
ვფიქრობ, რომ სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას არც ერთობას და არც ცალკე ყოფნას, საქართველოში, პოლიტიკაში რაიმე რეალური სასიკეთო პერსპექტივა არ გააჩნია, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას.
„იმავდროულად, არის შიდა კონკურენციაც და ამ კონკურენციაში სააკაშვილი მოითხოვს, რომ ის იყოს ყველა მხრიდან უპირობოდ აღიარებული. სანამ ეს ასე არ იქნება, (რადგან ის თვლის, რომ ყველა მან გამოჩეკა) მანამდე ის ყოველთვის ერთგვარ შოლტს გადაუჭერს ხოლმე მის მიერ გაზრდილ ურჩებს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ოპოზიციაში ისევ დაპირისპირებაა. ამჯერად ოპოზიციური ალიანსის კრიტიკის სამიზნე გახდა მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ დაწერილი სტატუსი. სააკაშვილი ოპოზიციას აკრიტიკებს და ტაქტიკას უწუნებს. ოპოზიციური პარტიები კი სააკაშვილს შეთანხმების პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ „არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად“. პარტიების ერთობლივ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ აწერს.