
ირაკლი კობახიძე ყველა ჩვენ მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის ელჩს მუდმივად საქმეს ურჩევს და თითს უქნევს, რაც კიდევ ერთხელ გამოხატულებაა იმისა, რომ ირაკლი კობახიძე არის რუსი და ემსახურება რუსულ ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, როდესაც შეაფასა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება, ევროკავშირის ელჩის დაბარების მიზანშეწონილობის შესახებ.
გეგელია კობახიძეს რჩევას აძლევს, „სარკეში ჩაიხედოს და ნაცვლად ევროპული კავშირის ელჩისა და ევროკავშირის სხვადასხვა ელჩის დაბარებისა, ეყოს იმის შნო, რომ დაიბაროს ირანის ელჩი და უნგრეთის ელჩი“.
„დღეს, თუ ვინმე ემუქრება საქართველოს დაპირისპირებით და გაღარიბებით ეს არის, უპირველეს ყოვლისა, კობახიძე და მისი ადმინისტრაცია,რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართველები დაეპირისპირებინა ერთმანეთთან და დაეთესა შუღლი. გაეღარიბებინა ჩვენი ერი და არაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ ამ ერის პოტენციალი და ევროპული მისწრაფება განხორციელდეს. ამიტომაც მე მას ვურჩევდი, ჩაიხედოს სარკეში და ნაცვლად ევროპული კავშირის ელჩისა და ევროკავშირის სხვადასხვა ელჩის დაბარებისა, ეყოს იმის შნო, რომ დაიბაროს ირანის ელჩი, რომელიც გვემუქრებოდა ძალიან საშიში ენით, დაიბაროს უნგრეთის ელჩი და მას გამოჰკითხოს, რუსეთის ჯაშუში რომ მუშაობდა უნგრულ დიპლომატიურ სამსახურში, როგორ მოხდა,რომ ოთხი წლის განმავლობაში აქ იყო და ჩვენთვის არაფერი არ არის ცნობილი, ამ დროის განმავლობაში, ასევე მსტოვრობდა თუ არა ასევე, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. ჩვენ ვხედავთ, რომ კობახიძე არცერთ ჯერზე არ იბარებს არცერთ იმ ელჩს, რომელთაც რეალურად უნდა დაუსვას კონკრეტული კითხვები ქართველი ხალხის ინტერესების სახელით. სამაგიეროდ, ყველა ჩვენ მეგობარ და პარტნიორი ქვეყნის ელჩს მუდმივად საქმეს ურჩევს და თითს უქნევს, რაც კიდევ ერთხელ გამოხატულებაა იმისსა, რომ ირაკლი კობახიძე არის რუსი და ემსახურება რუსულ ეროვნულ ინტერესებს და არა ქართულ ეროვნულ ინტერესებს“- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.