
მიმდინარე კვირის ოთხშაბათს იქნება მეორე და მესამე მოსმენები და უკვე მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში ცვლილება შევა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, "ქართული ოცნების" გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.
ირაკლი კირცხალიას თქმით, მიმდინარე სასესიო კვირა საკმაოდ დატვირთული იქნება.
"მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში შევა ცვლილება, სადაც დაემატება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. კერძოდ, სამართალდამცველი უწყებების კოორდინირების კუთხით, რომელ პოზიციასაც, როგორც პრემიერის ბრიფინგიდან მოვისმინეთ, დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე. ასევე, ის დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას მთავრობის ადმინისტრაციაში.
ეს ცვლილება დღეს უკვე პირველი მოსმენით გავიდა საკომიტეტო მოსმენაზე, ხვალ იქნებ პირველი მოსმენა იქნება პლენარულზე და ოთხშაბათს იქნება მეორე და მესამე მოსმენა, სადაც უკვე ეს ცვლილება შევა მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში", - აღნიშნა კირცხალიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში ცვლილებას დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.