
ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე „ღია ეთერში“ დიუშენის სინდრომით დაავადებულთა აქციას გამოეხმაურა. მინისტრამ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე რამდენიმე დღეში საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მიაწვდიან.
„მინდა გამოვეხმაურო დიუშენის სინდრომით დაავადებულთა აქცია, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რომელიც ვნებათაღელვის საგანი გახდა ბოლო დღეების განმავლობაში.
ძალიან რთულ საკითხზე გვიწევს საუბარი, როდესაც დიუშენის სინდრომზე ვსაუბრობთ, ეს უმძიმესი მდგომარეობაა, უმძიმესი დიაგნოზია და არ მინდა არასწორი შთაბეჭდილება შეიქმნას დამოკიდებულებებსა და პოზიციებთან დაკავშირებით.
ძალიან კარგად მესმის იმ დრამატული ემოციებისა, რომელიც აქვს პაციენტებსა და მათ მშობლებს. აუცილებლად, ამ რამდენიმე დღეში, რამდენიმე დეტალი უნდა დავაზუსტოთ და საზოგადოებას აუცილებლად მოვახსენებ ამ საკითხის ირგვლილ ყოველი ფაქტის გაშუქებით, ყოველი კლინიკური დასკვნის, ყოველი გარემოების, რომელსაც მნიშვნელობა აქვს და იმავდროულად ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ხალხი, რომელიც დღეს ცდილობს პაციენტისა და მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას, ამ სიყალბეს ფარდა ავხადოთ. ეს იქნება აუცილებლობა, ამიტომ სულ რამდენიმე დღეში, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.