
პრემიერი ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ 2028 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს და ხელისუფლებაში მეოთხედ მოვა, დასძენს, რომ ყველას შეუძლია მოემზადოს არჩევნებისთვის. თუმცა, ახსენებს იმასაც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაველოდოთ.
„ოცნებამ" 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომელიც 3 ოპოზიციური გაერთიანების - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „კოალიცია ცვლილებისთვის" და „ძლიერი საქართველო" - არაკონსტიტუციურად გამოცხადებასა და აკრძალვას ითხოვს. სასამართლოს მსჯელობისთვის 9 თვიანი ვადა აქვს, რაც ივლისში იწურება.
„ეს არის არსებითად უცხოური აგენტურა, ასეთ დროს მათი აგრესიული დამოკიდებულება არჩევნების მიმართ საერთოდ არ არის გასაკვირი. როცა აგებ არჩევნებს, მერე გიჩნდება აგრესია შესაბამისი მოვლენის მიმართ, აქედან გამომდინარე, ამ აგრესიისგან ისინი, ბუნებრივია, ვერ გათავისუფლდებიან, თუმცა აქვთ ახლა ერთგვარი გამონათება და საუბრობენ არჩევნებთან დაკავშირებით. არსებითად არ ცვლის არავისთვის ეს ვითარება არაფერს - არც ქვეყნისთვის, არც ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის. ჩვენ როგორც ვემზადებოდით წარსულში, ასევე ვემზადებით 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავიმარჯვებთ. იმდენად დისკრედიტებულია დღეს ოპოზიცია, რომ მათ წარმატების არავითარი შანსი არ აქვთ არც 2,5 წელში."
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნებას" უმრავლეოსბაში, ან ნორმალურ ოპოზიციასთან კოალიციაში მოსვლის კარგი შანსი აქვს".
„მოგეხსენებათ, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" პარტიის წევრი ვარ და, რა თქმა უნდა, მინდა, რომ ჩვენმა პარტიამ ქულები მაქსიმალურად აიღოს. სიტუაციის განვითარება გვაჩვენებს, რა და როგორ იქნება, მაგრამ 2028 წლის არჩევნებზე გასვლა ნამდვილად გვინდა. ოფისებს ვხსნით, ხალხი მოდის. ჩვენ ნამდვილი ოპოზიცია ვართ, ოღონდ ნეიტრალიტეტის მომხრე.
- პეტრე მამრაძე: „ოცნებას" ან უმრავლესობაში მოსვლის კარგი შანსები აქვს, ან კოალიციაში ნორმალურ ოპოზიციასთან"
„ანტიეროვნულმა ძალები - აი ეს ოთხი პარტია, რომლებმაც 2024 წელს ბარიერი გადალახეს და პარლამენტში მხოლოდ გახარიას თანამზრახველები შევიდნენ, ამათ ხმების დაგროვების შანსი არ ექნებათ. „ოცნებას", ეკონომიკური წინსვლის და პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი შანსი აქვს, მაგრამ მე ამას არ ვამბობ, რომ ჩვენს ხარჯზე იქნება, ჩვენც კარგი შანსები უნდა გვქონდეს. „ოცნებას" ან უმრავლესობაში მოსვლის კარგი შანსები აქვს, ან კოალიციაში ნორმალურ ოპოზიციასთან".
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ ეტაპზე „ოცნებას" მაქსიმუმ 35% აქვს და პრობლემა სუსტ ოპოზიციაშია.
„ქართულ ოცნებას" ამ ეტაპზე მაქსიმუმ 30-35% მხარდაჭერა აქვს. პრობლემა ისაა, რომ ოპოზიციაა სუსტი, „ოცნებამ" 2024 წელსაც იმით გაიმარჯვა, რომ ოპოზიციამ ერთმანეთში ვერ გაარკვია, რა და როგორ უნდა ეკეთებინა. თუ ოპზიცია მიხვდება, რა არის საკეთებელი, ერთმანეთს არ დაუწყებენ ჩაძირვას, როგორც 4 ოქტომბრის არჩევნების დროს მოხდა, არამედ „ოცნების" წინააღმდეგ ერთ გუნდად იმუშავებენ და ყველა თავისი ამომრჩევლის მაქსიმალურ მოზიდვას შეძლებს, მაშინ „ქართული ოცნება" დამარცხებულია. თუ ამომრჩევლის გადაბირებას დაიწყებენ, რომ სხვა ოპოზიციური ძალა ჩაძირონ, მაშინ „ქართული ოცნება" ამით ისარგებლებს და დიდი ალბათობით ის 35% საკმარისი იქნება იმისთვის, რომ 65% დაამარცხოს", - განაცხადა ძაბირაძემ.
„დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს"
პეტრე მამრაძეს მოლოდინი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ენმ-ს და მასთან „პირდაპირ აფილირებულ ძალებს აკრძალავს"
„დარწმუნებული ვარ, ანტიეროვნული ძალები ვერ გაიმარჯვებენ, 2024 წლის არჩევნებში 150 ადგილიდან 89 „ოცნების" იყო და 61 მათ აიღეს. წინა არჩევნებზე 90/60-ზე იყო - ფაქტიურად იგივე. აი, მე ვაცხადებ, რომ 2028 წელს ვერ აიღებენ თუნდაც იმდენს, რამდენსაც წინა არჩევნებზე.
„დრო გადის, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ყველაფერი გადაცემულია, ვნახეთ კომისიამ როგორ იმუშავა. მომიწია რეგიონებში გასვლა და ადამიანები საკმაოდ გაღიზიანებით მეკითხებოდნენ, რომ რეალურად რამე ხდება, თუ ეს მხოლოდ ფორმალობა იყო. საკმაოდ დიდი ნაწილი სააკაშვილის საკეპ მანქანაში გავიდა და მაინც იმედი მაქვს, რომ კონსტიტუციის შესაბამისად და კანონის უზენაესი დაცვით რაღაც გადაწყვეტილება იქნება და აიკრძალება„ ნაცმოძრაობა" და მასთან პირდაპირ აფილირებული ძალები."
როგორც ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, „დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს" ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციამ რეალური პრობლემების გამოსწორებაზე არ იფიქროს.
„ოპოზიციას ცხვირწინ თემა ჩამოუკიდეს, არადა ქვეყანაში უამრავი პრობლემაა და ამაზე ხმას არ იღებს. თუ აკრძალავენ, აკრძალონ, რა პრობლემაა, გვაქვს იმის გამოცდილება, რომ ვიყავით არაფორმალები და ვაიძულეთ ხელისუფლება, რომ არჩევნებზე პოლიტიკური პარტები დაეშვა. არაფორმალურად იბრძოლებენ, რა პრობლემაა, თუ მათ ამ მიმართულებით წასვლა შეუძლიათ - ჯერჯერობით არ შეუძლიათ.
„ლეგიტიმურია თუ არა ხელისუფლება, მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, ორბანი რატომ და როგორ დამარცხდა - ჯერჯერობით ამას არკვევენ, ეს პოლიტიკური ელიტის რაღაც ნაწილს აინტერესებდეს, მაგრამ ამომრჩეველს სულ არ აინტერესებს და არ აწუხებს, რატომ დამარცხდა ორბანი. „ქართული ოცნება" კი არ გაიმარჯვებს და ვერ გაიმარჯვებს, შეიძლება ოპოზიცია დამარცხდეს, ისევე როგორც აქამდე რამდენჯერმე მოხდა.
- ვახტანგ ძაბირაძე: „ქართულ ოცნებას" ამ ეტაპზე მაქსიმუმ 30-35% მხარდაჭერა აქვს. პრობლემა ისაა, რომ ოპოზიციაა სუსტი"
„თუ „ოცნება" დაინახავს, რომ პარტიების აკრძალვას გადამწყვეტი მნიშვნელობა არავისთვის არ აქვს, მაშინ არ აკრძალავს. საერთოდაც ეს შემოდგებული თემაა. რა მნიშვნელობა აქვს, აკრძალავენ თუ არა, ბრძოლა ხომ შეიძლება? იბრძოლონ და ეგ იქნება. თუ მოსახლეობის 60-70% ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერი იქნება, ხელისუფლება იძულებული გახდება დათმობებზე წავიდეს, მაგრამ ჯერჯერობით ასე არაა. ჯამურად ასეა, მაგრამ როგორც კი ამომრჩეველი ფრაქციებად იყოფა, მაშინ უკვე „ოცნება" იმარჯვებს",- განაცხადა ძაბირაძემ.