მარიამ ვეკუა
26.04.2026

შაბათს თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიური ვახშამი სროლის გამო შეწყდა. საიდუმლო სამსახურმა პრეზიდენტი ტრამპი, პირველი ლედი და ადმინისტრაციის წევრები „ვაშინგტონ ჰილტონიდან" ოპერატიულად გაიყვანა. დაკავებულია 31 წლის კოულ თომას ალენი, რომელმაც აღიარა, რომ მისი სამიზნე ქვეყნის მაღალჩინოსნები იყვნენ.

სროლაში ეჭვმიტანილი მამაკაცი სასტუმროს ფოიეში ცეცხლსასროლი იარაღითა და დანებით შეიარაღებული შეიჭრა და საიდუმლო სამსახურის აგენტის მისამართით გაისროლა, შემდეგ კი საბანკეტო დარბაზისკენ გაემართა. მედიის ცნობით, იგი „ჰილტონის" სასტუმროს სტუმარი იყო და სავარაუდოდ მარტო მოქმედებდა.

მედიის ცნობით, დაკავებული კალიფორნიის შტატის ქალაქ ტორანსის მკვიდრი, 31 წლის კოულ თომას ალენია, რომელიც კალიფორნიაში, ლოს ანჯელესიდან 15 კილომეტრშ მდებარე ქალაქ ტორენსში ცხოვრობს. იგი მასწავლებელია და ბოლო ექვსი წელია ერთ-ერთ კალიფორნიულ კომპანიაში მუშაობდა, რომელიც კოლეჯის მისაღები გამოცდებისათვის ამზადებს აბიტურიენტებს.

გარდა ამისა, ალენი, ინტერნეტში განთავსებული მისი რეზიუმეს თანახმად, ვიდეოთამაშების შემქმნელია. მისი სპეციალიზაციაა ე.წ. შუთერების სტილის თამაშები.

მან 2017 წელს პასადენაში დაამთავრა კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით. მოგვიანებით კი დომინგეს ჰილზში მდებარე კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიტერული მეცნიერებების განხრით მაგისტრის ხარისხიც მიიღო.

მას ბრალი ედება იარაღთან დაკავშირებულ ორ დანაშაულში, მათ შორის ერთ-ერთი სამართალდამცველზე სასიკვდილო იარაღით თავდასხმაა.

დანაშაულის ჩადენის მოტივი ამ დრომდე უცნობია. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლის თქმით, ეჭვმიტანილს კონკრეტულად პრეზიდენტი ტრამპი არ დაუსახელებია, როგორც სამიზნე და მხოლოდ „ადმინისტრაციის ოფიციალური პირები" ახსენა.

  • დონალდ ტრამპი: „ვინ გააკეთებდა ამას, თუ არა ავადმყოფი? ვფიქრობ, რომ თქვენ მის შესახებ ყველაფერს გაიგებთ. როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ ის მარტო მოქმედებდა..."

მოგვიანებით, ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „თავდამსხმელი დაკავებულია". მან საიდუმლო სამსახურსა და სამართალდამცავ ორგანოებს „სწრაფი და მამაცური" მოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა, პრესკონფერენციაზე კი განაცხადა, რომ მას და მის გუნდს არ ჰქონდათ ინფორმაცია სროლის ინციდენტამდე რაიმე სახის მუქარის შესახებ.

„რამდენიმე იარაღით შეიარაღებულმა კაცმა უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტს შეუტია და ის საიდუმლო სამსახურის რამდენიმე ძალიან მამაცმა წევრმა გაანეიტრალა, რომლებმაც ძალიან სწრაფად იმოქმედეს. კაცი დააკავეს. ვფიქრობ, კალიფორნიაში ცხოვრობს. ის ავადმყოფია, ძალიან ავადმყოფი.

„ერთი ოფიცერი დაიჭრა, მაგრამ გადაარჩინა იმ ფაქტმა, რომ მას აშკარად ძალიან კარგი ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა. მას ძალიან ახლო მანძილიდან ესროლეს ძალიან ძლიერი იარაღიდან და ჟილეტმა თავისი საქმე გააკეთა. ახლახან ვესაუბრე ოფიცერს და ის შესანიშნავად გრძნობს თავს, შესანიშნავ ფორმაშია.

„ვინ გააკეთებდა ამას, თუ არა ავადმყოფი? ვფიქრობ, რომ თქვენ მის შესახებ ყველაფერს გაიგებთ. როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ ის მარტო მოქმედებდა და მეც ამას ვგრძნობ.

„ჩვენ განვიხილეთ ყველა ის პირობა, რაც დღეს საღამოს მოხდა და ვიტყვი, რომ იცით, ეს არ არის განსაკუთრებით უსაფრთხო შენობა და არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ სწორედ ამიტომ უნდა გვქონდეს თეთრ სახლში ყველა ატრიბუტი. მათ ეს საბანკეტო დარბაზი 150 წლის განმავლობაში სურდათ მრავალი მიზეზის გამო, მაგრამ დღეს ცოტა განსხვავებულია, რადგან დღეს ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების ისეთი დონე, როგორიც ალბათ აქამდე არავის უნახავს", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

  •  თავდამსხმელი 31 წლის რეპეტიტორი აღმოჩნდა, რომელიც აბიტურიენტებს კოლეჯის გამოცდებისთვის ამზადებდა.

საინტერესოა, რომ სროლა იმავე სასტუმროში მოხდა, სადაც 1981 წლის 30 მარტს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი დაჭრეს. ეს სროლა მოხდა. თავდამსხმელმა ჯონ ჰინკლი უმცროსმა რეიგანს მაშინ ესროლა, როცა ის სასტუმროში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ლიმუზინში ჯდებოდა.

რეიგანი გადარჩა, თუმცა მძიმედ დაიჭრა. პრეზიდენტის ლიმუზინის კორპუსიდან ასხლეტილი ტყვია მას მკერდში მოხვდა, ნეკნი მოტეხა და ფილტვი დაუზიანდა. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საავადმყოფოში, საიდანაც საბოლოოდ 11 აპრილს გაწერეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×