
დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შპს „ენგურჰესის“ ქოლგის ქვეშ არსებული შპს „კოდორიჰესების დეპარტამენტის უფროსი დააკავა. დაკავებულმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. ცნობილია, რომ შპს „კოდორიჰესები“ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეა რეგისტრირებული. მართალია, ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სუს-ი დეტალებს არ აკონკრეტებს, მაგრამ „რეზონანსი“ შეეცადა, გაერკვია, სახელმწიფო თანხების გაფლანგვის რა თაღლითური სქემა შეიძლება არსებობდეს „ენგურჰესში“.
ეკონომიკის დოქტორი, რამაზ გერლიანი „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ თანხების გაფლანგვის ერთადერთი სქემა, რაც შესაძლოა, „ენგურჰესს“ უკავშირდებოდეს, ეს არის კრიპტოვალუტის, ე.წ. მაინინგი. უფრო ზუსტად, ერთგვარი საწარმო, რომელიც ბიტკოინებს გამოიმუშავებს. ეს იმიტომ, რომ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება მკვეთრად გაიზარდა.
„უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაში, აფხაზეთში მოხმარებული ელექტროენერგიის გაზრდილი დანახარჯები, რომელსაც საქართველოს ბიუჯეტი ფარავს, გარკვეული ბიზნესების ხარჯებს უკავშირდება. საუბარია კრიპტომაინინგის, იგივე ბიტკოინის გამომუშავებაზე, რისთვისაც დიდი რაოდენობის ელექტროენერგიაა საჭირო. საუბრობენ, რომ ასეთი საწარმო ტყვარჩელის ტერიტორიაზე ან გალის მიმდებარედ არსებობს, რამაც ერთი-ორად გაზარდა ის გადასახდელები, რასაც საქართველო უფარავს აფხაზეთს. შესაძლოა, დავუშვათ იმის ალბათობაც, რომ მართალია, ეს ხარჯი ეწერება აფხაზეთის ტერიტორიას, მაგრამ სხვა მიმართულებით მიდიოდეს და ბალანსისთვის იყენებდნენ, ანუ ბიუჯეტიდან ხდება ამის დაფინანსება და ეს ელექტროენერგია სხვა რამეს ხმარდება და არა აფხაზეთის ტერიტორიას.
სხვათა შორის, რეგიონალურად იქვეა მიბმული ზემო სვანეთიც, რომელიც მოგეხსენებათ, რომ არ არის გამრიცხველიანებული და შესაბამისად, მოქალაქეებს ელექტროენერგია უფასოდ აქვთ. რასაკვირველია, რიგ შემთხვევაში, ეს ბოროტად არის გამოყენებული, საბოლოოდ კი პირდაპირ უკავშირდება „ენგურჰესს“ და ენერგეტიკის რესურსს, რაც სახელმწიფოს მხრიდან იფარება", - განუცხადა „რეზონანსს“ რამაზ გერლიანმა.
ეკონომიკის დოქტორი აცხადებს, რომ „ენგურჰესს“ სამი მხარე - საქართველო, აფხაზეთი და რუსეთი მართავს, მათ შორის მოლაპარაკებებს კი გრიფით საიდუმლო ადევს. აქედან გამომდინარე, ბევრი რამ ბუნდოვანია და რამაზ გერლიანი არ გამორიცხავს, რომ ამ ბერკეტით, აფხაზეთი და რუსეთი ერთობლივად სარგებლობდნენ.
„იქ, სადაც ბუნდოვანებაა, ყოველთვის იჩენს თავს გარკვეული მაქინაციები და თაღლითური სქემები. რაც შეეხება სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ზოგადად, „ენგურჰესის“ წიაღში ბევრი შპს არის შექმნილი. მე მაინც მგონია, რომ ეს სქემა ბიტკოინების წარმოებას უკავშირდება, თორემ აფხაზეტის ტერიტორიაზე წარმოების ბუმს ადგილი არ ჰქონია, რომ ელექტროენერგიის მოხმარება ამის ხარჯზე გაზრდილიყო. კოდორშიც რამდენიმე კომლია დარჩენილი და არც იქ გაზრდილა ელექტროენერგიის მოხმარება, ამიტომ ლოგიკურად, გამოდის, რომ ადგილი აქვს კერძო სუბიექტების ფინანსურ ინტერესებს, რომლებიც სარგებლობენ მათდამი მინიჭებული დელეგირებული უფლებით.
