რეზონანსი
25.04.2026

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მისი უწმინდესობის სული დაიმკვიდრებს ხელთუქმნელ და მარადიულ ადგილს უფლის სასუფეველში და ამიერიდან ჩვენ გვეყოლება დიდი მეოხი - ამის შესახებ, მეუფე შიომ, სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქში ცოცხლობს უფალი იესო ქრისტე, იმ დიდ ღვაწლში, რომელიც მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანისკენ, აღორძინებისა და გადარჩენისკენ:

"მის პიროვნებაში ცოცხლობს უფალი იესო ქრისტე, იმ დიდ ღვაწლში, რომელიც მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანისკენ, აღორძინებისა და გადარჩენისკენ. სწორედ ამ ღვაწლის შედეგი იყო და არის ის საოცრება, რაც ჩვენ ვიხილეთ - ქართველი ხალხის პასუხი მის სიყვარულზე. დღემდე არ წყდება ნაკადი მისი უწმინდესობის საფლავთან. ყველა ასაკის, ყველა ფენის ადამიანს სურს გამოხატოს მისდამი სიყვარული და მადლიერება. რაოდენ სასიხარულოა რომ მრავლად არის ახალგაზრდობა მათ შორის, ვინაიდან მისი უწმინდესობის მზრუნველობა, სიყვარული, თავმდაბლობა ეფინებოდა ყველას განურჩევლად ასაკისა, სოციალური მდგომარეობის თუ საქმიანობისა.

ამ 40 დღის განმავლობაში დაგვიდგა აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ეს იყო პირველი აღდგომა კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარეშე. თითქოს შეიძლება ჩვენი გულები მოეცვა ადამიანურ სისუსტეს, განცდებს და დაბნეულობას. დაბნეულ სამწყსოს შეიძლება გვეფიქრა, რომ რა გვეშველება შემდგომში მის გარეშე, მაგრამ როგორც მისი გარდაცვალების დღეებში დავძლიეთ ჩვენ ეს სასოწარკვეთილება, განსაკუთრებით აღდგომის დღეებში, უფლის მადლით, მისი უწმინდესობის დიდი სიყვარულით, ჩვენში ეს მწუხარება და ტკივილი დაიძლია ღვთის რწმენის და იმედის დიდი სულისკვეთებით. ჩვენ დღეს როგორც არასდროს ისე გვესმის იესო ქრისტეს სიტყვები: მე ვარ აღდგომა, მე ვარ ცხოვრება და ვისაც მე ვრწმენე ის თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ის არ მოკვდება უკუნისამდე.

ჩვენ როგორც გვასწავლის წმინდა წერილი, დღეს ღმერთი შეაშრობს ჩვენს თვალებზე ცრემლებს. რამეთუ არ არის სიკვდილი, არც გლოვა, არც ცრემლი, არც ტანჯვა, რათა მართალთა სულნი უფალთან არიან და მშვიდობასა შინა არიან. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მისი უწმინდესობის სული დაიმკვიდრებს ხელთუქმნელ და მარადიულ ადგილს უფლის სასუფეველში და ამიერიდან ჩვენ გვეყოლება დიდი მეოხი, ის თავისი ლოცვით შეგვეწევა ჩვენ, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა, რომელიც დამყარებულია მართლმადიდებელი ეკლესიის სიყვარულსა და ერთგულებაზე და განსაკუთრებით რასაც გვიქადაგებდა - მშვიდობაზე, ერთსულოვნებაზე, მიმტევებლობაზე, ლმობიერებაზე, რითაც ის ასე გამოირჩეოდა," - განაცხადა მეუფე შიომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×