
„ოპოზიციურ ალიანსსა" და ენმ-ს შორის დაძაბულობა გრძელდება. სააკაშვილის მიერ წამოწყებული დაპირისპირება შეიძლება „ნაცმოძრაობის" გაერთიანდებიდან გასვლით დასრულდეს. პარტიის წევრები ამბობენ, რომ სააკაშვილს არავინ უნდა გაუტოლდეს, რასაც სხვები არ ეთანხმებიან. ენმ-ს ალიანსში ყოფნა ექსპრეზიდენტის გარეშე ვერ წარმოუდგენია და თუ ამას ვინმე მოითხოვს, გასვლით იმუქრებიან.
ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის საჯარო განცხადებებიდან დაიწყო, სადაც ის ოპოზიციონერებს მკვეთრად აკრიტიკებს და უმოქმედობაში ადანაშაულებს. ამას მოჰყვა საპასუხო რეაქციებიც.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ თქვა, რომ „ოპოზიციური ალიანსი" „ანტი-მიშა" ვერ იქნება.
„ყველას აქვს თავისი აზრი და შეხედულება, იცით, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გადასარჩენად ერთიანი ბრძოლა და ამ ბრძოლაში ჩვენი ლიდერი არის პრეზიდენტი სააკაშვილი. ვამაყობთ, რომ ასეთი ლიდერი ჰყავს არა მარტო „ნაციონალურ მოძრაობას", არამედ მთელ ქართულ პროგრესულ და პატრიოტულ საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ალიანსში, შეიძლება განსხვავებული აზრები გვქონდეს. ვერავინ აუკრძალავს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ თავისი შეხედულება ჰქონდეს. ასევე, არათუ ვერავინ აუკრძალავს, პრეზიდენტ სააკაშვილის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად გავიზიაროთ ჩვენც, მისმა გუნდმაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ" და სხვა პატრიოტულმა პარტიებმა, რომ ადრე დაშვებული შეცდომები არ გავიზიაროთ და ისეთი გზით ვიაროთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად, მშვიდობიანად საქართველოო გავათავისუფლოთ ამ მოღალატური, კრიმინალური, რუსული რეჟიმისგან. პრეზიდენტ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას" არანაირი შეთანხმება არ დაურღვევია, ჩვენ ამაზე გავეცით პასუხი. კრიტიკა არ არის თავდასხმა. ჩვენი შეთანხმებით, ეს არის გათვალისწინებული. შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს კრიტიკა, ეს მისი საქმეა, მისი უფლებაც არის, რომ ამასთან დაკავშირებით თავისი აზრი თქვას.
ეს ალიანსი ვერ იქნება „ანტი-მიშა ალიანსი", თუ ვიღაცას მოუნდება, რომ ასეთად გადააკეთოს, ამას შევეწინააღმდეგებით. არ მგონია, რომ ასეთად გადაიქცეს, მაგრამ თუ ასეთად გადაიქცევა, ბუნებრივია, იქ ჩვენი ადგილი არ იქნება", - განაცხადა ბარამიძემ.
ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციურმა ალიანსმა უმჯობესია ხალხთან იმუშაოს და სააკაშვილს თავი დაანებოს.
„ოპოზიციური ალიანსის ხუთი განცხადებიდან სამი „ნაციონალურ მოძრაობას" რომ ეხება, არანორმალურია, ძმაო, სიგიჟეა. თქვენი პლაკატების გამკვრელი ვიქნები მე, ლევან ხაბეიშვილი, ოღონდ გაათავისუფლეთ ეს ქვეყანა, ოღონდ სწორი ნაბიჯები გადადგით, ოღონდ იბრძოლეთ, ძმაო. მე ვიქნები თქვენი უკანასკნელი აგიგატორი, ყველას მოსამსახურედ დავდგები.
„ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიტყვები: 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებთ, 24-ში, ხალხო? ამას ნუ იტყვით, ჩემი რჩევაა. თქვენი არც გაკრიტიკება მინდა, მე ვარ ერთი თქვენი მხარდამჭერი, მაგრამ როგორ მაინტერესებს, რას აკეთებთ 6-ში, 7-ში, 8-ში, 9-ში?!
