
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება „ბიბისი“-ს რიგით მესამე საჩივრით მიმართავს. მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა არის კოშმარი.
„არ ვიცი, რა პირით გვესაუბრებიან ხოლმე რაიმე მართლმსაჯულების თუ სამართლებრივ პროცედურებზე. ჩვენ იძულებული ვართ, მანამ, სანამ მივმართავდით სასამართლოსთვის, მიგვემართა თავად BBC-თვის. ჯერ დასხდნენ იგივე ჟურნალისტები,ვინც ცილისწამება გაავრცელა. განიხილეს ჩვენი საჩივრები და თქვეს, რომ არა ჩვენ ვართ მართლებიო. ეს საერთოდ აბსურდია, ის ჟურნალისტებმა, ვინც ტყუილი გამოიგონა, განიხილეს ჩვენი საკითხი და გვითხრეს უარი. შემდეგ შევაბრუნეთ საჩივარი და სამწუხაროდ, იმ მართლაც რა გითხრათ მსხვერპლის საზიანო კანონმდებლობით , რომელიც ბრიტანეთში არსებობს და აბსოლუტურად არღვევს მაყურებლის თუ ადამიანის უფლებას, აბსოლუტურად აცდენილია. შევიტანეთ ხელახალი საჩივარი, ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ შემდეგი ინსტანცია გახლავთ იმ ხალხის რედაქცია, სარედაქციო ჯგუფი, რომელმაც დაავალა ეს სიუჟეტი, ჩაიბარა ეს სიუჟეტი და გაუშვა ეს სიუჟეტი - ამ რედაქციამ განიხილა და მათაც ჩვენდა გასაკვირად, თქვეს, რომ არა, ჩვენ ვიყავით მართლებიო, უარი შემოვიდა. ახლა ვართ მესამე ეტაპზე, რომ შევიტანოთ კიდევ ერთი საჩივარი. ისევ BBC-ის უნდა მივმართოთ, სადაც ერთი დონით მაღლა ხდება განხილვა, მაგრამ ასევე BBC-ში, რომელმაც ეს სიუჟეტი დაუკვეთა, ჩაიბარა და გაუშვა. ასე რომ ჩვენ ვამზადებთ ახლა მესამე საჩივარს , რომელიც შებრუნდება ასევე BBC-ში, ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება და შემდეგ, შემდეგი ეტაპებია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ გასაჩივრებას უყურებს, როგორც ფორმალობას.
„BBC-ში გასაჩივრებას ვუყურებთ როგორც ფორმალობას, ფაქტია, რომ ვინც დააშავა, არ იტყვის, რომ მე ვარ დამნაშავეო, ფაქტია, რომ დიდ ბრიტანეთში კანონმდებლობა არის ისეთი,რომელიც არის მტრული მსხვერპლის მიმართ. თქვენ წარმოიდგინეთ ამის უკან რამხელა შრომა და ხარჯი დევს . წარმიდგინეთ, რომ ამას ჩიოდეს არა პარტია, რომელიც ფინანსურად ძლიერი არის და შესაძლებლობაც აქვს იურიდიული გამოცდილებაც ასეთ სარჩელებზე იმუშაოს , წარმოიდგინეთ ჩვეულებრივ ადამიანს დაეჯახოს ამხელა BBC. ფაქტობრივად, მსხვერპლი არის ჭიანჭველას დონეზე, რომელსაც არანაირი უფლება არ აქვს“, - აცხადებს პაპუაშვილი.
ის ასევე დასძენს, რომ „შემდეგ ჯერზე, როდესაც დიდი ბრიტანეთი ერთ სიტყვას დაძრავს მედიასთან დაკავშირებით“, შეახსენებენ, რომ „აბსოლუტურად მსხვერპლის მიმართ მტრული სამართლებრივი გარემოა“.