რეზონანსი
27.04.2026

 გეოპოლიტიკური გამოწვევებითა და კრიზისებით სავსე რეგიონში, საქართველოს უსაფრთხოებასა და დაცულობაზე ზრუნვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია, რომელიც მზადაა, სახელმწიფო მინისტრის უმაღლეს თანამდებობაზე მხარი მამუკა მდინარაძის კანდიდატურას დაუჭიროს. სახელისუფლებო პარტიაში ფიქრობენ, რომ მდინარაძეს დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილება გააჩნია, რომელიც სუს-სა თუ პარლამენტში არაერთხელ გამოავლინა. შესაბამისად, ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციის კუთხით მას უმნიშვნელოვანესი როლი ექნება. ვიცე-პრემიერის რანგში კი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება მმართველი გუნდისთვის დამატებით გაძლიერებას ნიშნავს.

მამუკა მდინარაძისთვის სუს-ის უფროსის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, მისივე მოთხოვნით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. ამ პოსტს მალე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, გეკა გელაძე დაიკავებს. საქართველოს კანონში მთავრობის სტრუქტურის შესახებ, ცვლილებებზე კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა. ოპოზიციის ნაწილის მტკიცებით, სახელმწიფო მინისტრს აპარატი არ ეყოლება, რაც ფუნქციას უმცირებს. ოპონენტებს დღეს არსებული პრაქტიკა მადლიერების წევრებმა და მთავრობის საპარლამენტო მდივანმა განუმარტეს. მათი თქმით, სახელმწიფო მინისტრსა და პრემიერს სრულიად მთავრობის ადმინისტრაცია ემსახურება, რაც ეფექტური საქმიანობის წინაპირობაა.

მამუკა მდინარაძის კანდიდატურის მხარდაჭერას აპირებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი. "ხალხის ძალა" ძალოვნების კოორდინაციას აუცილებლად მიიჩნევს. გახარიას გუნდში კი ამტკიცებენ, რომ ახალი პორთფელის შექმნის საჭიროება არ არსებობს.

ოპონენტების ნაწილს ნაციონალური მოძრაობის იდეურ მოკავშირეებად მიიჩნევენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების განმარტებით, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის დანიშვნა,უსაფრთხოების სექტორს გააძლიერებს. პრემიერისა და ვიცე-პრემიერის საერთო აპარატით სარგებლობა კი, ხარჯების ოპტიმიზაციასთან ერთად ,მეტი კოორდინაციის სივრცეს გააჩენს, რაც ხელისუფლების პრიორიტეტია.

21 აპრილს გამოცხადებული სამთავრობო გადანაცვლების შედეგად, მიმდინარე სასესიო კვირას სუს-ის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტი გეკა გელაძის კანდიდატურას დაამტკიცებს, სახელმწიფო მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობას კი მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×