
მოლაპარაკებები ირანსა და ამერიკას შორის კიდევ ერთხელ ჩაიშალა. შეხვედრა, რომელიც ხვალ პაკისტანში უნდა გამართულიყო, გაუქმდა. მიზეზად ამერიკის პრეზიდენტი ირანის ხელისუფლების შიგნით არსებულ უთანხმოებას ასახელებს.
ირანის ხელისუფლებაში არსებულ განხეთქილებაზე წერს ამერიკული მედიაც. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, დაპირისპირება ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა და მთავრობის გავლენიან მაღალჩინოსნებს შორის მიმდინარეობს.
წყაროების ცნობით, უთანხმოების მთავარი მიზეზი ბირთვული პროგრამაა. გუშაგთა კორპუსი კომპრომისს გამორიცხავს და მოითხოვს, ეს საკითხი მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან საერთოდ მოიხსნას. ოფიციალური თეირანი შიდა დაპირისპირების არსებობას უარყოფს.
ანალიტიკოსების შეფასებით, მდგომარეობას ართულებს მმართველობით შტოებს შორის ძალთა ბალანსის რღვევა. ფორმალურად, ირანის უზენაეს ლიდერად კვლავ მოჯთაბა ხამენეი რჩება, თუმცა მისი საჯარო აქტივობა შემცირებულია, რასაც ხშირად ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირებენ.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი. ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომლის გახანგრძლივებაც დონალდ ტრამპმა ამ კვირაში დაადასტურა. მიუხედავად ამისა, დაძაბულობა რეგიონში არ მცირდება - ამერიკა აგრძელებს ირანის საზღვაო პორტების ბლოკირებას, ირანი კი ინარჩუნებს კონტროლს ჰორმუზის სრუტეზე, რაც გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასზე ნეგატიურად აისახება.