მარიამ ვეკუა
24.04.2026

ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებამ პოლიტიკური სპექტრი მკვეთრად გაყო - მმართველ გუნდში ამას „მუქარად" აფასებენ, მაშინ როცა ოპოზიცია ელჩის გზავნილში პარტნიორულ ზრუნვასა და გაფრთხილებას ხედავს. ევროპული კურსიდან გადახვევაზე გაკეთებულმა მკაცრმა შეფასებამ და „გზაგასაყარზე მდგომი საქართველოს" თეზამ დებატები კიდევ უფრო გაამწვავა.

ელჩის მოვალეობის დასრულებამდე ჰაველ ჰერჩინსკი დიდ სკანდალში გაეხვა, მისმა განცხადება როგორც ჩანს მმართველმა გუნდმა მუქარად მიიღო.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის გამცხადება მუქარაა.

„მუქარის ახალი ხარისხია წინ წამოწეული, თუმცა არ მგონია, რომ ეს ჰერჩინსკის ბრალი იყოს - იგი ინსტრუქციას ასრულებს, მით უმეტეს მალე უმთავრდება საქართველოში საქმიანობის ვადა და ამ ფაქტორის გათვალისწინებით, კარგი კანდიდატია ასეთი მუქარის გაჟღერებისთვის და იმისთვის, რომ საზოგადოებას თვალთმაქცურად მოეფეროს,"

„საზოგადოებას, მთელ საქართველოს ემუქრება ადამიანი მაშინ, როდესაც ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ ამ მონაცემით, რომელიც თუნდაც ახლა „ატლანტიკურმა საბჭომ" გამოაქვეყნა, საქართველოს ემუქრება ის უბედურება, რაც ჰერჩინსკიმ დახატა. შეიძლება რამე ისეთი იცის, რომელიც ჩვენ არ ვიცით. აქედან გამომდინარე, უნდა დაიბარონ - ეს პოლიტიკური დემარშიც არის და ამასთანავე, საქმიანი საუბარიც უნდა შედგეს, რის საფუძველზე ემუქრება საქართველოს და მის საზოგადოებას ჰერჩინსკი."

ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილის თქმით, ერი ასეთი მუქარების დროს უფრო იკვრება: „ეს იყო ყოველგვარ ზღვარს გადასული განცხადება, რადგან სამოქალაქო ომზე დაიწყო საუბარი. ეს არ არის მშვიდობიანი დამხობა და რაღაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ბლოკირება ან ამ თემაზე ლაპარაკი - პირდაპირ სიტყვა „ომი" ახსენა. საქართველოს მოსახლეობაში ყოვლად დაუშვებელია ასეთი ტიპის განცხადებების, შანტაჟისა და მუქარის გავრცელება."

  • თენგიზ შარმანაშვილი: „ეს იყო ყოველგვარ ზღვარს გადასული განცხადება, რადგან სამოქალაქო ომზე დაიწყო საუბარი - პირდაპირ სიტყვა „ომი" ახსენა"

განსხვავებულად ფიქრობენ ოპოზიციაში. „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ელჩის განცხადება „მხოლოდ მეგობარი ქვეყნის და სტრატეგიული პარტნიორის რჩევად, წუხილად და ერთგვარ პრევენციად მიიღო"

„მუქარა ვერ დავინახე. მე დავინახე მხოლოდ წუხილი იმაზე, რასაც „ოცნება" აკეთებს - ანუ როდესაც [ქვეყანას] აბრუნებს იმ ძველ დროში, როდესაც მართლაც იყო სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე და რეალობაც იყო ასეთი. ეს თავიდან ბოლომდე „ოცნების" პასუხისმგებლობაა. ნებისმიერი ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩი ზრუნავს და წუხს ამ რეალობაზე და ცდილობს, რომ ამის პრევენცია მოახდინოს. მე ეს მივიღე მხოლოდ მეგობარი ქვეყნის და სტრატეგიული პარტნიორის რჩევად, წუხილად და ერთგვარ პრევენციად, რადგან „ოცნება" თავად არის ის ძალა, რომელიც ამ საფრთხეებს ქმნის", - აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.

  • გიორგი შარაშიძე: „მე ეს მივიღე მხოლოდ მეგობარი ქვეყნის და სტრატეგიული პარტნიორის რჩევად, წუხილად და ერთგვარ პრევენციად, რადგან „ოცნება" თავად არის ის ძალა, რომელიც ამ საფრთხეებს ქმნის"

ენმ-ს ლიდერი თინა ბოკუჩვა ფიქრობს, რომ ჰერჩინსკი ბნელ წარსულში საბჭოთ კავშირსაც გულისხმობა.

„ეჭვი მაქვს, რომ პაველ ჰერჩინსკი სინამდვილეში გულისხმობდა არა მხოლოდ ბნელ 90-იან წლებს. სავსებით შესაძლებელია, რომ ის საბჭოთა კავშირსაც გულისხმობდა. ეს არის რეალურად საქართველოს უკიდურესად ბნელი წარსული, როდესაც მოხდა ოკუპაცია საბჭოთა რეჟიმის მხრიდან. მის რეინკარნაციადაც ახლა პუტინი გვევლინება, რომელიც თვლის, რომ გასული საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა სწორედ საბჭოთა კავშირის დანგრევა იყო და მისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვას ცდილობს დღემდე რუსეთის ექსპანსიური პოლიტიკით, რომლის ნაწილიც საქართველო სამხედრო თვალსაზრისით გახდა ჯერ კიდევ 2008 წელს და ამ დრომდე არის ამ ექსპანსიური პოლიტიკის მსხვერპლი."

რა თქვა ელჩმა?

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში" გაიხსნა, აღნიშნა, რომ საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება.

ელჩის თქმით, „ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი და საქართველოს ევროკავშირს აშორებს".

„საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის „ნუ დაკარგავთ იმედს".

„ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ. როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი", - განაცხადა ჰერჩინსკიმ, რომლის ციტატასაც „ნეგტაზეთი" ავრცელებს.

 

 

 

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×