
გადაწყვეტილება პრეზიდენტმა აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციისა და მთავრობის მეთაურის თანახელმოწერის საფუძველზე მიიღო. პრეზიდენტისა და პრემიერისგან დღეს ზურაბ პატარაძემ ნდობის ოფიციალურად გამოცხადება, სულხან თამაზაშვილმა კი მადლობა დაიმსახურა.
პრეზიდენტის სასახლეში წარდგენამდე ზურაბ პატარაძე პრემიერ-მინისტრმა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებსა და პარლამენტის დელეგატებს ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში წარუდგინა. პატარაძემ პირობა დადო, რომ აჭარის განვითარებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
დღესვე პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა ახლად დანიშნული მინისტრი, სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ გეკა გელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. პრემიერმა აქცენტი სახელმწიფოს სიძლიერესა და სიმტკიცეში სამართალდამცავი უწყებების როლზე გააკეთა.
"ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა იმ ოჯახში დაბრუნება, რასაც შსს ჰქვია" - ამ სიტყვებით შეხვდა სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს. გეკა გელაძემ კი მათ წარმატებული გუნდური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე ზრუნვას დიდი შემართებით ახლა უკვე სუს-ის უფროსის რანგში გააგრძელებს.
სუს-ის უკვე ყოფილ ხელმძღვანელს კი დიდი გეგმები აქვს - მამუკა მდინარაძემ ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ სატელევიზიო ეთერში ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი და მომავალი ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს რათა ქვეყანაში მართლწესრიგი და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი დაცული იყოს.
სტრუქტურულ ცვლილებას პარლამენტი დაჩქარებული წესით, მომდევნო სასესიო კვირაში დაამტკიცებს. შედეგად აღმასრულებელ ხელისუფლებაში გაჩნდება უწყება, რომლის ჩამოყალიბების საფუძველიც ირაკლი კობახიძემ ახსნა - მარტივი და მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის. სწორედ სახელმწიფო მინისტრის ახალ თანამდებობას ჩაიბარებს მამუკა მდინარაძე, რომელიც პარალელურად ვიცე-პრემიერი იქნება.