
შაბათს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან ორმოცი დღე შესრულდა. ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა მღვდელმთავრებთან და მეუფეებთან ერთად მისი სულის მოსახსენიებელი სიონში პანაშვიდი აღავლინა. სამშაბათს, 28 აპრილს კი წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, სადაც პატრიარქობის სამ კანდიდატს გამოარჩევენ.
24 აპრილს ღვთისმსახურება დილის 10 საათზე დაიწყო. სიონის საპატრიარქო ტაძარში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დეპუტატები იმყოფებოდნენ.
მეუფე შიომ ქადაგებისას აღნიშნა, რომ უფალმა ჩვენ გვანახა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ჭეშმარიტი სახე, როგორც ნამდვილი მოძღვრისა.
- მეუფე საბა: „ჩემთან არ ყოფილა ჩარევა, არანაირი ჩარევა არ არის. მე პირადად არც სხვასთან მსმენია ჩარევაზე."
„განვლო 40-მა დღემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებიდან და ჩვენ გვახსენდება ბიბლიიდან წმინდა მამამთავარი იოსები, რომელმაც თავის მამას, მამამთავარ იაკობს განუკუთვნა 40-დღიანი დაკრძალვითი მსახურება და გლოვა. ჩვენც, ამ 40 დღის განმავლობაში ღვთის შეწევნით, შეძლებისდაგვარად კრძალვით განვასრულეთ ჩვენი შვილობრივი მოვალეობა ამ პერიოდში.
„უფალმა ჩვენ გვანახა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ჭეშმარიტი სახე, როგორც ნამდვილი მოძღვრისა, რომელსაც უფალთან მიჰყავს მისი სამწყსო და რომელიც მოსეს მსგავსად უჩვენებდა ჩვენ ერს, სულიერი ტყვეობიდან გამოხსნის გზას და უნათებდა ამ გზას აღთქმული ქვეყნისკენ", - განაცხადა მეუფე შიომ.
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მეუფე საბა ინწკირველმა სიონში მყოფ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პატრიარქის არჩევნებში არანაირი ჩარევა და არანაირი სახის ზეწოლა არ მიმდინარეობს. შესაძლო კანდიდატებზე საუბარს კი მან თავი აარიდა.
„პირადად მე შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი ზეწოლა არ არის. ჩვენთან არანაირი მინიშნებები არ ყოფილა. დაველოდოთ და 28-ში სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას.
„წინა სინოდის სხდომაზე იყო რაღაც განხილული, რაღაც დარჩა განსახილველი, რომელიც 28-ში მოხდება და გაქვთ ინფორმაცია, რომ 28-ში სამი კანდიდატი დასახელდება. ჩემთან არ ყოფილა ჩარევა, არანაირი ჩარევა არ არის. მე პირადად არც სხვასთან მსმენია ჩარევაზე. წმინდა სინოდი გაიმართება, მიიღებს გადაწყვეტილებას, დაელოდეთ და იქნება გადაწყვეტილება. კანდიდატებს რაც შეეხება, ეს ფარული კენჭისყრაა და მე წინასწარ არ ვამბობ", - ამბობს მეუფე საბა.
- მეუფე გრიგოლი: „პირველი არჩევნებია, როდესაც უნდა ავირჩიოთ კათოლიკოს-პატრიარქი დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში... ეკლესია მაგალითს მისცემს ჩვენს საზოგადოებას, როგორი კულტურის პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები".
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ქადაგებისას ახალი პატრიარქის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინით ცხოვრობს ერიც და ეკლესიაც.
„დღეს ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინით ცხოვრობს ერი, ეკლესია. პირველი არჩევნებია, როდესაც უნდა ავირჩიოთ კათოლიკოს-პატრიარქი დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში და თუ ხაზგასმით აღვნიშნავთ საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ცხოვრებაში, მე ვფიქრობ, ეკლესია მაგალითს მისცემს ჩვენს საზოგადოებას, როგორი კულტურის პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები და არჩევნების შედეგები როგორ უნდა იქნეს აღიარებული", - თქვა მიტროპოლიტმა.
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი, მეუფე დოსითეოსი ამბობს, რომ პატრიარქის არჩევნებში ჩარევის ინტერესი შესაძლოა სხვადასხვა მხრიდან არსებობდეს, თუმცა პირადად მას არავინ დაკავშირებია და არ მიუცია მითითება, თუ ვინ დაესახელებია პატრიარქობის კანდიდატად.
- მეუფე დოსითეოსი: „ყველა მღვდელმთავარი არის პიროვნულად თავისუფალი თავის არჩევანში. არანაირი ჩარევა - არასოდეს არავინ არ დამკავშირებია და არაფერი უთქვამთ, არც მსმენია ამაზე."
