
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ხორბლის სექტორის წარმომადგენლებთან დარგობრივი საბჭოს ფორმატში შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი სექტორში არსებული გამოწვევების განხილვა და დარგის განვითარების კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრა იყო. აღნიშნული ფორმატი ემსახურება სექტორსა და სახელმწიფოს შორის კოორდინაციის გაძლიერებას და ხორბლის წარმოების მდგრად განვითარებას.
მინისტრის განცხადებით, ხორბლის სექტორი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება და ამ მიმართულებით დამატებითი მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავება იგეგმება.
„ხორბალი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურაა. სწორედ ამიტომ, გვქონდა შეხვედრა სხვადასხვა რეგიონის ფერმერებთან და მეხორბლეებთან. განვიხილეთ ყველა ის ძირითადი გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას დარგი. აღსანიშნავია, რომ რეგიონების მიხედვით, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, განსხვავებული გამოწვევებია, რის გათვალისწინებითაც ვიმსჯელეთ ერთიანი მექანიზმების შექმნაზე, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან იქნება მხარდაჭერილი. ამ მექანიზმებთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება სოფლის განვითარების სააგენტოსთან და მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რაც ფერმერებმა დააყენეს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სერტიფიცირებული თესლის ხელმისაწვდომობაზე, თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობაზე და მცირე და საშუალო ფერმერებისთვის სასაწყობე ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფაზე. დისკუსიის ფარგლებში გამოიკვეთა კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტიც, რაც პირდაპირ აისახება პროდუქციის ხარისხსა და კონკურენტუნარიანობაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობასა და მართვაზე, მათ შორის საირიგაციო ტარიფების საკითხზე და სახელმწიფო სუბსიდირების მექანიზმების ეფექტიანობაზე.
„ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც გვაქვს. სამინისტროს მხრიდან დაგვისახეს გადაჭრის გზები და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სარწყავი წყლის საკითხი, უკვე იწყება ნადარბაზევის წყალსაცავიდან წყლის მიწოდება, რაც ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში წყლით უზრუნველყოფილები ვიქნებით. ეს ფერმერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია“, - განაცხადა ფერმერმა, იოსებ ხუროშვილმა.
ფერმერებმა ასევე აღნიშნეს, რომ მიმდინარე წელს უხვმა ნალექმა გარკვეული სირთულეები შექმნა, თუმცა სახელმწიფოს მხარდაჭერის პირობებში კარგი მოსავლის მოლოდინი აქვთ.
დარგობრივი საბჭოს ფორმატში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი და ლაშა დოლიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.