რეზონანსი
27.04.2026

ევროკავშირის ელჩს იმის ახსნა მოუწევს, რას გულისხმობს, როდესაც ქვეყანასა და ხალხს წარსულში დაბრუნებით ემუქრება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ,  დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, პაველ ჰერჩინსკიმ „ყოველგვარ ზღვარს გადაცილებული, დიპლომატიასთან საერთოდ არანაირი კავშირის მქონე“ განცხადება გააკეთა.

„თავადვე ბრძანა – სამოქალაქო ომი, სიღარიბე, სიღატაკე, თუ კონკრეტული მითითებების შესრულება არ მოხდება, რაც ბრიუსელიდან მომდინარეობს. ეს იყო ყოველგვარ ზღვარს გადაცილებული, დიპლომატიასთან საერთოდ არანაირი კავშირის მქონე განცხადება, რაც პირდაპირი ტექსტით გულისხმობს ქართველი ხალხის მიმართ მუქარას. აქ კიდე ერთხელ ჩანს და იშიფრება, რომ ქართველი ხალხის არჩევანი, ჰყავდეს ეროვნული ხელისუფლება, არ არის მისაღები კონკრეტული ძალებისთვის, მათ შორის იმ ძალებისთვის, ვისაც ჰერჩინსკი წარმოადგენს. ამ დიპლომატის მხრიდან მუდმივად ხდება – ზეწოლა, მუქარა, ვენის კონვენციის ფეხქვეშ გათელვა მაშინ, როდესაც ეს მუქარა ასე ხაზგასმით გაჟღერდა საზოგადოების მიმართ. შესაბამისად, ბატონი ჰერჩინსკი მიბრძანდეს და აუხსნას როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ასევე სრულიად ქართველ საზოგადოებას, რომელიც სავსებით სამართლიანადაა აღშფოთებული ამ განცხადებით, თუ რა იგულისხმა იმ ტექსტში, რაც ყველამ მოვისმინეთ“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×