ნატალია ჯვარიძე
19.04.2026

70-სართულიანი „ტრამპ ტაუერი" მალე თბილისში აიგება, რაშიც ამერიკის პრეზიდენტის უძრავი ქონების კომპანიის გარდა, ქართული წარმოშობის ნიუ-იორკელი მილიარდელი და მთავრობასთან დაახლოებული ქართული დეველოპერი მონაწილეობენ. ინფორმაციას ამ პროექტზე გავლენიანი ამერიკული გაზეთი „უოლ სტრიტ ჯორნალი" ავრცელებს.

სტატიის თანახმად, კავკასიაში ტრამპის ბრენდის ახალი ცათამბჯენი აშენდება, რაც კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეცვალა ტრამპის ოჯახის კომპანიამ საზღვარგარეთ ბიზნესისადმი მიდგომა მისი მეორე ადმინისტრაციის დროს.

„ტრამპის ორგანიზაცია და მისი პარტნიორები გეგმავენ „ტრამპ ტაუერ თბილისის" აშენებას, ის არის დაახლოებით 70-სართულიანი სხვადასხვა დანიშნულების პროექტი, რაც საქართველოს დედაქალაქში ყველაზე მაღალი შენობა იქნება," - ციტირებს გამოცემა პროექტის პარტნიორების წარმომადგენლის კომენტარს.

ცათამბჯენი მოიცავს ელიტურ საცხოვრებლებს, სავაჭრო სივრცეებს და სასტუმროს სტილის სერვისებს.

მას არქიტექტურული კომპანია „გენსლერი" აპროექტებს და მხარს უჭერს კონსორციუმი, რომელშიც შედიან საქართველოს უძრავი ქონების კომპანია „არქი გრუპი" და „ბიოგრაფი".

გამოცემის თანახმად, ბოლო წლებში „ტრამპ ტაუერ თბილისი" უფრო მეტად შედის საერთაშორისო ლიცენზირების და ბრენდინგის შეთანხმებებში. გამოცემის თანახმად, კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მსგავსი პროექტები შესაძლოა ინტერესთა კონფლიქტს იწვევდეს.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთმა შვილმა და კომპანიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ერიკ ტრამპმა ამაზე კომენტარი არ გააკეთა.

ასევე, გამოცემა წერს, რომ წარსულში, მან უარყო, რომ მისი კომპანიის საგარეო საქმიანობა ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და განაცხადა, რომ „ტრამპის ორგანიზაციის" ბიზნეს ურთიერთობები ადმინისტრაციის პოლიტიკისგან გამიჯნულია. მისივე თქმით, თბილისის პროექტი საქართველოში „გლობალურად აღიარებულ მაღალი ხარისხის სტანდარტს" შემოიტანს.

გამოცემის თანახმად, ეს პროექტი ასევე აღადგენს ტრამპის ბრენდსა და საქართველოს შორის ადრე დაწყებულ, თუმცა შეწყვეტილ ურთიერთობას. 2012 წელს კომპანია გეგმავდა პროექტს ბათუმში, მაგრამ მოგვიანებით უარი თქვა, რათა აეცილებინა ინტერესთა კონფლიქტის შთაბეჭდილება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მეორე ვადით არჩევის შემდეგ ტრამპის კომპანია გაცილებით აქტიურად შევიდა საერთაშორისო პროექტებში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში, ვიეტნამსა და ინდოეთში.

„საქართველო გეოპოლიტიკურად მგრძნობიარე რეგიონში მდებარეობს - ის ცდილობს დასავლეთთან ურთიერთობების შენარჩუნებას და პარალელურად მართავს დაძაბულობას რუსეთთან. ამავე დროს, ქვეყანა ცდილობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკით, დაბალი გადასახადებითა და მზარდი ტურიზმით", - აღნიშნულია სტატიაში.

კონსორციუმში მონაწილეობს ასევე ამერიკული ფირმა „საფირი", რომლის ხელმძღვანელმა ალექს საფირმა პროექტზე საუბრისას ხაზი გაუსვა მისი ოჯახის ქართულ ფესვებს და განაცხადა, რომ პროექტი ქვეყნის მომავალში „მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის" შესაძლებლობაა. 45 წლის ალექს საფირი ქართული წარმოშობის ამერიკელი მილიარდელის, თემურ სეფიაშვილის (ტამირ საფირის) შვილია.

„არქის" დამფუძნებელი ილია წულაია ამბობს, რომ „ტრამპ თაუერის" მშენებლობით ამაყობს.

„ტრამპ თაუერი" საქართველოს უძრავი ქონების სექტორს სულ სხვა დონეზე აიყვანს! ვამაყობ, რომ მე, როგორც „არქის" დამფუძნებელი მონაწილე ვარ ამ ისტორიული მოვლენის!" - წერს ილია წულაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×