ნატალია ჯვარიძე
17.04.2026

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სტამბოლში, ჟურნალისტებთან რეგიონულ პოლიტიკაზე ისაუბრა, სამხრეთკავკასიელი მეზობლები შეაქო, ოპოზიციის ქმედებებს „სამარცხვინო" უწოდა, ევროკავშირზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ „ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებელ ფაქტორად, მისი ფილტრით ვრცელდება საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაცია, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ორმხრივი კომუნიკაცია".

„სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებელ ფაქტორად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში და მისი ფილტრით ხდება საქართველოზე არასწორი ინფორმაციის გავრცელება. ვხედავთ, რომ დეზინფორმაცია, რომელსაც ბრიუსელიდან ვისმენთ საქართველოზე, ვრცელდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ამიტომ ორმხრივ კომუნიკაციას აქვს მნიშვნელობა. ვფიქრობ, ძალიან შინაარსიანი შეხვედრები გვქონდა. არის სურვილი, რომ უშუალო შეხვედრების გზით, ჩვენი ვიზიტებით დედაქალაქებში, გვქონდეს პირდაპირი კონტაქტი ჩვენს კოლეგებთან", - თქვა პაპუაშვილმა, რომელიც თურქეთში სტამბოლში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის გენასამბლეის 152-ე სხდომის ფარგლებში იმყოფება.

  • შალვა პაპუაშვილი:„ვხედავთ, რომ ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებელ ფაქტორად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში და მისი ფილტრით ხდება საქართველოზე არასწორი ინფორმაციის გავრცელება"

ამბობს, რომ შუა დერეფანი იძენს მნიშვნელობას და ამ მხრივ, რეგიონის ქვეყნების ხელისუფლებების დამსახურებაა, რომ შუა დერეფანში არ არის ის არეულობა და კრიზისები, რასაც გარშემო ვხედავთ.

„საბედნიეროდ, თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფლებები, ზოგადად, რეგიონის ქვეყნების ხელისუფლებები ბრძნულ პოლიტიკას ატარებენ, რათა ჩვენს რეგიონში მშვიდობა შევინარჩუნოთ. ვხედავთ, რა მნიშვნელობას იძენს შუა დერეფანი და ამ მხრივ ჩვენი ხელისუფლებების დამსახურებაა, რომ ამ დერეფანში არ არის ის არეულობა და კრიზისები, რასაც ჩვენ გარშემო ვხედავთ."

ამასთან, პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიერ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კრიტიკაზე.

„სამწუხაროა, რომ ჩვენ ვხედავთ ზუსტად იმავე ხალხს, არაფერი ახალი არ არის, პეტრე ცაავა ნანუკა ჟორჟოლიანთან იყო ხომ, ერთიც და მეორეც იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის" ტელევიზიის ჟურნალისტი თუ რესპონდენტი. ტელევიზიაში რაც მაშინ ხდებოდა, ახლა გადაიტანეს სოცმედიის არხებზე. არაფერი შეცვლილა, ვერაფერს სწავლობს „ნაცმოძრაობა", რა ბოროტი ძალაც იყო ხელისუფლებაში და ოპოზიციაში, ისევ ისეთ ბოროტ ძალად რჩება, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს, ყველანაირ ღირებულებას, რომელსაც ჩვენი, ქართული ღირებულება ჰქვია. ევროპული ღირებულებების დროშით, რომელსაც თვითონაც ვერ ხსნიან, რას გულისხმობენ ამ ევროპულ ღირებულებებში, ცდილობენ, ჩაანაცვლონ ქართული ღირებულებები. არადა, საქმე პირიქით არის, სწორედ ქართული ღირებულებაა ჭეშმარიტად ევროპული ღირებულება. ვინც ქართულ ღირებულებებს სცდება, ის სცდება ევროპულ ღირებულებებსაც. ეს კიდევ ერთი ლუსტრაციაა, რომ ნირს არ შეიცვლის „ნაცმოძრაობის" არცერთი წევრი თუ აპოლოგეტი", - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას აღნიშნა, უნგრელობის მანტიის მორგება პირველი რომ იყოს, კიდევ კარგი, მაგრამ ვნახეთ, ჯერ ნეპალელები გახდნენ, შემდეგ - ვენესუელები და ირანელები.

„მზად არიან, იყვნენ ყველა - ქართველების გარდა. ეს მთავარი პრობლემაა, რადგან ისინი არ არიან ქართველები თავიანთი სულით. ანტიქართველები არიან თავიანთი პოლიტიკით. სწორედ მათი პოლიტიკაა საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმება. მათი მიზანია, საქართველო იყოს დიდი ქვეყნების შეკვეთების შემსრულებლები და მხარი ავუბათ სხვის ნაბიჯებს და ვიაროთ ამ ნაბიჯებით. „ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ასე რომ დადიოდა, ამიტომაც მივიღეთ ომი და უბედურება საქართველოში. „ქართული ოცნების" ხელისუფლება ასე რომ არ მოქმედებს, ამიტომ გვაქვს 14-წლიანი მშვიდობა. ჩვენც ისე რომ მოვქცეულიყავით, როგორც ესენი იქცეოდნენ, დაგვეჯერებინა ბრიუსელითვის და ესკალაციაზე წავსულიყავით, დღეს კიდევ ერთი ომმგამოვლილი ქვეყანა ვიქნებოდით. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ისინი ქართველი პოლიტიკოსები არ არიან, უნდათ, იყვნენ ხან უნგრელი პოლიტიკოსი, ხან ნეპალელი და ვერასოდეს იქნებიან ქართველი პოლიტიკოსები. ამ მხრივ მათი საშველი არ იქნება."

პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, „„პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს უწერს".

„ვხედავდათ, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს, რაც ამერიკული წყაროებით ფინანსდებოდა და ორგანიზდებოდა ამერიკული არხებით, დღეს გადმორთულია ევროკავშირზე. თუკი ადრე იყო აკერმანი, რომელიც საქართველოში შუღლის გაღვივების, მტრობის, არეულობის ორგანიზების სცენარებს წერდა, მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ყოველგვარი ასეთი მავნებლური დაფინანსებები შეწყვიტა და ჩახსნა, დღეს ყველაფერი არის ევროკავშირს მხრებზე, ყველა ასეთი არეულობა ევროკავშირიდან უნდა დაფინანსდეს და დაორგანიზდეს.

ცივილიზაციურ უფსკრულზე როცა ვსაუბრობთ, სწორედ ეს ფაქტიც აჩვენებს, სად მიაქანებს ბრიუსელი ევროკავშირს, როდესაც მათი ტერიტორიიდან ხდება სხვა ქვეყანაში არეულობის ორგანიზება. ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლაც მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად. პირველ ყოვლისა, ეს არის ევროკავშირის სირცხვილი, ამ ისტორიის გამჟღავნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, დეტალურად ჩავეძიებით, კიდევ რასთან გვაქვს საქმე, ვინ არიან ქართული პასპორტის მქონე ის ადამიანები, რომლებიც ასე ღიად არიან ჩართული სპეცსამსახურების პროექტებში. ამ ყველაფერს, იმედია, სათანადო შუქი მოეფინება და საზოგადოება ყველას იხილავს სახელებითა და გვარებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×