
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან დაკავშირებით პაპ ლეო XIV-ის ბოლო განცხადებით „მადლიერია“.
მისივე თქმით, კათოლიკური სამყაროს ლიდერსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის ურთიერთობების დაძაბვას მედიაც უწყობს ხელს.
„მადლიერი ვარ, რომ პაპმა ლეომ ეს თქვა. მიუხედავად იმისა, რომ მედია ნარატივი გამუდმებით კონფლიქტს იწვევს – და დიახ, რეალური უთანხმოებები ყოფილა და იქნება – რეალობა ხშირად გაცილებით უფრო რთულია. პაპი ლეო ქადაგებს სახარებას, როგორც უნდა იყოს და ეს გარდაუვლად ნიშნავს, რომ ის გვთავაზობს თავის მოსაზრებებს დღევანდელ მორალურ საკითხებზე. პრეზიდენტი – და მთელი ადმინისტრაცია – მუშაობს ამ მორალური პრინციპების გამოყენებაზე არეულ სამყაროში. ის ჩვენს ლოცვებში იქნება და იმედი მაქვს, რომ ჩვენც მის ლოცვებში ვიქნებით“,- განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
ცნობისთვის, 18 აპრილს რომის პაპმა ლეო XIV-მ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან დებატები მის ინტერესში არ შედის. მისივე თქმით, როგორც ჩანს, მისი ნათქვამი ისე აღიქვეს, თითქოს პრეზიდენტთან დებატებს ცდილობდა, რაც საერთოდ არ არის მის ინტერესებში.
იქამდე კი, რომის პაპმა დონალდ ტრამპს მოუწოდა, იპოვოს გზა ირანის ომის დასასრულებლად. დონალდ ტრამპმა კი პაპთან დაკავშირებით არაერთი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, „რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ – სუსტი, საგარეო პოლიტიკაში კი საშინელია და არ სურს პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს“. ამის საპასუხოდ, ლეო XIV-მ განაცხადა, რომ მისი მოწოდებები სახარებაზეა დაფუძნებული და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის არ ეშინია.