რეზონანსი
18.04.2026

ჩეხეთის ტერიტორია გამოიყენება, რომ საქართველოში მოხდეს არეულობის ინსპირაცია, სუვერენიტეტის შელახვა, ანტიდემოკრატიული პროცესები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს უწერს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეტალურად დააკვირდეს ამ პროცესს.

„მგონი, ხელის გულზე დევს, რასთანაც ჩვენ გვაქვს საქმე. ის, რაც ადრე კეთდებოდა ამერიკის წინა ადმინისტრაციის დაფინანსებით, აკერმანის და სხვა მსგავსი ინსტრუქტორების მონაწილეობით, მათ შორის, საქართველოში, უკვე რამდენიმე ხანია, ამგვარი მავნე პრაქტიკა გადასულია ევროკავშირში. სამწუხაროდ, ევროკავშირის ტერიტორია დღეს გამოიყენება სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის ხელყოფისთვის და ეს არის ამის ნათელი მაგალითი, ჩეხეთის ტერიტორია გამოიყენება, რომ საქართველოში მოხდეს არეულობის ინსპირაცია, სუვერენიტეტის შელახვა, ანტიდემოკრატიული პროცესები.

რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც გარკვეული დეტალები გახდა ცნობილი, მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების სამსახური ძალიან დეტალურად დააკვირდეს ამ პროცესს. ფაქტია, ჩვენ საქმე გვაქვს სპეცსამსახურების სახელმძღვანელოს მიხედვით ჯგუფების მომზადებასთან, რათა ქვეყანა არიონ. ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება. როგორც სხვა შემთხვევებში, დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ძალიან დეტალურად დააკვირდება, გამოავლენს რასთან გვაქვს საქმე. ფაქტია, ქართული პასპორტის მქონე სახელით და გვარით ქართველები პირდაპირ მონაწილეობენ სპეცსამსახურების სცენარით მიმდინარე პროცესებში. მე რაც ვნახე, ორგანიზაცია, რომელსაც ეს ბატონი წარმოადგენს, ფინანსდება ევროპული ფონდებიდან, მათ შორის, მილიონობით დაფინანსებას გასცემს, ორიენტირებულია და სპეციფიკურად უყურებს კავკასიის რეგიონს, აღმოსავლეთ ევროპას. ჩანს, რომ არის მავნე მიზნები და განზრახვები, იკვეთება პირდაპირ სპეცსამსახურების ხელი, რომ სხვა ქვეყნებში არიონ სიტუაცია. სირცხვილია, თუ სადამდე მიდის ევროპული ფონდების დაფინანსების ანტიდემოკრატიული ტენდენციები და ამის შეჩერება არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ვფიქრობ, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის და ჩვენც ამაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ მხილებით, რომ დღეს ევროპული ფული იქცა სხვა ქვეყნების, სხვა ერების ცხოვრებაში ხელის ფათურის, სხვა ერების ცხოვრების და ყოფის არევის, დემოკრატიის ხელყოფის და ძალადობის წახალისების წყაროდ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულიც იკვეთებოდეს, თუ საქართველოში არადეკლარირებული ფული იხარჯება, პოლიტიკური ამოცანა კი, ამ ყველაფრის მხილებაა.

„თვითონ იგორ ბლაჟევიჩზე, მის საქმიანობაზე, რაც ღია წყაროებიდან ვნახე, მის ორგანიზაციაში სხვათა შორის ერთ-ერთი ქართველიც მუშაობს. საინტერესოა, გვახსენებს ისტორიაში რაც გვაქვს ნასწავლი - ქართველები, რომლებიც გადაიხვეწებოდნენ სხვა ქვეყანაში და შემდეგ იქიდან ურევდნენ საკუთარი ქვეყნის ცხოვრებას. ამას ვხედავთ დღესაც, რადგან ამ ორგანიზაციაშიც მუშაობენ თუ მასთან თანამშრომლობენ სახელით და გვარით ქართველები, თუმცა სულით უცხო დროშის მოფრიალე ადამიანები. ღია წყაროებიდან რაც ჩანს, თვითონ ორგანიზაცია მილიონობით გრანტებს და ფულს გასცემს სპეციფიკურად აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონში. აქედან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოშიც, სავარაუდოდ, ხარჯავს ფულს, რაც ფაქტია, რომ არ არის შეთანხმებული და არც გამჭვირვალე. ასე რომ, ყველაფერთან ერთად, აშკარაა, რომ ეს სპეცსამსახურების სტილის ქმედებებია. ასევე ჩანს, რომ შეიძლება იყოს აქ გარკვეული სისხლის სამართლის დანაშაულიც კი, თუკი არადეკლარირებული ფული იხარჯება საქართველოში, როგორც გამჭვირვალობის მხრივ, ისე საგადასახადო მხრივ. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, უსაფრთხოების სამსახური ამ ყველაფერს დააკვირდება და შეისწავლის. პოლიტიკურად ჩვენი ამოცანა კი არის ამ ყველაფრის მხილება, ქართველების იმედგაცრუება, რომ ჩვენ გვინდოდა ევროკავშირი მშვიდობისთვის და ევროკავშირიდან ვიღებთ მხოლოდ მტრობის, გაყოფის და შუღლის წახალისებას, რაც არის კატასტროფა ევროკავშირისთვის, რომელიც დღევანდელი ხელმძღვანელების წყალობით აცდენილია ყველანაირ ღირებულებას, რაზეც კი ზოგადად ცივილიზაციური კაცობრიობა დგას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×