
დღეს, ოპოზიციის ალიანსი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ნიკა გვარამიამ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ გარეთ უორდთან მათ შორის სანქციებზე ჰქონდათ საუბარი. „შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, ეს არის ჩვენი ალიანსის გაცხადებული მიზანი. ბრიტანეთის სანქციები იყო ეფექტური და დღევანდელი შეხვედრა ამ მხრივაც პოზიტიური იყო“ - თქვა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა.
საზოგადოებას მოეხსენება, რომ გვარამიას, ისევე როგორც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს ბრალად აქვთ წარდგენილი საბოტაჟის მუხლი, რომელიც საკმაოდ ვრცელი და მრავალშრიანია. მათ შორის, ერთ-ერთი ნაწილი სწორედ სანქციების მოთხოვნას, სანქციებზე მუშაობას და უცხოელებისათვის ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. როგორც ჩანს, გვარამია ვა-ბანკზეა წასული, რადგან ერთი მხრივ მის საქმეზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს, ხოლო მეორე მხრივ, ნაცვლად იმისა, რომ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებებისათვის განმარტებები გააკეთოს, საჯაროდ აგრძელებს ბრალად შერაცხულ ქმედებას.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ფაქტია, ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს, ქვეყნის გარედან მიღებული მხარდაჭერა პოლიტიკურ აქტივად აქციოს, თუმცა ეს დახმარება ძირითადად ხელისუფლების დაზიანებას გულისხმობს, რასაც ლოგიკურად, „ქართული ოცნება“ მარტივად არ შეეგუება და თავს მაქსიმალურად დაიცავს.