
ხელისუფლებაში ამბობენ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერს შორის გამართული სატელეფონო საუბრის მთავარი გზავნილი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის აღდგენის მზაობა იყო. აქვე, მმართველ პარტიაში საუბარია იმაზე, რომ ამ თვეში აშშ-დან დელეგაცია ჩამოვა, თუმცა მის შემადგენლობას და კონკრეტულ თარიღს კვლავ არ ასაჯაროვებენ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ძველი ურთიერთობების დაბრუნება გარკვეული გარემოებების გამო შეუძლებელია, თუმცა ურთიერთობა თავიდანაა გასავითარებელი, რისი მინიშნებებიც უკვე იკვეთება.
„გადატვირთვა ალბათ ძველი ტერმინია იმ მხრივ, რომ დრო მიდის და რაღაც რომ ხდება, იმას თავისი სიახლეები ახლავს თან. ასე რომ, ძველის დაბრუნება შეუძლებელია-ხოლმე. ამიტომ მეეჭვება, რომ „გადატვირთვის" ქვეშ ძველის დაბრუნება იგულისხმებოდეს. მე მგონი ძირითადად ამაზეა ლაპარაკი, რომ აშშ-საქართველოს შორის დღევანდელი ურთიერთობა თავიდანაა გასავითარებელი.
„ბოლოდროინდელი კომუნიკაციები, შეხვედრები, ვიზიტები ამის ინდიკაციებია, რადგან ჩვენთან გაბუტულ მხარეს, ევროკავშირს რომ შევხედოთ, იქ ვიზიტები გაცილებით ნაკლებია. ასეთი გაბუტვის სტილი აშშ-ს მხრიდან არ ჩანს და სავარაუდოა, რომ გაბუტვას არც აპირებენ. ნაბიჯები გადაიდგმება და არსებითი ნაბიჯები ალბათ მაინც მერე გამოჩნდება, როცა ამერიკა ჩინეთთან ურთიერთობას დაალაგებს."
კითხვაზე, რა შინაარსით, მიზნით და რა შემადგენლობით შეიძლება ჩამოვიდეს „აპრილის ვიზიტის" ფარგლებში აშშ-დან დელეგაცია, საყვარელიძემ გვითხრა:
„მაინც მგონია, რომ ძირითადი პოლიტიკური გზავნილები თუ გადაწყვეტილებები უკვე გაკეთებულია და ჯგუფი ალბათ მაინც ურთიერთობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმუშავებს. ანაკლია, ტრანზიტი, აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის ურთიერთობები - ეს თემები ალბათ წამყვანი იქნება.
„ალბათ ჯგუფში შევლენ ეკონომიკის წარმომადგენლები, უშიშროება, პოლიტიკური ლიდერები და ა.შ. უსაფრთხოების ნაწილი სავარაუდოდ რეგიონში შექმნილი სიტუაციის განხილვის მიზნით ჩამოვა."
საყვარელიძემ ისაუბრა იმაზეც, რა უნდა გაარკვიონ ჩინეთმა და ამერიკამ.
„ჩვენთან მიმართებაში იმდენად არა, რამდენადაც ერთმანეთთან აქვთ გასარკვევი. უკვე ასი წლის ჰენრი კისინჯერის (აწ გარდაცვლილი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი - რედ.) ბოლო ვიზიტი სწორედ ჩინეთში შედგა და სავარაუდოა, რომ ამერიკელებმა ეს ვიზიტი სთხოვეს, თორემ ჩინეთით დაინტერესება მისი მიზანი არ იქნებოდა. კისინჯერი ზოგადად ასეთ ფიგურად დარჩება, რომ ის მიზანშეწინილად მიიჩნევდა, დიდ სახელმწიფოებს ერთმანეთისთვის უშუალო კონკურენცია არ გაეწიათ, მშვიდობიანი თანაარსებობის მოდელებს ეძებდა და პოულობდა. სავარაუდოა, რომ ასეთი მშვიდობიანი თანაარსებობის მოდელის შემუშავება ჩინეთთანაც დაიწყო და თუკი ჩინეთ-აშშ-ს შორის მშვიდობიანი თანაარსებობა იქნა, ეს ბევრ სხვა საკითხსა და მათ შორის კავკასიის თემას დადებითად გადაწყვეტს. თუკი კონფრონტაციის რეჟიმი იქნა, მაშინ სავარაუდოა, რომ ასეთი კონფრონტაცია კავკასიაზეც გაივლის.
„ალბათ უკეთესია დაველოდოთ იმ მხრივ, რომ წინასწარ პროგნოზების კეთება სასურველი არაა, რადგან სავარაუდოდ საბოლოო გადაწყვეტილებები არც დიდ ქვეყნებში იქნება მომწიფებული. იქ კიდევ უფრო მეტი დრო სჭირდება-ხოლმე ამა თუ იმ გადაწყვეტილებების მომწიფებას, ვიდრე საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაში."
- რამაზ საყვარელიძე: „მეეჭვება, რომ „გადატვირთვის" ქვეშ ძველის დაბრუნება იგულისხმებოდეს, მაგრამ ის, რომ აშშ-საქართველოს შორის დღევანდელი ურთიერთობა თავიდან გასავითარებელია, მე მგონი ძირითადად ამაზეა ლაპარაკი"
პარლამენტის თავმჯომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ აშშ-ს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის თარიღი შეთანხმებული არ ყოფილა.
„არ ვიცი, კონკრეტული ჯერ დაგეგმილია ასე, არაფერია. თავისთავად იგულისხმება, რომ როდესაც არის სურვილი ორივე მხრიდან და სწორედ ეს იყო სახელმწიფო მდივნის სატელეფონო ზარის მიზანიც, რომ უმაღლეს დონეზე დაედასტურებინა აშშ-ს სურვილი, რომ დიალოგი აღდგენილიყო, ჩვენი ურთიერთობა იყოს იქ, სადაც იმსახურებს, რომ იყოს. შესაბამისად, შემდეგი ნაბიჯები გულისხმობს კომუნიკაციას, ეს იქნება ვიზიტებით თუ სხვა სახის კომუნიკაცია, ეს უკვე ტექნიკური საკითხია. იცით, რომ ბოლო პერიოდში ინტენსიურია ვიზიტები, როგორც საქართველოში ისე, პირიქითაც, ახლა განათლების მინისტრი იმყოფება აშშ-ში და შეხვედრებს მართავს. [აშშ-ს დელეგაციის საქართველოში ვიზიტზე] რამე თარიღი არ ყოფილა შეთანხმებული, ფაქტია, რომ არის კომუნიკაციის, ვიზების სურვილი. რა და როგორ იქნება, ეს ლოჯისტიკის საკითხია" , - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან უპასუხა შეკითხვას, საერთოდ იქნება თუ არა საქართველოში აშშ-ს დელეგაციის ვიზიტი.
„თავისთავად, აბა, სხვანაირად როგორ იქნება ურთიერთობების აღდგენა. საუბარია საჭირო და ამ საუბრისთვის საჭიროა ვიზიტები. საუბარი იყო იმაზე, რომ იქნება ვიზიტები ორივე მხრიდან" , - განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, მარკო რუბიოს ზარის დროს იყო თუ არა საუბარი ვიზიტებზე, პაპუაშვილი პასუხობს, რომ „რა თქმა უნდა".