
პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალია დისკუსია, დებატი და ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენა, - ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე პოლარიზაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. ამასთან, როგორც ცოტნე ივანიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, მეორე მხარესთან საერთო ღირებულებები აერთიანებდეთ.
„მგონია, რომ პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალია დისკუსია, დებატი და ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, მეორე მხარესთან, იმ ადამიანთან, რომელსაც ვესაუბრებით, გვაერთიანებდეს ერთი საერთო პოსტულატი, ღირებულება, რასაც, ჩემი აზრით, სამშობლოს რეალური სიყვარული ჰქვია. ორი ადამიანი თუ ჭეშმარიტად ზრუნავს თავის სამშობლოზე, როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს მათი აზრი, საუბარს, დისკუსიას, დებატს უკვე ძალიან ბევრი კარგის მოცემა შეუძლია. პირიქით, როდესაც ადამიანს ქვეყანაში მომხდარი ცუდი მოვლენა ახარებს და ქვეყნის კარგი აუბედურებს, სამწუხაროდ, ასეთ ადამიანთან საუბარს აზრი არ აქვს. აქედან გამომდინარე, ვიტყვი, თუ გვაერთიანებს საერთო ღირებულება – ჩვენი საყვარელი საქართველოს, სამშობლოს სიყვარული, ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ დისკუსია ან დებატი, რომელიც შეიძლება, დაწყებულიც არ იყოს, დასრულდეს „ქოცის“, „რუსის“, „აკაცუკის“, „ნაცის“ ძახილით, ერთმანეთის არგუმენტის მოსმენის, ლოგიკური ჯაჭვის ჩამოყალიბების ნაცვლად“, - აღნიშნა ცოტნე ივანიშვილმა.
მისი თქმით, დისკუსია კარგი გამოსავალია და მოახერხებენ, რომ პოლარიზაცია დებატებით ჩანაცვლდეს.
„ჩემი აზრით, არასწორია, ადამიანი განსაჯო მისი თეზისიდან გამომდინარე და არა მისი არგუმენტიდან გამომდინარე, ისევე როგორც, არ უნდა გააკრიტიკო წიგნი, რომელიც არ გაქვს წაკითხული. შესაბამისად, მე ამ თემას საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებ, გამომდინარე იქიდან, თუნდაც ეს შეხვედრაც ემსახურება იმას, რომ მეტი საუბარი არსებობდეს ახალგაზრდებს შორის. დარწმუნებული ვარ, სამშობლოს სიყვარული ძალიან ბევრს აერთიანებს ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, მოვახერხებთ, რომ მეტი საუბარი დაინერგოს, ეს პოლარიზაცია, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი, ჩანაცვლდეს დებატით, რომელიც მიმაჩნია უალტერნატივოდ. ძალიან მიხარია დღესაც აქ ყოფნა, რომ მოგვეცა იდეების გაცვლის შანსი. დიდი იმედი მაქვს, მეტი მსგავსი ტიპის საუბარი, შეხვედრა ჩატარდება, იქნება ეს „ქართული ოცნების“ თუ ნებისმიერი სხვა ახალგაზრდის მხრიდან. დიდი იმედი მაქვს, დიალოგი გახშირდება ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად, ოპტიმისტურად ვუყურებ ამ ყველაფერს, რადგან, მგონია, დებატი, დისკუსია ნამდვილად კარგი გამოსავალია პოლარიზაციიდან, რომელიც ხელოვნურად შექმნილია“, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.