
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საბერძნეთში დელფოსის ორდღიან ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას, რომელსაც ასევე ესწრებიან ევროსტრუქტურების ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები, და სადაც საქართველოზე პოლიტიკური გზავნილები გაჟღერდა.
ფორუმის ფარგლებში ბოჭორიშვილისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის შეხვედრის ამსახველი კადრები გავრცელდა, რასაც დიდი გამოხაურება მოჰყვა, ამის საპასუხოდ კი „ოცნებაში" განაცხადეს, რომ „ეს ორმაგი სტანდარტი არაა" და ხელისუფლება ნებისმიერი საუბრისთვის მზადაა.
საქართველოს როლი შუა დერეფნისა და ტრანზიტული კუთხით, შავი და ხმელთაშუა ზღვის უსაფრთხოება და ევროინტეგრაცია - ეს ის თემებია, რაზეც ვიცე-პრემიერმა ბოჭორიშვილმა ფორუმის ფარლებში გამართულ სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში ისაუბრა.
სამუშაო სესიაში სახელწოდებით - „დაცვა, რომელსაც გაფართოება უზრუნველყოფს: უსაფრთხოება, როგორც გაწევრიანების ახალი საყრდენი" ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ ევროპულ უსაფრთხოებაზე საუბრისას არ უნდა გაიმიჯნოს ევროკავშირი და მის მიღმა მყოფი ქვეყნები, ვინაიდან ევროკავშირის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი სამეზობლოში მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე.
„პირველ რიგში, უსაფრთხოებაზე საუბრისას, აუცილებელია განვიხილოთ ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები. ევროპულ უსაფრთხოებაზე საუბრისას, ჩვენ არ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ევროკავშირი და მისი არაწევრი ქვეყნები, რადგან ჩვენ საერთო საჭიროებები და საერთო ინტერესები გაგვაჩნია. თუ გადავხედავთ 2008 წელს და მანამდე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენას ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ცხადი ხდება, რომ ევროკავშირის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი მის სამეზობლოში მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე. ამავდროულად, საქართველოს უსაფრთხოება შეუძლებელია განიხილებოდეს ევროკავშირის უსაფრთხოებისგან დამოუკიდებლად. სწორედ ამიტომ, როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება, ერთად უნდა ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ."
ბოჭორიშვილის შეფასებით, „საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე და პროცესი არასდროს შეუჩერებია" მიუხედავად იმისა, რომ ამაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ, „საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესიც კი არ დაწყებულა და ეს ევროპული მხარის გადაწყვეტილებაა".
ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ორი რეგიონი კვლავ ოკუპირებულია და, ამასთანავე, საქართველო არ არის ნატოს ან რომელიმე სამხედრო ალიანსის წევრი, რაც დღევანდელ გეოპოლიტიკურ კონტექსტში ქვეყანას კიდევ უფრო დაუცველ მდგომარეობაში აყენებს.
ფორუმის ფარგლებში განსკუთრებით ყურადღება მიიპყრო კოსი-ბიჭორიშვილის კომუნიკაციამ. „ევროსკოპი" წერს, რომ ევროკომისიის პრესსამსახურს შეკითხვით მიმართა, „თუ რა სახის კომუნიკაცია შედგა მარტა კოსსა და მაკა ბოჭორიშვილს შორის და პასუხიც მიიღო".
„კომისარი კოსი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრნენ, სადაც ვახშმის ფარგლებში მოკლე საუბარი შედგა," - პასუხობს ევროსკოპს კომისიის წარმომადგენელი.
გამოცემა დასძენს, რომ „როგორც ირკვევა, ეს არ ყოფილა წინასწარ დაგეგმილი შეხვედრა და არც ოფიციალურ სახეს ატარებდა".
- გია ვოლსკი: „ზოგადად, მარტა კოსი იქნება, იუკნევიჩიენე, კუბილიუსი თუ ნებისმიერი სხვა, ჩვენი მონდომება და სურვილი არის თანამშრომლობა, დიალოგი, რაზეც ისინი არ მოდიან"
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ შეხვედრას ხელისუფლება მიესალმება.
„ზოგადად, მარტა კოსი იქნება, იუკნევიჩიენე, კუბილიუსი თუ ნებისმიერი სხვა, ჩვენი მონდომება და სურვილი არის თანამშრომლობა, დიალოგი, რაზეც ისინი არ მოდიან. თუკი იმის დემონსტრირებას ვახდენთ, რომ პოზიტივია, როდესაც ორი თუნდაც სხვადასხვა აზრის მქონე მხარე ერთად ზის, ლაპარაკობს, თუნდაც დერეფანში ხვდება და საქართველოსთან დაკავშირებით რაღაც დიალოგი აქვს, ეს ჩვენთვის მისასალმებელია და ასეთი ფოტოების გამოქვეყნებაც სწორედ ამას ნიშნავს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს გარკვეულ უხერხულობას უქმნის ჩვენს ოპონენტებს", - განაცხადა ვოლსკიმ.
ჟურნალისტის კითხვაზე, უქმნის თუ არა მათ უხერხულობას მარტა კოსის მიმართ კრიტიკული განცხადებების შემდეგ მასთან შეხვედრის ამსახველი ფოტოების გამოქვეყნება, ვოლსკიმ უპასუხა, რომ „ევროკომისართან დალაპარაკებაზე კარგი რა უნდა იყოს, თუმცა ჯერჯერობით არის დაპირისპირების ის ხარისხი, რომელიც მათთვის მიუღებელია".
კითხვაზე, არის თუ არა ეს დამოკიდებულება მმართველი გუნდის მხრიდან ორმაგი სტანდარტი, ვოლსკიმ უპასუხა, რომ „არა და ეს სწორედ ის ერთმაგი სტანდარტია, რომელიც მათ არასდროს შეუცვლიათ."
„ეს ორმაგი სტანდარტი არ არის. ეს სწორედ ის ერთმაგი სტანდარტია, რომელიც არასდროს არ შეგვიცვლია. ვამბობთ, რომ ჩვენი გზა არის ევროპისაკენ. ვინც ევროპის სტრუქტურებშია კონკრეტული საქმიანობით დაკავებული, მასთან შეხვედრა და საუბარი მისასალმებელია. ყოველდღე თუ ვიმეორებთ, რომ მარტა კოსი აკეთებს ცუდ განცხადებას, ვიმეორებთ იმასაც, რომ ჩვენ მზად ვართ, ამ თემაზე გვქონდეს საუბარი საქმიანი."
დამაზუსტებელ კითხვაზე, რა საკითხებზე ისაუბრეს ბოჭორიშვილმა და კოსმა, ვოლსკიმ უპასუხა, რომ ეს ინფორმაცია მისთვის ჯერჯერობით უცნობია.