თამთა ჩაჩანიძე
27.04.2026

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციური ალიანსი ჩამოშლის პირასაა, თავად ოპოზიციურ ფლანგზე აცხადებენ, რომ ურიერთგაშავების კამპანია მიდის, რაც რთული პროცესია. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთ პირობებში ალიანსი ერთობის შენარჩუნებას ვერ შეძლებს, ნაწილი ანალიტიკოსებისა კი აღნიშნავს, რომ არ დაიშლება და მაქსიმუმ ენმ გამოეყოს.

როგორც ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, ალიანსში ერთმანეთის შურთ და ყველას ლიდერობა უნდა, ასე კი ერთიანობის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ.

"უკანასკნელ 14 წელიწადში ვერ დავითვალეთ რამდენჯერ დაიშალნენ და გაერთიანდნენ. ისინი მხოლოდ საკუთარი თავების გაცოცხლების იმიტაციას ქმნიან, მეტი აქ არაფერია. მათ ერთმანეთი სძულთ, ერთმანეთის შურთ, ასე კი ალიანსი ერთიანობის შენარჩუნებას როგორ შეძლებს? ისინი არავითარ რეალურ ძალას არ წარმოადგენენ, საქართველო სძულთ, ამას ამტკიცებს მათ მიერ გაკეთებული განცხადებები.

  • ედიშერ გვენეტაძე: "მხოლოდ საკუთარი თავების გაცოცხლების იმიტაციას ქმნიან... მათ ერთმანეთი სძულთ, ერთმანეთის შურთ, ასე კი ალიანსი ერთიანობის შენარჩუნებას როგორ შეძლებს?"

"მაგალითად გივია თარგამაძის ნათქვამი, რომ თითქოს საქართველოში ტერორისტთა უნივერსიტეტებია, ეს იმას ნიშნავს რომ საქართველო დაბომბეთო. ასევე, სამწუხაროდ ჩვენი გენშტაბის უფროსი ვინმე ვახტანგ კაპანაძე ამბობდა, რომ საქართველოში ყველაზე მეტად დაუცველი ადგილები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მონაკვეთიაო, ეს იმას ნიშნავდა, რომ ბორჯომის ხეობისთვის დაერტყათ.

"ესაა მათი სახე და ასეთები ვერავითარ შემთხვევაში ქართველი ხალხის ნების გამომხატველები ვერ იქნებიან. უმჯობესია პოლიტიკურ არენას მოსცილდნენ",- აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ სირთულეების მიუხედავად ალიანსი არ დაიშლება და მაქსიმუმ ენმ გამოეყოს, თუმცა ეს ალიანსის იმიჯზე კარგად არ აისახება.

"ვფიქრობ, სირთულის მიუხედავად ოპოზიციური ალიანსი არ დაიშლება, რადგან მაინც ალიანსის წევრებს საერთო პრობლემები აწუხებთ და საერთო ღირებულებები გააჩნიათ. იმის ალბათობა არის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ალიანსს გამოეყოს, მაგრამ დაშლის არა.

  • ნიკა ჩიტაძე: "სირთულის მიუხედავად, ოპოზიციური ალიანსი არ დაიშლება... გასვლა-არგასვლის საკითხზე თავად ენმ-შიც დისკუსია მიდის და უფრო მგონია, რომ არ უნდა დატოვოს... თუ ენმ გამოეყო, ეს ალიანსის იმიჯზე კარგად არ აისახება"

"თუმცაღა, იმედია, რომ არც "ნაცმოძრაობა" არ გამოვა საბოლოო ჯამში. ალიანსიდან გასვლა-არგასვლის საკითხზე თავად პატიაშიც აზრთა სხვადასხვაობაა, დისკუსია მიდის და უფრო მეტად მგონია, რომ არ უნდა დატოვოს. თუ ენმ გამოეყო, ალიანსი გარკვეულ რეიტინგს და მხარდამჭერებს დაკარგავს, რადგან სამი თვეც არ გასულა რაც შეიქმნა და უცებ რომ პარტია გამოეყოს, ეს იმიჯზე კარგად არ აისახება",- განაცხადა ჩიტაძემ.

