
მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ბენიაიძის განცხადებით, მოსავლის რაოდენობა და ხარისხი რისკის ქვეშ იმ შემთხვევაში დადგება, თუ უამინდობა ინტენსიურად, კიდევ ხანგრძლივად გაგრძელდება.
„უხვი ნალექი ხელს უშლის საგაზაფხულო სამუშაოებს, თესვა დაგვიანდება. ხორბლის პირველი ბეღელი შირაქის ველია, შემდეგ კი - ალაზანი. ალაზანზე თუ უხვი ნალექი გაგრძელდა, მოსავლის სრულფასოვანი აღება ვეღარ მოხერხდება. ასეთ შემთხვევაში, მოსავლის ნაწილი მინდორში რჩება ან ისე გვიან იღებენ ხოლმე, რომ ხარისხი და რაოდენობა აღარ არის, როგორიც უნდა იყოს. ეს ყველაფერი, ძირითადად, მაისის თვეზეა დამოკიდებული.
ახლანდელი ნალექი არ არის მომაკვიდნებელი ეფექტის, მაგრამ თუ მაისშიც გაგრძელდა, აღების პროცესს შეუშლის ხელს. მოგეხსენებათ, კახეთში გვალვა უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე უხვი ნალექი, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, საქმე მაინც გართულდება.
ნიადაგი ვერ ასწრებს გაშრობას, რის გამოც ბევრ ნაკვეთში ტექნიკა ვერ შედის. ეს, თავის მხრივ, გამოიწვევს სარეველების მომატებას და მოსავლის ხარისხზეც აისახება. თუ ასეთი ამინდები კიდევ ერთი-ორი კვირა გაგრძელდა, შედეგი უფრო თვალსაჩინო ამის შემდეგ გახდება. ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რომ ვითარება საგანგაშოა.
შარშანაც ასე მოხდა, საკმაოდ დიდ ფართობებზე მოსავლის აღება ვერ მოხერხდა და პროცესი აგვისტომდე გაგრძელდა. ალაზანზე შექმნილი ამ პრობლემის გამო, ზოგმა ხელიც კი ჩაიქნია. თუნდაც ლაგოდეხის დატბორილი სავარგულების მაგალითზე რომ ვისაუბროთ, თუ როგორ აისახება ეს ნათესების ფართობზე, ცოტა ხანში გამოჩნდება“, - განუცხადა "ბიზნესპრესნიუსს" ბენიაიძემ.