რეზონანსი
25.04.2026

რუსეთის მიერ უკრაინაზე ღამით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რუმინეთში დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გალაცის მუნიციპალიტეტში დილით დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რომელმაც საცხოვრებელი სახლი დააზიანა.

რუმინეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ მომხდარის სიახლოვეს მყოფი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ამასთან, როგორც რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, კიდევ ერთი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს უკრაინის საზღვრის სიახლოვეს.

მათივე ცნობით, ტერიტორია შემოღობეს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ხოლო შემთხვევის ადგილზე, ვითარებაში გასარკვევად, ჩავიდნენ ეროვნული თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის სადაზვერვო სამსახურის სპეციალისტები.

რუმინეთში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს.

„ეს არის უპასუხისმგებლო და პროვოკაციული ქმედება, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. ოთხ წელზე მეტია, რუსეთი უკანონო ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. ეს არა მხოლოდ სასტიკი იმპერიალისტური აქტია, რომელიც სუვერენული მეზობლის დაპყრობას ისახავს მიზნად, არამედ რეგიონული და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დარღვევაა. რუსეთის ფედერაციამ რუმინეთის საჰაერო სივრცის სუვერენიტეტი დაარღვია და ამით ჩაიდინა კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ქმედება, რომელსაც შეეძლო, მოსახლეობისთვის საფრთხე შეექმნა“, – აღნიშნულია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×