რაც აცხადებენ ალინასსა და ხელისუფლებაში

"კოალიცია ცვლილებების" ლიდერი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ოპოზიციაში მისთვის სრულიად გაუგებარი ურთიერთგაშავების კამპანია მიდის.

"შევხედოთ, ჩემთვის სრულიად გაუგებარ, ურთიერთგაშავების კამპანიას ოპოზიციაში, მარტო ალიანსში არა, მაგრამ განსაკუთრებით ალიანსის მიმართ და არა მხოლოდ შიგნით, ვგულისხმობ, სხვების განცხადებებსაც და მეორე მხრივ, შევხედოთ პროტესტში რა ხდება - ურთიერთდაჭმა, ასევე. ასეთი რაღაცები, თან ასე ურთიერთდამთხვევით დროში და თითქმის თემებსა და მეთოდებშიც, არასდროს არ ხდება შემთხვევით.

"ადამიანები, რომლებიც ვიბრძვით მომავლისთვის, არ შეიძლება წარსულში ჩაბრუნებული მზერით ვიყოთ მუდმივად. ჩვენ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, ვიდრე ჩვენი ნერვებისა და გულის მოფხანაა. ალიანსში პროცესები რთულია, მე კიდევ განვმეორდები და ვიტყვი, რომ არავის არ ეგონა, რომ ცხოვრება მარტივი იქნებოდა, არც ახლა არ მგონია, ერთადერთი რაზეც ვფიქრობ, არის ის, რომ ალიანსი შენარჩუნდეს, ეს არის ჩემი ამოცანა.

"მე არ მომიგონია ეს ალიანსი, მე რომ გამოვედი, დამხვდა იმ შემადგენლობით და იმ სურვილით, რომ ეს ხალხი ყოფილიყო ერთად. ალიანსის შექმნისთანავე იყო იმისი საფრთხე, რომ ვერ შენარჩუნებულიყო, იმიტომ, რომ უამრავი ისეთი ადამიანია, რომელიც იქ მოხვედრამდე უბრალოდ გამარჯობას არ ეუბნებოდა ერთმანეთს, მაგრამ თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში, იმიტომ, რომ სხვა გზა ერთიანად ამ ქვეყნისა გამოყვანისა ამ პრობლემიდან უბრალოდ არ არსებობს.

"ყველას მინდა შევახსენო, რომ ჩვენს კოალიციას აბრალებდნენ თითქოს 2024-ში არ შედგა ერთობა. აი, ეს რომ მომხდარიყო წინასაარჩევნო კამპანიაში, როგორი საარჩევნო კოლაფსი იქნებოდა, ყველამ იფიქროს ამაზე", - განაცხადა გვარამიამ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა კი განაცხადა, რომ "ოპოზიციური ალიანსის" მოქმედებები ქართველი ხალხის და საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული.

"ეს ალიანსიც ფარსი იყო და მალევე ჩამოეშალათ. რა თქმა უნდა, ესენი არიან "ნაცმოძრაობის" სხვადასხვა მიმართულებები, რომლებიც საკუთარ ბელადსაც უჯანყდებიან. ბუნებრივია, რომ მიხეილ სააკაშვილის ყველაზე ფუნდამენტალისტი მიმდევრები ახლა კატეგორიული მესიჯებით გამოდიან და ალიანსის დანარჩენ წევრებთან, რომლებიც თითქოს, აჯანყებულებად გვევლინებიან, განსაკუთრებულ დაპირისპირებაში მოდიან.

"თავისთავად, მოძალადე ადამიანების ეს პოლიტიკური დაჯგუფება არის ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არც ერთმანეთთან არიან ჰარმონიაში. იმაზე უკვე აღარ ვსაუბრობ, რომ მათი მოქმედებები ქართველი ხალხის და მთლიანად საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული", - განაცხადა წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×