
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის ყოველწლიურ მიღებაზე მომხდარ სროლას ეხმაურება.
"უმკაცრესად ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას. მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა იქ მყოფი უსაფრთხოდ არიან", - წერს ირაკლი კობახიძე.
ცნობისთვის, სასტუმროში, სადაც დონალდ და მელანია ტრამპები ჟურნალისტებთან ერთად ვახშმობდნენ, ცეცხლი გახსნეს. თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე მყოფი ამერიკის პრეზიდენტის, პირველი ლედის, ვიცე-პრეზიდენტის და ადმინისტრაციის წევრების ევაკუაცია დაუყოვნებლივ განხორციელდა. საიდუმლო სამსახურმა და აშშ-ის უსაფრთხოების სხვა ორგანოებმა ალყა შემოარტყეს სასტუმროს საბანკეტო დარბაზს, სადაც 100-ზე მეტი ადამიანი ტრამპის გამოსვლას ელოდებოდა.
მოტივი უცნობია, თავდამსხმელი დაკავებულია. ის 31 წლის კოულ ტომას ალენია, რომელიც კალიფორნიაში ცხოვრობს. მედია წერს, რომ ის ტორენსში მასწავლებელი იყო და ვიდეო-თამაშებიც ქმნიდა. მსროლელის ფოტო სოციალურ ქსელში მოგვიანებით, თავად დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, საქმის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.