
უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი, დოდო გვაზავა საუბრობს. მისი ინფორმაციით, ქვეყნის
მასშტაბით, სრულად გამოდარება და ჰაერის ტემპერატურის მომატება მოსალოდნელია 25-26 აპრილს.
„21-22 აპრილს, დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატებაც როგორც დაბლობში, ასევე მთაში, მაღალმთასა და სანაპირო რაიონებში.
23 აპრილის ღამიდან კვლავ დაიწყება ცივი და ნოტიო ჰაერის მასების შემსვლა, ამიტომ გაწვიმდება. ზოგ რაიონში, დღისით შესაძლებელია დასავლეთის ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში კი შესაძლებელია თოვლი და თოვლ-ჭყაპი. დაბლობ რაიონებში, დღისით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება.
24 აპრილიდან დასავლეთ საქართველოში ნალექის ინტენსივობა შესუსტდება და დღის ბოლოდან გამოიდარებს, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატებაც.
25-26 აპრილს დასავლეთ საქართველოში შედარებით თბილი ამინდი შენარჩუნდება, ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია მცირე, ხანმოკლე წვიმები. მოსალოდნელია ტემპერატურის მომატება +20-დან +25 გრადუსამდე.
აღმოსავლეთ საქართველოში, დღეს, უმეტეს რაიონში, მოსალოდნელია წვიმა, 22 აპრილიდან კი გამოდარებს.
22-23 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მოსალოდნელია ტემპერატურის მომატება, 24 აპრილს კი ტემპერატურა კვლავ დაიკლებს.
ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში 23 აპრილიდან 24 აპრილის დღის პირველ ნახევრამდე. მაღალმთიან ზონებში მოსალოდნელია თოვლი და თოვლ-ჭყაპი.
24 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს, 25-26 აპრილს კი +22-23 გრადუსამდე მოიმატებს. ამავე დღეებში, შესაძლებელია, ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმა ქარის თანხლებით.
თბილისში 22-23 აპრილს მოსალოდნელია ტემპერატურის მატება. 24 აპრილს დედაქალაქში იქროლებს ქარი, დროგამოშვებით მოსალოდნელია მცირე, ხანმოკლე წვიმა. 25-26 აპრილს კი ტემპერატურა მოიმატებს და
შესაძლებელია, დაფიქსირდეს +20-დან +22 გრადუსამდე სითბო, ხანმოკლე წვიმის თანხლებით“, – განუცხადა „ფორტუნას“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ.
წყარო: ფორტუნა