
17 წლის ანი წიქარიშვილი, ნორჩი ჩოხოსანი ბავშვთა ცეკვების ფესტივალზე შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. მიზეზი გულის გაჩერება გახდა... ტრაგედია 2024 წელს მოხდა - ბაღდათში.
გოგონას დედა შორენა ნოზაძე იხსენებს, რომ ანა თურმე ოქროს დაბადების დღის აღნიშვნაზე ოცნებობდა: "ერთხელ მითხრა, გრანდიოზული დაბადების დღე გადამიხადეო... მე ახლა აღარაფრის თავი მაქვს, მაგრამ მისი საოცარი ქორეოგრაფის ინიციატივით ანას სახელზე ტარდება კონცერტი, შემდეგ სასაფლაოზე გავალთ და ამის მერე იქნება დიდი სუფრა. მე 10 წუთით მაინც მივალ... თავმდაბალი იყო ჩემი გოგო და ყველაფერში ნიჭიერი. ერთი საათიც კი ვერ ძლებდა და ვერც მე ვძლებდი უიმისოდ... რომ შევხედავდი, მაშინვე უსიტყვოდ ესმოდა ჩემი. გარდაცვალებიდან, დაახლოებით ერთ თვეში დამესიზმრა და მისაყვედურა, - შენ მოგწონს ასეთი შენი თავი. მე აქ, ბედნიერი ვარ და ჩემზე ნუ ტირითო... თითქოს გამიცოცხლდა იმ წუთას და მომეშვა შედარებით.
ტრაგედიის წინა საღამო მითხრა - კობა მასწავლებელმა მიმიწვია კონცერტზე, რომელიც ბაღდადში ტარდება და იქნებ გამიშვაო. ისეთი ბედნიერი იყო რა გითხრათ, ბრწყინავდა სიხარულისაგან... გასაოცარი ისაა, არაფერი მიგრძნია გულში... თურმე მთელი გზა, განსაკუთრებულად გამოხატავდა სიხარულს, სულ ცეკვავდა, მღეროდა... მეგობრებისათვის უთქვამს, - პირველად ვარ, მაყურებლის ამპლუაში და ნეტავი როგორი შეგრძნებააო... რომ ჩავიდნენ, ესეც მიეხმარა თავის მეგობრებს გამოსვლაში, მომზადებაში. იქ იყო სადაც იცვლიდნენ გოგოები, დაჯდა თურმე და თქვა - ვაიმე ცუდად ვარო და გათავდა... მხოლოდ ამ სიტყვების თქმა მოასწრო ჩემმა შვილმა და დამთავრდა..."
გია წიქარიშვილი, მამა: „ანამდე ცოტა ხნით ადრე, ჩემი ძმა - მერაბ წიქარიშვილი გარდაიცვალა, რომელიც პატრიარქის ჩოხოსნების გამორჩეული წევრი იყო. ჩემი ანიც, ძალიან ჰგავდა ჩემს ძმას ხასიათით... ისე მოხდა, რომ მერაბიც გულით გარდამეცვალა და მახსოვს, ერთი თვე, დამამშვიდებლებზე ვიჯექი... და ანის ამბავი, რომ მოხდა, მე თვითონ მიკვირს, ისე ძლიერად შევხვდი... აი, იმ მომენტს თუ გაუძელი, იმ პირველ დარტყმას, მერე უკვე რაღაცას ებრძვი. გაგების ამბავია ყველაზე საშინელება... დაგვირეკეს, ცუდად არისო და თურმე ბავშვი აღარაა... რომ თქვა ცუდად ვარო, იქვე დამთავრებულა ყველაფერი...
ამასწინებზე, პოეტ ტარიელ ხარხელაურს ვუსმენდი, იხსენებდა შვილის გარდაცვალების შემდეგ პატრიარქმა რომ უთხრა: "შენ ხარ შვილი და ის არის, მამა... შენ იმის გასაკეთებელი ისე უნდა გააკეთო, რომ მას გაუხარდეს“.
ამ სიტყვების მოსმენამ ჩემზე ძალიან იმოქმედა და ახლა როცა რაიმეს ვაკეთებ, სულ იმას ვფიქრობ, - აი, ახლა ანი რომ მიყურებდეს, ჩემი ეს საქციელი მოეწონებოდა? აი, ამ პრინციპით ვცხოვრობ ანის შემდეგ. ჩემი ერთადერთი სურვილია, როცა აქედან გავალ, ზუსტად იმ ღიმილიან გოგოს შევხვდე, როგორიც აქ მყავდა.
მქონია სასოწარკვეთილების მომენტებიც... მაგრამ მერე ამ ჩემს მეორე შვილს - ანის ძმას რომ შევხედავ, ეს მეცოდება. ამასაც ხომ სჭირდება ყურადღება?
არაჩვეულებრივი სამეგობრო ჰყავს ჩემს შვილს, დღე არ გავა რომ არ მოგვიკითხონ... ყველა მინდა მადლობა ვუთხრა ჩემი ანგელოზი გოგოს დაფასებისათვის, სიყვარულისათვის... მის საოცარ მასწავლებლებს და პედაგოგებს... რომ არა ეს ადამიანები, ჩვენ ამ ყველაფერს ვერც გადავიტანდით..."
წყარო: ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე