
ვის რაში აინტერესებს გვარამია ან ჩერგოლეიშვილი, რომ არა მიშას ხმები, რეალურად არანაირი ალიანსი არ არსებობს, არის სააკაშვილის ხმები, რომლებიც ცხრა პარტიაზე ნაწილდება, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ალიანსი დიდხანს ვერ იარსებებს.
„ჩერგოლეიშვილს და ზოგადად, ალიანსის დანარჩენი წევრების უმრავლესობას პოლიტიკაში გადარჩენის ბოლო შანსი აქვთ მიშას ხმების პარაზიტირებით. ეს ალიანსი არის მიშასთვის ხმების წართმევის მორიგი მცდელობა და საბოლოო ჯამში, მიხეილ სააკაშვილზეა დამოკიდებული, რა ბედი ელოდება ამ ალიანსს. ჩემი აზრით, ეს ალიანსი არც იყო შესაქმნელი და მიხეილ სააკაშვილმა მოღალატეებს, რომლებიც მის ხმებზე პარაზიტირებდნენ, პირდაპირ თავისი ადგილი უნდა მიუჩინოს. ეს ადგილი კი ქართული პოლიტიკა ნამდვილად არ იქნება, რადგან მიშას გარეშე 90% ვინც ამ ალიანსშია, არაფერს წარმოადგენს“, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვას, რამდენად შესაძლებელი და ლოგიკურია მიხეილ სააკაშვილისთვის ხმების წართმევა, როდესაც ალიანსში „ნაციონალური მოძრაობაა“, რაქვიაშვილმა უპასუხა, რომ რეალურად მიხეილ სააკაშვილის ხმებია, რომელიც ცხრა პარტიაზე ნაწილდება.
„ამაშია საქმე, მიშას პარტია რომ არ იყოს ამ ალიანსში, არანაირი ალიანსი არ იარსებებს. ვის რაში აინტერესებს გვარამია ან ჩერგოლეიშვილი, რომ არა მიშას ხმები. ისინი მთელი მათი პოლიტიკური კარიერა პარაზიტირებდნენ მიშას ხმებზე. რეალურად არანაირი ალიანსი არ არსებობს. არის მიხეილ სააკაშვილის ხმები, რომელიც ცხრა პარტიაზე ნაწილდება. არც ის მოლოდინი მაქვს, რომ ეს ალიანსი დიდხანს იარსებებს. ჩერგო-გვარამიას ლიდერობით რაც არ უნდა გააკეთო, ყველაფერს ცუდი მომავალი ელოდება. სასაცილოა, რომ ამ ალიანსში ის ხალხია ვინც ბიძინას ფულით, ბიძინას ებრძვიან“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.