, რაც პირდაპირ ადასტურებს, რომ მარტო, პირისპირ, მოკავშირეების და პარტნიორების გარეშე დარჩენილი საქართველო ყოველთვის იქნება მოწყვლადი. ვისი მხრიდან? პირველ რიგში რუსეთის, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია. ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ „ოცნებას" ეზრუნა ჩვენი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის, მათ შორის ეკონომიკური დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე ჩვენს პარტნიორებთან ერთად - ევროპელებთან, ამერიკელებთან ერთად, ვისაც წლების განმავლობაში უზარმაზარი რესურსი აქვთ ჩადებული ჩვენი ქვეყნის ფეხზე წამოდგომაში და აქ დემოკრატიის და ეკონომიკის და ბევრი სხვა მიმართულების გაძლიერებაში - რა ვნახეთ? ვნახეთ ის, რომ სრულ იზოლაციაში მოაქციეს ქვეყანა. მარტო, პარტნიორების გარეშე დარჩენილი საქართველო რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება ასეთი შანტაჟის და მუქარის, ასე ვთქვათ, ადრესატი. და ამაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ „ოცნებას".

რა გზავნილია საქართველოსთვის

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, რუსეთმა საქართველოს შეატყობინა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე არ უნდა იფიქრონ. ამბობს, რომ ეს ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს.

„მართლაც საინტერესოა რუსეთის მხარის პოზიციის ასეთი ტრანსფორმაცია, რადგან, რამდენადაც ცნობილია, მათ ადრე არ გამოუთქვათ რამე ისეთი სერიოზული პრეტენზია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ძირითადი გართულება ნატოზე ჰქონდათ, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, უკრაინაში ომის შემდეგ, პოზიციები შეიცვალა და ფაქტობრივად, ევროკავშირი რუსეთისთვის მტრული გაერთიანება გახდა. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ამან გამოიწვია ამხელა ტრანსფორმაცია და ევროკავშირიც გახდა მისი პოტენციური მტერი. შესაბამისად, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც იქ გაწევრიანებას ესწრაფვის, არამეგობრულ სიაში ხვდება, რაც ზახაროვამ თქვა.

  • ზაალ ანჯაფარიძე: „ამას მეორე მხარეც აქვს - ეს არის ოპოზიციის ძალიან კარგი საჩუქარი"

„თუმცაღა, აქ მინდა ყურადღება ერთ საკითხზე გავამახვილო, როცა ფაშინიანი რუსეთში იყო ჩასული და პუტინს შეხვდა, მან ასეთი ფრაზა უთხრა - ჩვენ მშვიდად ვუყურებთ სომხეთისა ევროკავშირის დაახლოებასო, მაგრამ, რა თქმა უნდა, იქვე დაამატა, რომ შეუძლებელია ერთდროულად ევრაზიული კავშირის წევრიც იყო და ევროკავშირისაცოო. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ხისტი განცხადება არ გაუკეთებია. ვფიქრობ, ზახაროვას ასეთი მკვეთრი განცხადება გამოწვეულია იმით, რომ რუსეთმა თავიდანვე ყველაფერი ადგილზე განალაგა და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე საქართველოს თავისი პოზიცია შეატყობინა.

„ამას მეორე მხარეც აქვს - ეს არის ოპოზიციის ძალიან კარგი საჩუქარი. რუსეთს ეს აქამდეც უქნია, რომ ნებისმიერი ასეთი ხისტი განცხადება ხელისუფლების ოპონენტებს საფუძველს აძლევს, „ქართული ოცნება" პრორუსულობასა და ანტიდასავლურობაში დაადანაშაულოს. მოკლედ, მე ვფიქრობ, ამ განცხადებას უფრო გამაფრთხილებელი ხასიათი აქვს და მეტი არაფერი, ყოველშემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

კონფლიქტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის აზრით, რუსეთს ეშინია ახალი კავშირის, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის, რაც მიმართული იქნება ევროკავშირისკენ.

  • პატა ზაქარეიშვილი: „ეს არის მხოლოდ „ქართული ოცნების" მიამიტ ამომრჩეველზე გათვლილი შეტყობინება, რითიც ცდილობენ შეაშინონ"

„არჩევნების წინ „ქართული ოცნება" და რუსეთი იოლად სპეკულირებენ-ხოლმე. მოლდოვა აქტიურად მიიწევს ევროკავშირისკენ, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს მასთან კარგი ურთიერთობები აქვს. ევროკავშირი კი ძალიან კორექტულად იქცევა. ამიტომ რუსეთს ეშინია, რომ ქართველებს, განსაკუთრებით ხელისუფლების მომხრეებს ევროკავშირის მიმართ სიმპათიები გაუჩნდებათ. ალბათ, სამ-ოთხ თვეში საქართველოს მიამიტურ საზოგადოებას შეახსენებენ, რომ თუ ევროკავშირისკენ დაიწყებენ წასვლას, რაღაც უპირეტესობას დაკარგავენ. თუმცა რა უპირატესობაზეა საუბარი, ამას არ ამბობენ. ჩვენ გაზით, ნავთობით აზერბაიჯანთან ვართ ჩაბმული და შეგვიძლია რუსეთი ჩავანაცვლოთ.

„გამორიცხული არ არის, ეს ილჰამ ალიევის საქართველოში ჩამოსვლაზე რეაქციაა. ალბათ, ალიევმა დადებითი კონტექსტი იგრძნო ირანიდან გამომდინარე და აზერბაიჯანის ინტერესების გათვალისწინებით ევროკავშირიდან ბევრი მოთხოვნები წამოვა - გაზი, ნავთობი. საქართველო აზერბაიჯანის ერთ-ერთი სერიოზული პარტნიორი ხდება და მგონი, რუსეთმა ახალი ტენდენცია იყნოსა, რომელიც საქართელო-აზერბაიჯანი-თურქეთის ურთიერთობებს გააძლიერებს ევროკავშირის მიმართულებით. ამიტომ ახლა ეს შემოგვითვალა, რომ კი, თქვენ აზერბაიჯანს ეთამამშებით, მაგრამ ჩვენთან რაღაცას დაკარგავთო. არაფერს დავკარგავთ, ეს სისულელეა. რუსეთი გაღატაკებული ქვეყანაა, ირასაც ვერ ეხმარება. კარგად ვიცით, რა ხდება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუ რამდენად გაღარიბებულია მოსახლეობა. ამიტომ ეს არის მხოლოდ „ქართული ოცნების" მიამიტ ამომრჩეველზე გათვლილი შეტყობინება, რითიც ცდილობენ შეაშინონ. აშკარად თვითონ ეშინიათ, რომ შესაძლოა საქართველომ ევროკავშირისკენ პირი იბრუნოს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×