- ედიშერ გვენეტაძე: „ნაციონალური მოძრაობა ალიანსს კი არ დატოვებს, არამედ მთლიანად პოლიტიკურ ველს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია სარჩელი და იმედია, მალე აკრძალავენ"
„იცით, რაზე ჩხუბობენ, იმან რაღაც პოსტი დაწერა და უნდა ვუპასუხოო. მიშას უნდა ვუპასუხოთ სასწრაფოდო და ბიძინას რატომ არ პასუხობთ? 31 მარტს რომ დააანონსე 26 მაისის აქცია, ისე დამთავრდა ერთი თვე, კამპნია არ დაუწყიათ. იძახიან, მოლოდინი არ შევქმნათო. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რომ პოლიტიკოსი ერიდება მოლოდინის შექმნას. რა მოლოდინი არ უნდა შექმნა? მერაბ კოსტავა ათი წელი ციხეში იჯდა, დისიდენტი კაცი, კი არ შეშინებია, არ გამომივა და მოდი, არ ვიტყვიო. პოლიტიკოსმა მოლოდინი უნდა შექმნა და გაიმარჯვო, თუ არ გამოვიდა, არა უშავს.
„მე არ ვყოფ ოპოზიციას ამ მხარეს თუ იმ მხარეს, ჩემი თავი თქვენს ნაწილად მიმაჩნია, არავისზე მაგარი, უკეთესი არ ვარ, თქვენი გულშემატკივარი ვარ. გაეშვით კაცს, რომელსაც ლამის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სააკაშვილს ვგულისხმობ. ხუთი წელია, ციხეში ზის და თურმე პოსტი ვერ დაუწერია, ვიღაცის რევიზია უნდა გაიაროს. თავი ხომ არ მიარტყით რამეს, კაცო?" - თქვა ხაბეიშვილმა.
ანალიტიკოსს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, ოპოზიციის დაპირისპირების მიზეზი სააკაშვილია, რადგან ბევრისთვის ის ანტირეკლამაა.
- ნიკა ჩიტაძე: „აუცილებელია, რომ ოპოზიციური ერთობა შენარჩუნდეს. შესაძლოა აზრთა სხვადასხვაობა არსებობდეს, მაგრამ საერთო ჯამში დაპირისპირებაში არ უნდა გადაიზარდოს"
„ნაციონალური მოძრაობა ალიანსს კი არ დატოვებს, არამედ მთლიანად პოლიტიკურ ველს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია სარჩელი და იმედია, მალე აკრძალავენ. „ნაცმოძრაობა" პარტია კი არა, დანაშაულებრივი ორგანიზაციაა, რომელსაც ქართველების უზარმაზარი სისხლი მართებს. ჯერ ერთი, ეს ბარამიძე რას წარმოადგენს, ისტორიულ სანაგვეზეა და ყრყუმალაობს. ამიტომ ვფიქრობ, მათი განცხადებები საერთოდ ყურადსაღები არაა.
ვერ თანხმდებიან, რადგან მათ კარგად იციან, სააკაშვილი რეკლამა კი არა, ანტირეკლმაა", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე კი ამბობს:
„აუცილებელია, რომ ოპოზიციური ერთობა შენარჩუნდეს. შესაძლოა აზრთა სხვადასხვაობა არსებობდეს, მაგრამ საერთო ჯამში დაპირისპირებაში არ უნდა გადაიზარდოს. კამათი, მსჯელობა რა თქმა უნდა, მისაღებია. კრიტიკაც შესაძლებელია, მაგრამ გააჩნია ამასაც - მერე ალიანსის წევრები პასუხს გასცემენ და უთანხმოება წარმოიშვება.
„ყველაფერი მოსალოდნელია, შესაძლოა ვიღაც გამოეყოს, თუნდაც ენმ. შეიძლება ასე არც მოხდეს, მაგრამ გამორიცხული არაფერია. ალიანსმა ხალხისთვის უნდა იმუშაოს და აუცილებელია მოსახლეობასთან შეხვედრა", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".