ცნობილია, რომ ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა ორჯერ, აფხაზეთის მოსახლეობის რაოდენობა არ გაზრდილა, გამოდის, რომ წარმოება უნდა გაზრდილიყო ოთხჯერ, თუკი დენის მოხმარება ორჯერ გაიზარდა. როგორც უკვე გითხარით, არც წარმოება გაზრდილა“, - აღნიშნა რამაზ გერლიანმა.
ბიტკოინების წარმოებას უკავშირებს თაღლითურ სქემას ინჟინერ-ენერგეტიკოსი, მირონ ფირცხელანი, თუმცა, მან „რეზონანსთან“ საუბრისას, ფულის გაფლანგვისა და თაღლითური სქემების „ენგურჰესთან“ კავშირი კატეგორიულად გამორიცხა.
„ვიღაცას სჭირდება და „ენგურჰესის“ სახელს იყენებს იმისთვის, რომ ჩირქი მოსცხონ, რაც სრული სისულელეა. უბრალოდ, ეს შპს „კოდორიჰესები“ მიაწერეს „ენგურჰესს“, მაგრამ კოდორში არსებული პატარა სადგურები არის აფხაზეთის ქსელი და აფხაზეთის მომარაგება. არაფერი საერთო არ აქვს „ენგურჰესს“, გარდა იმისა, რომ როდესაც აფხაზებს სჭირდებათ სპეციალისტი, მაგალითად, ელექტრიკოსი, სთხოვენ „ენგურჰესის“ ადმინისტრაციას და ისინიც ეხმარებიან. სხვა, არავითარი ურთიერთობა „ენგურჰესთან“ არ აქვთ.
მეორე, ეს არის აფხაზეთის ქსელები და როგორც ამბობენ, აფხაზეთში კორუფცია მაღალ დონეზე ყოფილა. აქედან გამომდინარე, უბრალოდ, ლოგიკურად ვასკვნი, რომ ვინაიდან კორუფციაა, ენერგეტიკასაც არ დატოვებდნენ კორუფციის გარეშე. ეტყობა, ისევ მათშია პრობლემა. გიმეორებთ, „ენგურჰესს“ არავითარი შეხება არ აქვს აფხაზეთის ქსელებთან - ეს არის აფხაზეთის მთავრობის ენერგეტიკული სამსახურის „დამსახურება“, თავიდან ბოლომდე. ასე რომ, ქართულ მხარეს, ამასთან არაფერი საერთო არ გვაქვს, არც კოდორის ხეობის მაცხოვრებლებს - ამბობენ, რომ იქ ერთი-ორი სვანი ცხოვრობსო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც მათ აქვთ კავშირი ამ თაღლითობასთან“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას მირონ ფირცხელანმა.
მისი თქმით, ომამდე, ქართულმა მხარემ მოასწრო და კოდორში ორი-სამი მცირე ჰესი ააშენა, სწორედ ეს ჰესები დარჩათ აფხაზებს. მირონ ფირცხელანის განცხადებით, ეს ქსელი მიაერთეს ოჩამჩირის ხაზს და ამის შემდეგ, ვინ და როგორ აკონტროლებს, უკვე ქართული მხარისთვის უცნობია.
„ეს კი არა, სოხუმში, საბჭოთა პერიოდში იყო აშენებული ელექტროსადგურები, სხვადასხვა მდინარეებზე. ერთადერთი, როცა უჭირთ ამ აფსუებს, ავარია მოხდება ჰესზე ან ქსელზე და სპეციალისტები სჭირდებათ, მაშინ მიმართავენ „ენგურჰესის“ კოლექტივს და სთხოვენ, მიეხმარონ, რადგან თვითონ არ ჰყავთ კადრები. მოკლედ, ცდილობენ, ენერგეტიკულად საქართველოსთან იყვნენ, მაგრამ პოლიტიკა ერევა და ამიტომ, ბუნებრივია, ეს არ მოხდება ჯერ“, - განაცხადა მირონ ფირცხელანმა.