რეზონანსი
27.04.2026

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღეს მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა. აღნიშნულის შესახებ დასკვნა დავით მათიკაშვილმა წარადგინა. საკითხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს.

"მთავრობის ხელმძღვანელის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება და პარლამენტში შესაბამისად იქნება წარმოდგენილი კანონპროექტი, რომლის შესაბამისად სამთავრობო სტრუქტურა განიცდის ცვლილებას და იქმნება ძალოვან სტრუქტურებთან მაკოორდინირებელი სახელმწიფო მინისტრის პორტფელი, რომელიც ამავდროულად იქნება ვიცე-პრემიერი. აქვე ითქვა, რომ მოაზრებული კანდიდატურა ამ პოსტისთვის გახლავთ მამუკა მდინარაძე, რომელიც სუს-ის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. ასევე ცვლილებები შეეხება შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელებს. შს მინისტრი იცვლება, როგორც მოგეხსენებათ. ასევე ცვლილება შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის პოზიციას. ბატონი მამუკა მდინარაძე იყო ძალიან ეფექტური ამ პოზიციაზე. სულ რამდენიმე თვის მუშაობის შედეგად ზღვა სამუშაო იქნა განხორციელებული. უამრავი რეფორმა ჩატარდა, უამრავი მიმართულებით გადაიდგა ადეკვატური, შესაბამისი ნაბიჯები, თუმცა სახელმწიფოს წინაშე, ზოგადად ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია ძალოვან სტრუქტურებს შორის მაკოორდინირებელი ფუნქციის გაჩენა სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების რგოლში. ალბათ, უკონკურენტოა ამ შემთხვევაში მამუკა მდინარაძის კანდიდატურა. ეს მოცემულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ ამ კვირაში მოგვიწევს პარლამენტში სხვა საკითხებთან ერთად მუშაობა. დაჩქარებული წესით განვიხილავთ შესაბამის კანონპროექტს, რომელიც იქნება მთავრობიდან წარმოდგენილი," - განაცხადა მათიკაშვილმა.

სამთავრობო ცვლილებების შესახებ განცხადება 21 აპრილს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. ცვლილებების თანახმად, მამუკა მდინარაძემ ვიცე- პრემიერისა და ასევე ახალი სამინისტროს-სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა უნდა დაიკავოს. სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გეკა გელაძეა წარდგენილი, ხოლო შს მინისტრის თანამდებობაზე აჭარის ავტონომიური მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელი, სულხან თამაზაშვილია წარდგენილი.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დასკვნას მხარი დაუჭირა. საკითხს კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×