„ინტერესი ბევრი შეიძლება იყოს - რუსეთიდანაც და ყველგან. (მთავრობიდანაც) შეიძლება იყოს, შეიძლება - არა, არ ვიცი, ცოტა რთულია ამაზე... სინოდი რა თქმა უნდა, პრინციპული უნდა იყოს. ახლა უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ 40 დღე გავიდა მისი უწმინდესობის გარდაცვალებიდან და რაღაც საოცარი მსახურება იყო.
„ჩვენ ვართ ერთად, არ ვგრძნობთ რაიმეს განსხვავებულს, რაღაც ინტერესი და მოლოდინები ვიცით რომ არის საზოგადოებაში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნორმალური. შეიძლება სიმპათიებიც არსებობს, ესეც ნორმალურია ალბათ და გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამ ამბავს.
„ყველა მღვდელმთავარი არის პიროვნულად თავისუფალი თავის არჩევანში. არანაირი ჩარევა - არასოდეს არავინ არ დამკავშირებია და არაფერი უთქვამთ, არც მსმენია ამაზე. გამოკვეთილი კანდიდატები იქნება 28-ში სინოდის სხდომაზე", - ამბობს მეუფე დოსითეოსი.
- რამაზ საყვარელიძე: „ყველაფერი სინოდზეა დამოკიდებული. თუ ის მყარი იქნება, ვერავინ ჩაერევა. ზოგიერთი სასულიერო პირი პოლიტიკაში თამაშობს და უნდათ, რომ ხელისუფლებისკენ გაიშვირონ ხელი."
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ პატრიარქის არჩევნებს დაძაბულობა ახლდეს. გარე ჩარევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყველაფერი სინოდზეა დამოკიდებული.
„საერთოდ, არჩევნები მშვიდად არასდროს მიმდინარეობს, ემოციები და დაძაბულობა ყოველთვის ახლავს. სინამდვილეში ჩვენ გარედან ჩარევაში ხელისუფლებას ვგულისხმობთ. მეორეს მხრივ, ჩარევის სხვა ვარიანტიცაა და ეს ოპოზიციის მხრიდან ხდება. არც უცხო ქვეყნებიდან არ არის გამორიცხული. აქედან გამომდინარე, საკითხავია უნდა გამოვრიცხოთ თუ არა ჩარება.
„ყველაფერი სინოდზეა დამოკიდებული. თუ ის მყარი იქნება, ვერავინ ჩაერევა. ზოგიერთი სასულიერო პირი პოლიტიკაში თამაშობს და უნდათ, რომ ხელისუფლებისკენ გაიშვირონ ხელი. თუმცა, თვითონ ეს სტრატეგია ოპოზიციის წისქვილს ასხამს წყალს. გამოდის, რომ ეს სასულიერო პირები პროცესებში ოპოზიციის ჩარევას ემხრობიან. ამიტომ ვიძახი, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მდგრადი იქნება სინოდი, ისინი, ვინც გადაწყვეტილებას იღებენ.
„მე პირადად, როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილს, მგონია, რომ ერთ-ერთი გამოკვეთილი კანდიდატი მეუფე შიოა, რადგან მთელი ეს ხანი ვაკვირდებით მის სიახლოვეს ილია მეორესთან. დანარჩენები არ ვიცი", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ „რეზონანსთან" რამდენიმე სავარაუდო კანდიდატზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არსებობს არჩევნებში გარედან ჩარევის გარკვეული თეორიული რისკი.
„ყველაზე ღიად საუბარია მოსაყდრე შიოზე, მიტროპოლიტ იობზე, ასევე მეუფე დანიელსა და გრიგოლზე. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ შეიძლება მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდეს. შესაძლოა ჩემს მიერ დასახელებული კანდიდატები იყვნენ, ან არ გამოვრიცხავ, რომ სხვები შეირჩნენ. აქედან გამომდინარე, ზუსტად ამის თქმა, შეუძლებელია.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებში გარედან ჩარევის მცდელობები იქნება. უბრალოდ ამას წმინდა თეორიულ კონტექსტში განვიხილავ. ზეწოლის ღია სივრცე არის მმართველი ძალის წარმომადგენლებისგან. ისინი ნეიტრალურ პოზიციას კი არ გამოხატავენ, არამედ კონკრეტულ მეუფეს მხარს უჭერენ. რასაკვირველია, ეს ზეწოლის ფორმაა. ასევე, საზოგადოებრივი და მედიაკამპანიებიც მიდის, რომელსაც სახელისუფლებო სექტორი წარმოადგენს. ეს კიდევ ირიბი ზეწოლაა. შიგნით რა ამბებია, არ ვიცი. ასე რომ, ხელისუფლება საკუთარი კანდიტატის გაყვანას ეცდება. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ეს მოხდა, ეკლესია სახელმწიფოს დაექვემდებარება", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ „რეზონანსთან".